სტუდენტების ხმები არჩევნებში მონაწილე ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის მნიშვნელოვანია. საინტერესოა, რა მოთხოვნებს უყენებენ პოლიტიკურ პარტიებს ახალგაზრდები და რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც, მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად საარჩევნო უბნებზე მისულები, კონკრეტულ გრაფას გააფერადებენ? ამის გასარკვევად EDU.ARIS.GE სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ესაუბრა. ევროინტეგრაცია, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება – ეს ის ზოგადი საკითხებია, რომელთა მოგვარებასაც ახალგაზრდები, როგორც მოქალაქეები, ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებისგან ელიან. როგორც სტუდენტები კი, უმაღლეს განათლებაში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას გამოკვეთენ, რომელთა გადაჭრაც, მათთვის მნიშვნელოვანია.
თემუკა ბეიტრიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე სწავლობს, ამჟამად II კურსის სტუდენტია და ამბობს, რომ შეუძლია საფუძვლიანად გაიაზროს ნებისმიერი დაპირება თუ წინასაარჩევნო პროგრამა. მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროგრამის სიღრმესა და რეალისტურობას, რაც, მისი აზრით, პოლიტიკური ძალის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
„პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები და გეგმები, რომლებიც ეფუძნება ქვეყნის რეალურ პრობლემებს და მათი გადაჭრის შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, რომ პარტიის დაპირებები ასახავდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც აქტუალურია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ჩემი შეხედულებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე, განათლებაზე და, რა თქმა უნდა, დაკარგული ტერიტორიების საკითხზე. პარტიის პროგრამა უნდა აერთიანებდეს ამ მნიშვნელოვან გამოწვევებს და გვთავაზობდეს რეალურ, პრაგმატულ გზებს მათი გადაჭრისთვის“, – აცხადებს პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი და უმაღლესი განათლების სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხსაც ასახელებს, რომლებიც, მისი აზრით, აუცილებლად საჭიროებს ყურადღებასა და რეფორმას.
„თეორიულ განათლებაზე გადაჭარბებული აქცენტი იწვევს პრაქტიკული ცოდნის ნაკლებობას, რაც რეალურ სამუშაო გარემოშია საჭირო. სასწავლო გეგმები და მეთოდოლოგიები საჭიროებს გადახედვას, რათა მეტად იყოს ინტეგრირებული პრაქტიკული ელემენტები და მეც და ჩემი თანაკურსელებიც უკეთ მომზადებულები ვიყოთ პროფესიული გამოწვევებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინოვაციისა და კვლევითი საქმიანობის დეფიციტი. მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ნაკლებად მაქვს ეს პრობლემა, სხვა უმაღლეს სასწავლებელთა უმეტესობა ვერ ახდენს საკმარისად მძლავრი კვლევითი და ინოვაციური პროექტების გენერირებას. კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესება კი აუცილებელია, რათა საქართველომ შეძლოს საერთაშორისო და ადგილობრივ აკადემიურ მიღწევებში მეტი წვლილის შეტანა“, – განაცხადა თემუკამ.
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, ახალგაზრდა ამომრჩეველი კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას – სტუდენტთა ფინანსურ სირთულეებს შეეხო და გვითხრა, რომ მიუხედავად გარკვეული სახელმწიფო გრანტებისა თუ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებისა, ეს არ არის საკმარისი ყველა სტუდენტისთვის, სწავლის მაღალი ხარჯები მნიშვნელოვან ბარიერებს აჩენს განათლების მიღების პროცესში და ხელს უშლის ტალანტების სრულფასოვან განვითარებას.
„თითქმის არ არის სტუდენტურ გრაფიკზე მორგებული სამუშაო ადგილები. აუცილებელია, სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვა და მეტი რესურსის მობილიზება, რათა ფინანსური სირთულეები არ გახდეს დაბრკოლება განათლების ხელმისაწვდომობაში“, – აღნიშნა თემუკა ბეიტრიშვილმა.
დასაქმების პრობლემაზე საუბრობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) – ს ტურიზმის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ქეთი აბრამიშვილიც. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ის, როგორც სტუდენტი, ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიის მქონე პოლიტიკურ პარტიას უყენებს, სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაა.
„ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რომ სტუდენტმა სწავლის დასრულების შემდეგ ან სწავლის პერიოდშივე შეძლოს მუშაობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მისი და, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის შრომა სათანადო ანაზღაურებით დაფასდეს“, – განაცხადა ქეთი აბრამიშვილმა.
განათლების ხარისხის ამაღლება, სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და დასაქმება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. EDU.ARIS.GE -სთან საუბარში, არაერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ხმას მისცემენ სწორედ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამ პრობლემების გადაჭრაზე აკეთებენ აქცენტს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი, მურიკო ოკრიბელაშვილი მიიჩნევს, რომ მისი მოქალაქეობრივი ვალია არჩევანი გააკეთოს ისეთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, რომელიც ქვეყნის თავისუფლებასა და სტუდენტების ინტერესებზე მორგებულ დაპირებებს გასცემს. სტუდენტებისთვის სასარგებლო დაპირებებს შორის კი, ოკრიბელაშვილის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა.
„ძალიან რთულ პირობებში უწევთ სწავლა თბილისში რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს. აუცილებელია, რომ მათ შეეძლოთ სტუდენტური საცხოვრებლით სარგებლობა და ქირაში არ უწევდეთ დიდი ფულის გადახდა“, – განაცხადა მურიკო ოკრიბელაშვილმა და ისიც დასძინა, რომ ასევე აუცილებელია თანხების მობილიზება სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობების გარემონტებისა და თანამედროვედ აღჭურვის მიზნით.
სტუდენტების დასაქმების პრობლემაზე აკეთებს აქცენტს პირველკურსელი ნიკოლოზ მახათაძე, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს. ნიკოლოზი ზოგადად არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გვესაუბრა.
„არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი მოქალაქის ვალია. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, როგორც მოქალაქისთვის და როგორც სტუდენტისთვის. პირველ რიგში არჩევანს ვაკეთებ იმის მიხედვით, რამდენად ხელსაყრელ და საინტერესო პირობებს გვთავაზობს ესა თუ ის პარტია. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია გაიარონ ანაზღაურებადი პრაქტიკები და სწავლის პროცესში მიიღონ სათანადო გამოცდილება. ასევე, უნდა შეგვეძლოს სტუდენტური გრაფიკით დასაქმება და სწავლისა და მუშაობის შეთავსება“, – განაცხადა ნიკოლოზმა და ისიც გაგვიმხილა, რომ მისი სურვილია პოლიტიკური პარტიები უფრო და უფრო მეტად დაინტერესდნენ უმაღლესი განათლების პრობლემებით, მათი გადაჭრის რეალური გზები შემოგვთავაზონ და სტუდენტური ხელშეწყობა მათთვის პრიორიტეტი იყოს.
განათლების ხარისხის გაუმჯობესება – ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციის მქონე პოლიტიკურ პარტიებს სწორედ ამ მთავარ მოთხოვნას უყენებს მესამე კურსის სტუდენტი მარი აბრამიშვილი, რომელიც სამხატვრო აკადემიაში სამკაულისა და ლითონის დეკორატიულ გრაფიკას ეუფლება. „ჩემი აზრით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინდივიდუალურად სტუდენტზე მორგებული განათლება, რაც გამოიწვევს განათლების მაღალ ხარისხს“, – ასეთია მარი აბრამიშვილის მოსაზრება.
რეალური დაპირებები – ესაა მთავარი ფაქტორი, რისი გათვალისწინებითაც არჩევანს აკეთებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ხიზანიშვილი.
„ამჟამად, საქართველოში კრიტიკული ვითარებაა. ყველა სფეროში არის პრობლემები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას, რომ ქვეყანა განვითარდეს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხმა მივცეთ ისეთ კანდიდატს, რომელსაც ექნება რეალური გეგმა და არა ცარიელი დაპირებები“, – განაცხადა გიორგიმ და ისიც განგვიმარტა, რომ მისთვის, როგორც სტუდენტისთვის და როგორც მოქალაქისთვის, უმნიშვნელოვანესია განათლების მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
„სწორედ განათლება განაპირობებს ქვეყნის განვითარებას და მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება. შესაბამისად, ჩემთვის ის კანდიდატია მისაღები, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ამაზე ზრუნვასაც დაიწყებს, შეიმუშავებს შესაბამის რეფორმებს პრობლემების მოსაგვარებლად“, – თქვა გიორგიმ.
ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზეც, რომელთა უახლოეს მომავალში გადაჭრაც, მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია.
„მოძველებული სტანდარტები, სილაბუსები და მიდგომები სტუდენტებს არ აძლევს საკმარის ცოდნასა და განვითარებას იმისთვის, რომ თანამედროვე სამყაროში საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტი, თეორიულ განათლებასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც გვაძლევდეს და ჩვენივე სფეროში გვქონდეს დასაქმების შესაძლებლობა. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის დიდ პრობლემას ქმნის საცხოვრებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია სტუდენტები უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებლით, რათა არ უწევდეთ მონური შრომა ელემენტარული პირობების შესაქმნელად. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს რეალური სტუდენტური სამსახურები, მოქნილი გრაფიკითა და შესაბამისი ხელფასით. ამიტომ, მრავალი სტუდენტის აკადემიური მოსწრება ამ პრობლემას ეწირება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემთვის მისაღები კანდიდატი იქნება ის, ვინც ამ პრობლემებს აღმოფხვრის“, – გვითხრა გიორგი ხიზანიშვილმა.
ამავე თემაზე: