ყოველწლიურად, უამრავი ახალგაზრდა, რეგიონიდან დედაქალაქში განათლების მიღების სურვილით ჩამოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდებისთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა თბილისშია, სტუდენტების ნაწილი იძულებული ხდება, მოშორდეს ოჯახს, საყვარელ სახლს, გარემოსა და მეგობრებს. ჩამოსვლის პირველივე დღიდან მათ არაერთ ახალ, უცხო გამოწვევასთან უწევთ გამკლავება, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ურბანულ სივრცეში სრულფასოვანი ადაპტაციის პროცესია. სწავლის დაწყებამდე რამდენჯერ გიფიქრიათ, სწორად მიაგნებთ თუ არა ქუჩას, სადაც უნივერსიტეტი მდებარეობს? რომელი ავტობუსი მიდის თქვენი დანიშნულების ადგილამდე, ან გენატრებათ დედის გაკეთებული ცხელი კერძი, სახლში მარტო დაბრუნებულს, მაგრამ ამაზე არ საუბრობთ…
თბილისში ჩამოსული სტუდენტის ერთგვარი გაშინაურების გზა რთული და ხანგრძლივია, რადგან ახალ გარემოსთან შეგუება კომფორტის ზონიდან გამოსვლასა და ცხოვრების წესის შეცვლას ნიშნავს.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ დედაქალაქში მარტო ცხოვრების გეგმით ჩამოსული ახალგაზრდები უცნობ გარემოში თავს დაუცველად გრძნობენ და აქვთ დაძაბულობა, შფოთი – დღეს რომ სტრესი დავარქვით, რომელიც, როგორც ფსიქიკაზე, ასევე ადამიანის ორგანიზმის გამართულ მუშაობაზე ახდენს გავლენას.
ძვირფასო სტუდენტებო, ამ სტატიაში STUDINFO.GE სწორედ თქვენთვის სასარგებლო ქცევების შეგროვებას შეეცადა, რომელიც სპეციალისტმა გაგვიზიარა, ჩვენი სტუდენტი რესპონდენტების მონაყოლი კი დაგარწმუნებთ, რომ ზემოხსენებული პრობლემები და ბევრი სხვაც მხოლოდ თქვენ არ გაწუხებთ.
როგორც ახალგაზრდები გვიამბობენ, პატარა ქალაქში გაზრდილი სტუდენტისთვის, დედაქალაქში ადაპტაცია მეტად რთულია, უნდა შეეგუონ ხალხმრავლობას, ქაოსურ საგზაო მოძრაობას, საცობებს, ხმაურს, რაც მათთვის უჩვეულოა.
„პატარა ქალაქიდან დიდ, თან ჩემთვის სრულიად უცხო ქალაქში მარტო გადასვლა სტრესული აღმოჩნდა. თითქოს თავი დაუცველად ვიგრძენი“, – ამბობს STUDINFO.GE-სთან საუბრისას მარიამ ჩიკაშუა, რომელიც ოზურგეთიდან არის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს.
როგორც თავად გვიყვება, ოჯახთან განშორება მისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა – „მათი სითბო მუდმივად მენატრება“, – გვითხრა მარიამმა.
ჩვენი რესპონდენტისთვის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი 2022 წელს ბინების ქირის ფასების კოლოსალური მატებაც იყო, სწორედ ამ დროს ჩამოვიდა მარიამი დედაქალაქში. იმ ფონზე, რომ როგორც წესი, სტუდენტების შემოსავალი ვერ სწვდება ბინის ქირას, მარიამისთვის ეს ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო, რასაც თბილისში შეეჯახა.
„ბევრი ნერვიულობის გადატანის შემდეგ ბინა ვიქირავე, მაგრამ ახლაც, ქირის გადახდა მუდმივ ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. იხდი ქირას, მაგრამ ყოველდღიური საზრუნავისთვის ფულის მაქსიმალურად დაზოგვა გიწევს“, – გვეუბნება სტუდენტი.
რაც შეეხება გარემოს ცვლილებით გამოწვეულ სტრესს, როგორც თავად აღნიშნავს, გაუჭირდა, თუმცა შფოთვა და შიში მალევე დაძლია და „სტანდარტული სტუდენტური ცხოვრება დაიწყო“.
როგორც გაირკვა, თანაკურსელებთან დამეგობრების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. მათი მონაყოლის თანახმად, ხშირად ახალგაზრდები ადვილად ვერ ამყარებს კონტაქტს კურსელებთან, რაც დამატებით დაძაბულობას უქმნით.
„როცა უნივერსიტეტში პირველად მივედი, ძალიან გამიჭირდა. არავის ვიცნობდი. თან ინტროვერტი ადამიანი ვარ და სხვებთან კომუნიკაციაში შესვლა მიჭირს“,- ასე იხსენებს უნივერსიტეტის პირველ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, თამარ ლაღიძე.
თამარი გორიდან არის და როგორც STUDINFO.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, თბილისში წამოსვლამდე ერთი სული ჰქონდა, როდის გადავიდოდა ახალ გარემოში, მცა აღტაცებამ მალევე გაუარა. სახლთან განშორების შემდეგ მიხვდა, რომ რთულია იმ სივრცისგან მოშორება, სადაც 18 წელს გაატარებ. ამბობს, რომ ახლა უკვე შეეჩვია თბილისს, თუმცა მისი „პატარა და წყნარი ქალაქი ყველაფერს ურჩევნია“.
„დღესაც მღლის თბილისური ყოველდღიურობა, საცობი, ბევრი ხალხი, სავსე ავტობუსი და მეტრო. სტუდენტობა არ აღმოჩნდა მთლად ისეთი ბედნიერი, როგორსაც გვიხატავენ“, – გვიხსნის თამარი.
დავინტერესდით, როგორ მოქმედებს ადამიანის, ამ შემთხვევაში კი სტუდენტის ახალ გარემოში ადაპტაციის პროცესი მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და რა ქცევების გამომუშავება შეგვიძლია ახალ გარემოში სწრაფად გამომუშავებისთვის. STUDINFO.GE-სთან საუბრისას ფსიქოლოგი ანამარია ქირია აღნიშნავს, რომ ნაცნობ გარემოში ადამიანი კომფორტის ზონაში იმყოფება არა იმიტომ, რომ მისთვის ჩვეული გარემო აუცილებლად კარგია, არამედ იმის გამო, რომ სწორედ ის არის მისთვის ნაცნობი.
სპეციალისტის თქმით, სტუდენტისთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ცალსახად, სავსეა დადებითი ემოციებით, თუმცა მათთვის ეს თვითგამორკვევის პერიოდიც არის – გაეცნონ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს და აიღონ პასუხისმგებლობა, რასაც თან ახლავს შიში და შფოთვა.
„ახალი გარემო, ახალი ადამიანები და მოვლენები სტუდენტის ფსიქიკის გადატვირთვას იწვევს, რადგან ეს დიდ ენერგიას მოითხოვს. მაგალითად, როდესაც ადამიანი გაწაფულია რაიმე საქმეში, ამას კონცენტრაციის დაძაბვის გარეშე აკეთებს და ენერგიაც ნაკლები ეხარჯება. ამ შემთხვევაში, სტუდენტი არის ის, ვისაც ორმაგი ენერგიის დახარჯვა უწევს, რადგან აკეთებს იმას, რაც აქამდე არ უკეთებია“, – გვიხსნის ფსიქოლოგი.
რაც შეეხება სტრესს, ანამარია ქირია აღნიშნავს, რომ ადამიანს თავადვე აქვს უნარი, განსაზღვროს, რამდენად დიდი იქნება სტრესის დონე და როგორ გავლენას მოახდენს ის ადამიანზე.
„ხშირად უბრალოდ სწორი ხედვაა საკმარისი. მაგალითად, სირთულეების გამოწვევად დანახვა, რაც საშუალებას მოგცემს, გაიცნო საკუთარი თავი და გაძლიერდე. თუმცა პროცესი თავდაპირველად მარტივი არ არის. მაშინაც კი, როცა სტუდენტი შემართებით იწყებს სწავლას და კარგად უმკლავდება აკადემიურ გამოწვევებს, მისი ემოციური სფერო საგრძნობლად მოწყვლადია, ამიტომ, ვინც ახლა გადის ამ რთულ პროცესს, ვურჩევდი, რომ თუ პრობლემა არის ამ ემოციურ სფეროში, მას რაციონალური მიდგომები ვერ გადაჭრის და სხვა ადამიანებისაგან მიღებული ემოციური მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ, ვურჩევდი, იზრუნონ ურთიერთობების დამყარებაზე და ნუ გააკეთებენ აქცენტს მხოლოდ პასუხისმგებლობებსა და აკადემიურ მოსწრებაზე, ზრდა და ჰარმონია არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – ამბობს სპეციალისტი.
რის გაკეთება შეუძლია სტუდენტს – ფსიქოლოგი საინტერესო ქცევას გვიზიარებს:
სტუდენტი, რომელიც ახლა გადის ამ რთულ, მაგრამ აუცილებლად დასაძლევ ეტაპს შეუძლია, სტრესის შესამცირებლად, ფურცელზე ჩამოწეროს ის გარემოებები, რომლებიც მასში ძლიერ შფოთვას აღძრავენ. მაგალითად, უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე მივიდნენ, ნახონ შენობა, დაათვალიერონ გარემო. მათთვის კი, ვისთვისაც ეს პროცესი განსაკუთრებით მძიმეა, ის ურჩევს:
„აირჩიონ ნაცნობი საგანი, ნივთი, რომელთანაც მათ რაიმე ემოციური კავშირი აქვთ და რასაც სიმბოლურ მნიშვნელობას მიანიჭებენ. ამ საგნის მუდმივად თან ტარებით, ისინი დადებით განცდებს და დაცულობის შეგრძნებას ახალ გარემოსაც დაუკავშირებენ. ამ პროცესში შესაძლებლობები დაინახეთ, აღმოაჩინეთ მთავარი და სტრესი ვერასდროს იქნება მასზე დიდი“.
STUDINFO.GE-ს მიერ გამოკითხული სტუდენტების პასუხებიდან ჩანს, ახალ გარემოში ადაპტაცია მარტივი არ არის, მით უფრო მაშინ, თუ ოჯახისგან შორს რჩები, მეგობრებს ადვილად ვერ იძენ და ამას ფინანსური პრობლემებიც ემატება, თუმცა, ნებისმიერი დაბრკოლება და დილემა შეგიძლია გადალახო და ამით გაიზარდო კიდეც. მთავარია გახსოვდეს, რომ როცა გააზრებული გაქვს, სირთულეები, რომლებსაც ახლა გადიხარ დასრულდება, მაშინ ყველაფერს ადვილად გაუმკლავდები. ოჯახის მონატრებას უნივერსიტეტის არდადეგები ცოტა ხნით მაინც დაგავიწყებს. მთავარია გახსოვდეს – ყველანაირ სტრესზე ძლიერი თავად შენ ხარ.
ავტორი: მარიამ ბარამიძე