აკადემიური წერის ცენტრი 10 წლისაა – ილიაუნის და გიოტინგენის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობა

ივენთი

18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აკადემიური წერის ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრისა და გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის საერთაშორისო წერის ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილება: ორი უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრებს შორის ოთხწლიანი თანამშრომლობის ისტორია, პედაგოგიური სტრატეგიები და მომავლის პერსპექტივები“.

შეხვედრას გაუძღვებიან გიოტინგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო წერის ლაბორატორიის ხელმძღვანელები, ფილოსოფიის დოქტორები – მელანი ბრინკშულტე და ელა გრისჰამერი. ისინი ისაუბრებენ აკადემიური წერის საერთაშორისო ლაბორატორიის ისტორიისა და აკადემიური წერის სწავლების თავისებურებზე, აკადემიური წერისა და უცხო ენის სწავლების თანამედროვე გამოწვევებზე, მათ მიერ განხორციელებულ კვლევით პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

დოქტორი მელანი ბრინკშულტე არის გიოტინგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო წერის  ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი, გერმანისტი, ენის სწავლა-სწავლების მკვლევარი და საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე პედაგოგი უცხო ენის სწავლების მიმართულებით.

დოქტორი ელა გრისჰამერი, გიოტინგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო წერის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მუშაობს გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს სოციოლინგვისტიკას, დისკურსის კვლევასა და აკადემიური წერის სწავლების საკითხებს.

შეხვედრის მოდერატორია ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია როგავა.

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები