“ვფიქრობ, აგვისტოს დასაწყისს არ გასცდება კონკურსის გამოცხადება, რომ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის თვითმართველობები ქვეყნის მასშტაბით მოვიცვათ”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, 16 ივლისს კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა პირდაპირ ეთერში განმარტა რა ეტაპზეა კონკურსის გამოცხადების პროცესი, ვინ გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას და რამდენი ლარით განისაზღვრება შერჩეული კურსდამთავრებულების ანაზღაურება.
გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, წელს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრებს შეეძლებათ – მათ, ვინც წელს დაამთავრა და დიპლომი ხელში ექნებათ. მინისტრს რწმუნებით, შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ, ნებისმიერი სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში თავიანთი პროფესიებით დასაქმდნენ.
რამდენი ლარით ანაზღაურდება სტაჟიორის საქმიანობა
“ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 500 ლარი დარიცხული, თუმცა ამაზე პრეზენტაციას პრემიერ- მიინისტრი თავად გამართავს. სრულად მობილიზებულია ის ფინანსური რესურსები, რომელიც სტაჟიორების ადგილების რაოდენობას – 3000 ადგილს სრულად დააკმაყოფილებს. ამ ბიუჯეტის მოცულობა უკვე განსაზღვრულია ყველა სამინისტროსთვის. ეს არის საპილოტე რეჟიმში და ყოველწლიურად მიეცემათ სტუდენტებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობა”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
შეგახსენებთ, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის დროს გახდა ცნობილი. 4 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე სტუდენტების შერჩევა მიმდინარე წლის ივლისის თვიდან უნდა მომხდარიყო. განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ჯერ კიდევ პროექტის პარლამეტში ინიცირებისას აღნიშნა, რომ საუბარი იყო 400-500 ლარზე, თუმცა დათქმა ჰქონდათ, რომ დეფიციტურ პროფესიებთან მიმართებით, თუ უწყებას ამის საშუალება ექნებოდა ანაზღაურება დაახლოებით 1000 ლარამდეც გაეცათ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 16 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: “საქართველოს მთავრობამ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა. პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მკაფიო საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალგაზრდებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ. პროექტის დეტალებზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება. პროგრამა 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს”.
ასევე იხილეთ:
,,თუ ახალგაზრდას ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა უნდა, დიპლომი ხელში უნდა ეჭიროს“ – ახალი დეტალები და მინისტრის განმარტება ვადებზე
ცნობილია რა მთავარი კრიტერიუმით შეირჩევიან კურსდამთავრებულები ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის – „მზად ვართ, ძალიან ბევრი დავტოვოთ სამსახურში“