ურბანული სპორტის სახეობების განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, 20-21 აპრილს, „ურბან ფესტი” ჩატარდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის ინფორმაციით, ფესტივალი ლოკაცია დედაენის ბაღი იქნება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება: სპორტული შეჯიბრები, სახალისო თამაშები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; იფუნქციონირებს კვების ზონები. ასევე, ფესტივალის დასასრულს გაიმართება ღონისძიების დახურვის ცერემონია.
ფესტივალზე მისული სტუმრები ორი დღის განმავლობაში შეძლებენ, ჩაერთონ მათთვის საყვარელი სპორტული სახეობების შეჯიბრებში, იხილონ სახალისო სპორტული შოუ-პროგრამა და მოუსმინონ ქართველ მუსიკოსებს.
“ჩვენ ბევრი მსგავსი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რადგან სპორტი, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. მსგავს პროექტებს ყოველთვის ექნება ჩვენგან დიდი მხარდაჭერა”, – აღნიშნა თბილისის მერმა.