უნივერსიტეტში ფინალური გამოცდების დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის არდადეგები დაიწყო. სწორედ ახლაა დასვენების და გაზაფხულის სემესტრისთვის ძალების აღდგენის დრო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში სტუდენტებს სწავლის გარდა სხვა მრავალი ვალდებულებაც აქვთ.
STUDINFO.GE დაინტერესდა როგორ ისვენებენ სტუდენტები, ან ისვენებენ კი საერთოდ? თუ სტუდენტური არდადეგები მათთვის უბრალოდ ფორმალობაა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, გურამ მუმლაძე დასვენების ნაცვლად ორ სამსახურში მუშაობს. გვიხსნის, რომ მეორე სამსახური დროებით, სალექციო პროცესის დასრულებისას დაიმატა, გამოცდებიც ორი სამსახურის პარალელურად ჩააბარა და ახალი სემესტრის დაწყებამდე ასე აპირებს, მერე კი დამატებითი სამსახურის საათებს სწავლას დაუთმობს.
„თბილისში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, არ მიწევს ქირის გადახდა და კომუნალურებზეც, ძირითადად, მშობლები ზრუნავენ, თუმცა არსებობისთვის მუშაობა მაინც მიწევს. წარმომიდგენია როგორია იმ სტუდენტების გრაფიკი, რომლებიც ქირით ცხოვრობენ და სხვა ბევრი ვალდებულებაც აქვთ, ჩემ ირგვლივ ასეთი უამრავი ადამიანია. ჩვენ, სტუდენტები ვმუშაობთ მიმტანებად, მოლარეებად, კონსულტანტებად, მშენებლობაზეც კი ვმუშაობთ და არდადეგებისთვის კი არა, ზოგჯერ სახლში მისვლისა და მეცადინეობის დროც არ გვაქვს“, -ამბობს რესპონდენტი.
გავესაუბრეთ ისეთ სტუდენტსაც, რომელიც თვიური ანაზღაურების ნახევარზე მეტს ქირასა და კომუნალურ გადასახადებში იხდის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელი, თაკო ბაკარანძე გვეუბნება, რომ საუნივერსიტეტო არდადეგებს მუშაობაში ატარებს, ასე იყო ზაფხულშიც, რის გამოც რეგიონში მშობლებთან ჩასვლა მხოლოდ ერთი კვირით მოახერხა. სტუდენტი ხაზს უსვამს, რომ დასვენებას ხელს უშლის არათუ სამსახურის არსებობა, არამედ ამ სამსახურში უსამართლო პირობები, მათ შორის შვებულების არარსებობა.
„შვებულება, ისევე როგორც სტუდენტზე მორგებული გრაფიკი, ზოგიერთ კერძო დაწესებულებაში ფორმალობაა, რადგან მათ ფაქტობრივად შემცვლელი კადრიც არ ჰყავთ და ზედმეტ ხარჯებსაც ერიდებიან. მიზერულ ხელფასს იხდიან და დასვენების უფლებაც არ გვაქვს. ასე რომ არ იყოს ავიღებდით სტუდენტები შვებულებას ჩვენთვის სასურველ დროს, პირადად მე ახლა ავიღებდი, რომ სწავლისა და მუშაობისგან ერთდროულად დამესვენა“.
გამოცდების დასრულება არდადეგების დაწყებას არ ნიშნავს არამხოლოდ ბაკალავრების, რომლებიც პროფესიას ახლა ეუფლებიან, არამედ მაგისტრანტებისთვისაც, რომლებსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ერთი დიპლომი უკვე აქვთ და ახლა აკადემიური ხარისხის ასამაღლებლად სწავლობენ.
ასეთ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნება თსუ-ის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი, დიმიტრი შავლოხაშვილი, რომელიც გვეუბნება, საქართველოში სტუდენტთა დიდ ნაწილს არდადეგები არ აქვს, ამის უმთავრესი მიზეზი კი მისი აზრით ისაა, რომ საკუთარი პროფესიით შესაფერისი სამსახურის პოვნას ვერ ახერხებენ, შედეგად კი, ფინანსური საჭიროებებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, შეუსაბამო პირობებში უწევთ მუშაობა, რაც ხელს უშლის, როგორც მათ დასვენებას, ისე სწავლასაც.
„როცა საკუთარი პროფესიით მუშაობ და იმას აკეთებ რაც გიყვარს, თან შენი უფლებებიც დაცულია, ნაკლებადაც იღლები და სწავლის მოტივაციაც მეტად გაქვს. ჩემი პროფესიით რომ ვმუშაობდე, ნორმალური პირობები მექნებოდა და ამ არდადეგებზე დასვენებას შევძლებდი“, -ამბობს სტუდენტი.
წინა რესპონდენტების მსგავსად, არდადეგები არ აქვს თსუ-ის კიდევ ერთ მაგისტრანტს, მარიამ ხარძიანს. ის გვიყვება, რომ ერთეულ სტუდენტებს შეუძლიათ დრო მხოლოდ სწავლასა და დასვენებას დაუთმონ, უმეტესობას კი, ისევე როგორც მას, სწავლის გარდა უამრავი საქმის კეთება, მათ შორის არასასურველ სამსახურში მუშაობა უწევს.
მარიამიც გვიხსნის, რომ არდადეგების არქონის მიზეზი სამსახურია. მეტიც, იხსენებს, რომ ზაფხულის არდადეგებზე ძირითად სამსახურთან ერთად, არაანაზღაურებად სტაჟირებასაც გადიოდა და დასვენება ფაქტობრივად ვერ მოახერხა.
„საქართველოში მცხოვრები სტუდენტებისთვის უცხო ხილი არ არის, სწავლობდეს, მუშაობდეს და ამასთან სამსახურისთვის, ასევე პროფესიული კუთხით დახელოვნების – სტაჟირების მიზნით, ერთდროულად რამდენიმე საქმის აკეთებდეს. გამონაკლისი არც მე ვარ. საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, ძნელია მხოლოდ მშობლებისგან ელოდო დახმარებას მაშინ, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა მინიმალურ მაჩვენებელს უახლოვდება და საშუალო შემოსავლიანი ოჯახებიც კი ძნელად საპოვნელია ქვეყანაში“, – გვეუბნება მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი.
თსუ-ის IV კურსის დასაქმებული სტუდენტი, ლაიდა მაჭარაშვილი კი გვიყვება, დიდი მონდომებითა და სამსახურთან შეთანხმებით, ფინალური გამოცდების დასრულების შემდეგ, დასვენებას ახერხებს.
„არდადეგებისთვის მზადება დიდი ხნის წინ დავიწყე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ აუცილებლად მჭირდებოდა განტვირთვა და როგორმე უნდა მომეხერხებინა. მენეჯერი გავაფრთხილე და შევუთანხმდი თანამშრომლებს, რომლებიც ამ დღეებში ჩემ ნაცვლადაც იმუშავებენ, შემდეგ კი მე ვიმუშავებ მათ ცვლებში“, – ამბობს მეოთხეკურსელი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 249,7 ლარია, ხოლო საშუალო მომხმარებლის 221,1 ლარი. ამავდროულად, საქართველოში საშუალო ხელფასი ბოლო მონაცემებით 1855,4 ლარამდე გაიზარდა.
ჩვენი რესპონდენტები კი მზარდ ხარჯებს, დაბალ ანაზღაურებასა და შეუსაბამო სამსახურს უმთავრეს პრობლემებად ასახელებენ, რომელთა გამოც მათთვის სტუდენტური არდადეგები არ არსებობს.
ავტორი: თამუნა კირკიტაძე