17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.
1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა ათობით სტუდენტი დააპატიმრეს.
17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს, 9 აქტივისტი კი დახვრიტეს.
ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.
საქართველოში ეს დღე 2009 წლიდან აღინიშნება. სტუდენტთა საერთაშორისო დღე პირველად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აღნიშნა.
STUDINFO.GE გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს და წარმატებულ მომავალს გისურვებთ!




