თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერ პროგრამაზე, რომელზეც 50 000 ლარის დაფინნასების მოპოვებაა შესაძლებელი, რეგისტრაციას აცხადებს. ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნესმოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას.
პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია დაფინანსდეს სოციალური მისიის მქონე პროექტები, მათ შორის: მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე-ბარების, სასწავლო ცენტრების, გასართობ-სარეკრეაციო ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, საპროექტო განაცხადის შევსება დღეიდან 15 მაისამდე იქნება შესაძლებელი, განახლებული პირობებით. კერძოდ, ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეეძლება, მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მოიპოვოს დაფინანსება 50 000 ლარის ოდენობით.
“ვიცი, რომ აღნიშნული პროგრამით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. წინა წლებშიც ბევრი მსურველი იყო. მზად ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ იდეების განხორციელებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროგრამის შესახებ, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ვებგვერდზე.