კურსდამთავრებულის თვალით დანახული ეროვნული გამოცდები 2024 – „ანუ ტრაგიკომედია ქართულად“ (+ფოტო)

სტუდZona

ერთიანი ეროვნული გამოცდები ყოველთვის გამოირჩეოდა კომიკური ისტორიებით. ანერვიულებული გამოსაცდელები და მათი მშობლები მეტწილად ახერხებენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევას და დასამახსოვრებელი ამბების შემოთავაზებას. და როგორ გამოიყურება მისაღები გამოცდები შენთვის მაშინ, როცა არც მისი მონაწილე ხარ და რამდენიმე დღეში თსუ-ის ბაკალავრის წითელი დიპლომიც უკვე ხელში გეჭირება.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის სტატუსით 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრს ბიოლოგიის გამოცდაზე ვესტუმრე.

პირველი, რაც საგამოცდო ცენტრთან თვალში მოგხვდებათ, მშობლებისა და გამოსაცდელების თანმხლები პირების სიმრავლეა. ერთ აბიტურიენტს ზოგჯერ რამდენიმე გულშემატკივარიც კი ელის საგამოცდო ცენტრთან.

იქვე შევნიშნეთ ორი ქალბატონი, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ საგამოცდო „ატრიბუტების” გაყიდვაში. EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტმა, რომელიც ადგილზე მუშაობდა, მათგან ერთ-ერთი შეარჩია წყლის შესაძენად. რიგი პოლიციელების შემდეგ მოუწია და გამყიდველი ქალის წუწუნიც მოისმინა: „ნახე, როგორ ამირიეს, ეგეც შენი პოლიციელები”, – ჩაილაპარაკა ქალბატონმა და ბოთლების შესწორება დაიწყო.

მალევე საგამოცდო ცენტრს მივუბრუნდი და გამოსაცდელების ემოციების აღბეჭდვა დავიწყე.

მომავალი ექიმები ერთმანეთს სტრესის გამკლავების მეთოდებს ასწავლიდნენ. მაგალითად, ერთი აბიტურიენტი მეორეს ბუქნების გაკეთებას სთავაზობდა და არწმუნებდა, რომ ეს ემოციების კონტროლში დაეხმარებოდა. სამწუხაროდ, მისი აზრი არ გაითვალისწინეს, შესაბამისად, ბუქნების ხილვა და მისი გადაღება ვერ მოვახერხეთ.

გამოცდამდე მომავალი სტუდენტების ნაწილი მასალას იმეორებდა, ზოგიც იჯდა და საკუთარი ემოციების დახშობას ცდილობდა, ისეთებიც იყვნენ, რომლებიც სიმღერებს უსმენდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ ან პატარა ფოტოსესიას აწყობდნენ.

იქვე მოისმენდით აღელვებული მშობლების ფრაზებს, რომლებიც შვილს გამოცდაზე შესვლამდე არიგებდნენ – „ასე მგონია ომში გიშვებ”, „თმა გაისწორე და ისე შედი”, „სწრაფად გამოსული არ დაგინახო” და სხვა მრავალი. წინა წლების მსგავსად, მშობლები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საგამოცდო პროცესში და იმაზეც წუწუნებდნენ, რომ მათთვის მოსასვენებელი სივრცეები წელსაც არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, 175-ე საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნებისმიერ ჩამოსაჯდომ ადგილას გულშემატკივრებს ნახავდით. ბევრი მათგანი რამდენიმე საათი ფეხზე მდგომი ელოდა შვილებისა თუ მეგობრების გამოსვლას.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი ტრენდი თვის დასაწყისშივე გამოიკვეთა. არც ბიოლოგიის გამოცდა აღმოჩნდა ამ მხრივ გამონაკლისი, ნაკრების მაისური აქაც ვიხილეთ.

გამოცდის დაწყებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც საგამოცდო ცენტრიდან სასწრაფოს ექიმი გამოვიდა და ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობლების ძებნა დაიწყო. როგორც თავად თქვა, აბიტურიენტს შესვლამდე სათვალე დავიწყებია. უსაქმოდ დარჩენილი მშობლები მაშინვე წამოდგნენ და აქტიურად დაიწყეს აბიტურიენტის გვარ-სახელის ძახილი. „უპოვეთ რამენაირად, სათვალე უნდა ბავშვს!”. ამან კიდევ ერთი რამ დაადასტურა – მიუხედავად იმისა, რომ გამოსაცდელების უმრავლესობა უკვე სრულწლოვანია, მათ მშობლები მაინც ბავშვებად აღიქვამენ.

შესრულდა სამი საათი და გამოცდაც დაიწყო. 15:06-ზე კარისკენ მიმავალი აბიტურიენტი შევნიშნეთ, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამოცდაზე ერთი დაგვიანებელი უკვე გვყავდა. მალევე, ჩრდილში საგულდაგულოდ მოწყობილმა მშობლებმა ხმამაღალი საუბარი დაიწყეს. აბიტურიენტს კიცხავდნენ დროულად არ მოსვლის გამო და მას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებდნენ. ამის მიუხედავად, აშკარა იყო, რომ მისი ბედი ყველას ადარდებდა და სიტუაციაც დაიძაბა.

ჩვენი ჟურნალისტი მიუახლოვდა დაგვიანებულს, რათა მიზეზები გაერკვია. როგორც აღმოჩნდა, გოგონა მეთერთმეტეკლასელი იყო და გამოცდებში მონაწილეობას მხოლოდ გამოცდილებისთვის იღებდა. ამ ინფორმაციის ხმამაღლა გაჟღერების შემდეგ, ერთიანი ამოსუნთქვის ხმა გავიგონეთ და იქვე კომენტარები: „უჰ, რაღას გვანერვიულე”, „წადი, შვილო, სახლში მაშინ, არ გაგვიხეთქა გული?!” და „კიდევ კარგი, გადავრჩით!”

პირველი აბიტურიენტი გამოცდიდან 20 წუთში გამოვიდა. როგორც ჩანს, მისი იმედი მომლოდინე ხალხს არ ჰქონია, ამიტომ კითხვებით არ შეუწუხებიათ. მხოლოდ მეგობარმა ჰკითხა, რა იყო, რა გეჩქარებოდაო. „მეძინებოდა”, – უპასუხა აბიტურიენტმა. მეორე გამოსაცდელმა, რომელმაც საგამოცდო ცენტრი დატოვა, მშობლებისგან მეტი „ნდობა” დაიმსახურა და ამოუწურავი რაოდენობის კითხვებსაც უპასუხა.

წარმატებული სტუდენტობა აბიტურიენტებო!

მოამზადა ზანდა გედენიძემ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები