ქართველი ხალხი რომ პუნქტუალობით, გამოვირჩევით ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ქართველებს არ გვიყვარს შეხვედრაზე დაგვიანება და ნურც ნურავინ დაგვწამებს ცილს. აბა, დანიშნულ ადგილას დანიშნულ დროზე 10–15 წუთით გვიან მისვლა რა დაგვიანებაა. აი, დაგვიანება უკვე ნახევარი საათის გადაცილებაა.
დღეს, 7 ნოემბერს თსუ–ს მერვე კორპუსის სააქტო დარბაზში ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის თვითმართველობის ორგანიზებით ჩატარდა კონცერტი, რომელიც ქართული გაგებითაც კი დანიშნულ დროზე საკმაოდ გვიან დაიწყო. მართალია, ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ დაწყება ცოტა გვიანდებოდა, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ სავსე დარბაზიდან მაინც გაისმა უკმაყოფილო შეძახილები. (ალბათ, დაიღალნენ ლოდინით და ღია სცენაზე რეპეტიციების ყურებით, რომელიც, წესით, მანამდე უნდა გაევლოთ და იმ დროისთვის კარგა ხნის დამთავრებული ყოფილიყო).
40 წუთის ლოდინის შემდეგ ასე „ნანატრი“ კონცერტიც დაიწყო. მართალია, თავიდან წამყვანებს „ცოტა“ გაუჭირდათ აფორიაქებული დარბაზის დაწყნარება, მაგრამ შემდგომ ყველაფერი კარგად გაგრძელდა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. მონაწილეებმა ასევე წაიკითხეს ლექსები, ხოლო გიტარაზე შესრულებულმა სიმღერებმა, თუ მთელი არა, დარბაზის ნაწილი მაინც აიყოლია.
ვინ იცის, იქნებ მომავალში თუ დროულად დაიწყო ღონისძიება, შესაძლოა, მაყურებელთა უმრავლესობაც აჰყვეს სცენაზე გამოსულ მონაწილეებს.
ნიკა ჩერქეზია