სამედიცინო მიმართულების უცხოელი სტუდენტების წვლილი მილიარდ 200 მილიონი ლარია ეკონომიკაში – პრემიერ-მინისტრის განცხადება

STUDINFO.GE EDU-ზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში 37 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მათი უმრავლესობა კი ინდოელია.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ნოემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების წვლილი, მხოლოდ სამედიცინო მიმართულებიდან, მილიარდ 200 მილიონი ლარი იყო.

„საქართველოში, დღევანდელი მდგომარეობით, არის 37 ათასი უცხოელი სტუდენტი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა ინდოელი სტუდენტები არიან, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო უნივერსიტეტებში, სამედიცინო ფაკულტეტებზე.

შეგვიძლია, ამას ცალკე ინტერპელაციის პროცედურა დავუთმოთ და განვმარტოთ, რა არის ეკონომიკური ეფექტი, ფინანსური ეფექტი იმისა, რომ გვყავს უცხოელები სამედიცინო უნივერსიტეტებში, სამედიცინო ფაკულტეტებზე, რამდენი სამუშაო ადგილი იქმნება, რამდენია წვლილი ეკონომიკაში და ა.შ.“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები