ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 14 ნოემბერს აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც ვკითხულობთ, რომ ის უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომლის მიზანია დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ მსოფლიოში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კამპანიის ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე „ქალების მდგომარეობა“, რომელიც ეფუძნება “The Why Foundation”-ის ამავე სახელწოდების ფილმს (2016 წ.).
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
9 დეკემბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან კამპანიას გახსნის სამართლის სკოლის დეკანი გიორგი პაპუაშვილი.
17:15 საათზე გაიმართება გამარჯვებული ესეების წარდგენა და დისკუსია.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
18:30 საათზე გაიმართება ფილმის „ფემინური, მასკულინური“ ჩვენება.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
გენდერული ძალადობის აღმოფხვრის კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, რომელთა საერთო მიზანია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ადამიანის უფლებათა მიმართულების 16-დღიანი კამპანიის ღონისძიებები ეხება აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ქალების მდგომარეობას, რის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა სტუდენტი ქალი აჰუ დარიეი, რომელიც 2024 წლის 2 ნოემბერს თეირანში დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა და ნახევრად შიშველი დადიოდა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის დაცვის მხრიდან ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ჰიჯაბის არასწორად ტარების მიზეზით ორი წლის წინ, 2022 წლის 14 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ასევე დააკავა 22 წლის მაჰსა ამინი, რომელიც პოლიციელმა ცემით მოკლა. მის სიკვდილს მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა ირანში. საპროტესტო აქციებზე 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის მარტამდე დაახლოებით 22 000-მდე ადამიანი დააკავეს.