2 დეკემბერს თბილისსა და ბათუმში სტუდენტური მსვლელობები მოეწყო. ახალგაზრდები დემონსტრანტებზე ძალადობას აპროტესტებენ და უნივერსიტეტებს სწავლის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტიდან და უნივერსიტეტიდან შეუერთდნენ პროტესტისა და გაფიცვის ტალღას, რომელიც მთელ საქართველოში ვრცელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
თსუ-ს სტუდენტებმა მაღლივთან უნივერსიტეტის ქუჩა გადაკეტეს და შემდეგ თბილისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ამას გარდა, დღეს, 2 დეკემბერს, 18:30 საათიდან, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში დაანონსებულია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკრება, 19:00 საათზე ისინი მსვლელობით გაემართებიან პარლამენტისკენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:
2 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ორგანიზებით იგეგმება მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების განცხადება:
“შეშფოთებულები ვართ იმ განსაკუთრებული სისასტიკით, რომელსაც ამ დღეებში იყენებენ ჩვენი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ვგმობთ ძალადობას დემონსტრანტებზე, რომლებიც დგანან საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე.”
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი:
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი გაიფიცნენ. მათ დილით საგანგებო ბრიფინგი გამართეს, ძალადობა დაგმეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემიის ნაწილი:
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ეზოში ასობით სტუდენტმა აქცია გამართა. მოგვიანებით, ბათუმის შოთა რუსთაველის, ხელოვნების და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების სტუდენტები საზღვაო აკადემიასთან მივიდნენ და მოუწოდეს სტუდენტებს, გამოსულიყვნენ. აკადემიის სტუდენტთა მხოლოდ ნაწილი შეუერთდა სტუდენტების მარშს.
ინფორმაციისთვის, თბილისში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ “მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე”. შემდეგ დღეებში, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.
ინფორმაცია განახლებადია.
ფოტო: „ბათუმელები“