2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა, მათგან 31 704-მა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა. სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო, მათ შორის 1 000 კი, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის.
100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელთა შორისაა თბილისის 142-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ეკატერინე მღებრიშვილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
მომავალი დიპლომირებული მედიკოსი EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, რომ თვითგანვითარება მისი წარმატების ფორმულად იქცა, ახლის ძიების სურვილმა კი, სამედიცინო სფეროსთან დააკავშირა.
„სოფელში ვარ. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას დილიდან ველოდებოდი. საბოლოო შედეგების ნახვისას ბაბუა ცალკე ტიროდა და დედა – ცალკე. ყველას ძალიან გვიხარია. ჩემი წარმატების ფორმულა თვითგანვითარებაში მდგომარეობს. ბავშვობიდან ახლის ძიება მომწონდა. აბიტურიენტობისას კი დიდი გავლენა იქონიეს მასწავლებლებმა – მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი ისევე, როგორც ჩემი ოჯახის წევრებისას.
სამედიცინო სფერო მე-7 კლასიდან მაინტერესებდა და შესაბამისად, გადაწყვეტილი მქონდა, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა. ყოველთვის მაინტერესებდა ცოცხალი სამყარო და მომწონდა საგნები – ქიმია, ბიოლოგია, ანატომია. ჩემი ყველა ინტერესი გავაერთიანე და სამედიცინოზე ჩავაბარე“, – გვეუბნება 100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტი.
EDU.ARIS.GE-ს კითხვას, როგორ წარმოუდგენია სტუდენტური ცხოვრება და რას ელის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან, ეკატერინე მღებრიშვილი ასე პასუხობს:
„სტუდენტობა, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან. სამედიცინო მიმართულებაზე სწავლისას ეს პასუხისმგებლობა მით უფრო დიდია, რადგან უშუალო შეხება ადამიანის სიცოცხლესთან გაქვს. სწავლობ არა მხოლოდ იმისთვის, რომ გამოცდები ჩააბარო, არამედ იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინო. ამიტომ, მზად ვარ, მთელი შემართებით დავიწყო სტუდენტობა.
ყველა ეტაპს თავისი სირთულე აქვს. სტუდენტური ცხოვრებისას კი, ეს სირთულეები, ალბათ, გაიზრდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ შრომობ და შენი საქმე კარგად იცი, ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია. მაქვს მოლოდინი, უნივერსიტეტში გარემო იქნება ისეთი, რომ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნის მიღება გამიმარტივდება.
აქვე მინდა, ყველას, ვინც სტუდენტობა იზეიმა, ვუთხრა, რომ შრომა, რომელიც ბოლო ერთი თუ ორი წლის განმავლობაში გაწიეს, დაუფასდათ. ყველას წარმატებას ვუსურვებ“.
ასევე იხილეთ: