გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
აღნიშნულის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში – საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო“, – წერს პეტერ ფიშერი.
ელჩისვე თქმით, ქართველებმა, რომელთაც გერმანული სტიპენდიებით გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ, “ამ დანაკარგის შესახებ კარგად იციან”.
„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება. ასევე, ეს ჯერჯერობით არ ეხება ჩვენს სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს“, – აღნიშნავს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.