3 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. განცხადებას studinfo.ge უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტი არის ცოდნის ტაძარი, რომლის მთავარი მიზანი და მოვალეობა მომავალი თაობის აღზრდა და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაა, ვისთვისაც ორგანული იქნება როგორც ეროვნული, ისე საუკეთესო დასავლური ფასეულობები.
ჩვენ ქვეყნის პატრიოტები უნდა აღვზარდოთ, რომლებიც, დიდი წინაპრების მსგავსად, თვითონაც იტყვიან მნიშვნელოვან სიტყვას როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ევროპული და საერთაშორისო სივრცის განვითარებაში.
როგორც დიდი ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, „ჩვენი გზა ევროპაშია, ხოლო ხსნა – განათლებასა და წიგნიერებაში“.
ჩვენთვის დაუშვებელია სხვისი აზრის მიუღებლობა და გაუმართლებელი აგრესია.
სწორედ, დემოკრატიული ღირებულებები მოითხოვს განსხვავებული აზრის პატივისცემას და შესვლას დისკუსიასა და კამათში და არა – დაპირისპირებაში.
ჩვენთვის ძვირფასია საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას, მისი წახალისებისა და გამოწვევის ნებისმიერ ფორმას როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში შეფერხების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, სემესტრის დასრულებამდე, მათ სასწავლო კომპონენტების ინდივიდუალურად აღდგენაში მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთგულია ევროინტეგრაციის პროცესის და ღრმად სწამს, რომ, ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევითა და ქართველი ხალხის ნებით, საქართველო საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს“, – აღნიშნულია სტუ-ის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სპეციალური განცხადება აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღო.
ინფორმაციისთვის, ბოლო დღეებში საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტთა ნაწილი გაიფიცა. მათ მიერ დაორგანიზდა სტუდენტური მსვლელობებიც. პროტესტი 28 ნოემბერს საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ “მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე”.