2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსზე, კურსდამთავრებულთა განაცხადების მიღება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს, 1 -ელ აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა და პროგრამის შესახებ დამატებითი განმარტება გააკეთა.
პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები, კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა განთავსდება პორტალზე HR.GOV.GE.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: ყველა საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებულს (ვინც წელს დაამთავრა), ყველა მეოთხეკურსელს, ასევე ყველა მაგისტრანტს და მათ, ვინც წელს დაამთავრა მაგისტრატურა.
როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის მსურველებისთვის მთავრი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შერჩევა განხორციელდება კურსდამთავრებულის აკადემიური მოსწრება იქნება.
“კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრება – GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი. გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა უმაღლესი მოსწრების აპლიკანტს მიენიჭება”, – განმარტავს განათლების სამინისტრო.
კურსდამთავრებულთა შერჩევა 2 ეტაპად განხორციელდება:
1. საბუთების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
„ბოლო საკითხი შეეხება ანაზღაურებად სტაჟირებას კურსდამთავრებულთათვის. ჩვენ დავასრულეთ ეს საკითხი, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამისათვის. უკვე ცხადდება კონკურსი, 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შემოტანა კურსდამთავრებულებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება. უწყებებმა, თავიანთი სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
„ჩატარდება ორ ეტაპიანი კონკურსი, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება გასაუბრებები. მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც შექმნის მათთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს. ისინი გაეცნობიან საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირებას რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
4 თვის განმავლობაში, თვიური ანაზღაურება დარიცხული 500 ლარი იქნება.
იხილეთ განათლების მინისტრის დამატებითი განმარტების ვიდეო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.