საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი: „უნივერსიტეტებში ყოველწლიურად სულ 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს“

STUDINFO.GE EDU-ზე

„მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით, 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ეტაპობრივად მოხდება.

„თუ ჩვენ მკაცრად გავყვებით დღევანდელ რეალობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის 14 400, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთვალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევა რომ ავიღოთ – 3 600 აბარებს, მოთხოვნა არის დაახლოებით, 700 იურისტზე, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლება, ამას ანგარიში არ გავუწიოთ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ 700-იან მაჩვენებელზე არა მკვეთრად, იმისათვის, რომ არ გამოვიწვიოთ მკვეთრი წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნებსა და ჩარიცხვას შორის. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად გადასვლა ოპტიმალურ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 3 600-დან ჩამოვდივართ არა მკვეთრად 700-ზე, არამედ ჩამოვდივართ 1 500-ზე და შემდეგ ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი უკვე შესაბამისი მონაცემების დაბალანსება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არის შემთხვევები, სადაც მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე ჩარიცხულთა რაოდენობა – „თუმცა არის სხვა კუთხით პრობლემები უმაღლესი განათლების სისტემაში“.

„მაგალითად, არის შესაბამისი მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის დეფიციტი. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად, წლიდან წლამდე გავზარდოთ ჩარიცხულთა რაოდენობა ოპტიმალურ მაჩვენებლამდე. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ საჭიროა, წესით, 14 400 სტუდენტის ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობდი, საბოლოო ჯამში, 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება. შესაბამისად, 50 პროცენტით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა ჩვენ შრომის ბაზრის ანალიზმა. ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასული წლების მონაცემების თანახმად კი, ყოველწლიურად, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა, საშუალოდ 30 ათასია.

ასევე იხილეთ:

„პედაგოგიკა დეფიციტური მიმართულებაა“ – შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაცია (ვიდეო)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები