სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემათა სია საკმაოდ გრძელია. დედაქალაქის სტუდენტების შემთხვევაში, ამ სიის სათავეში შეგვიძლია მოვიაზროთ ის გზა, რომელსაც სტუდენტები სასწავლებელთან მისასვლელად გადიან. ამის მიზეზია სატრანსპორტო პრობლემები, რასაც, როგორც თავად გვიყვებიან, მათი დრო და ენერგია ეწირება.
ვინაიდან თბილისი არ არის მეგაპოლისი, შეგვიძლია, რომ გადაადგილებისთვის ნორმად მივიჩნიოთ ერთ საათზე ნაკლები დრო. საცხოვრებელი ადგილიდან და უნივერსიტეტის მდებარეობიდან გამომდინარე, სტუდენტთა ისტორიები, გართულებულ მგზავრობასთან დაკავშირებით, განსხვავებულია. ზოგ მათგანს 15-20 წუთი სჭირდება, ნაწილს 1 საათამდე, მაგრამ არიან სტუდენტები, რომელთაც მგზავრობა ორ საათამდე უხანგრძლივდებათ. ამ მხრივ ქალაქის პრობლემური ტერიტორიებია: დიდი დიღომი, გლდანის ზედა მიკროები, გლდანულა, ფონიჭალა, ზაჰესი და ვარკეთილი. პრობლემას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, ეს არის ამ უბნების შორი დისტანცია უახლოეს მეტრო სადგურებამდე (არა ყველა შემთხვევაში). ასევე, გვაქვს არაერთი მაგალითი, სადაც ტრანსპორტზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა, ან საქმე გვაქვს გადაადგილების საშუალებების საერთოდ არარსებობასთან.
ქალაქის ყველაზე პრობლემური ნაწილი მაინც დიდი დიღომია. STUDINFO.GE-ს პირველი რესპონდენტი, თაკო სინჯარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელია და დიდ დიღომში ცხოვრობს. იგი გვიყვება, რომ დღეში ოთხ საათს მხოლოდ გადაადგილებაში ხარჯავს და, როგორც თავად ამბობს, აქვს შეგრძნება, რომ სტუდენტობის წლები საცობში დგომაში გადის.
თაკოს სამგზავრო რუტინა ასეთია:
„სახლიდან ორი საათით ადრე გავდივარ, მინიმუმ 2 ავტობუსს ვუშვებ, რადგან უკვე სავსეა და ძლივს ავდივარ მესამეში. 20-25 წუთში მივდივარ სარაჯიშვილის მეტრომდე, იქიდან რუსთაველის მეტრომდე დაახლოებით, 20 წუთია საჭირო. ვინაიდან ის ავტობუსები, რომლებიც ვაკეში ადიან, ყოველთვის გადაჭედილია, უნივერსიტეტამდე მისვლა ფეხით მიწევს. მაგას ნახევარ საათამდე ვანდომებ, რადგან გზა ისედაც გრძელია, თან აღმართი, და ზოგჯერ ქუჩაშიც კი ხალხის საცობია. ამას გარდა, ცალკეა ის პრობლემაც, რომ, მაგალითად, სარაჯიშვილზე არაა საკმარისი გადახურული სივრცე და რამდენჯერაც გინდათ წვიმაში ვმდგარვარ ერთი საათი. ან, თუნდაც, როდესაც ცუდი ამინდია და რუსთაველიდან ჭავჭავაძემდე ქარში, წვიმაში გვიწევს სიარული, რადგან ამ დროს კიდევ უფრო საშინელება ხდება ავტობუსებში“, – გვიყვება თაკო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი, ქრისტინა კვარაცხელია დიდ დიღომში, კერძოდ, მესამე მიკროში ცხოვრობს და სასწავლებლად თბილისის უნივერსიტეტის X კორპუსში (მაღლივში) დადის.
„დრო საათ-ნახევარი ან ორი საათი მჭირდება. სახლიდან ავტობუსს მივყვები ნებისმიერ მეტრომდე მისასვლელად. ავტობუსები არ მოდის დიდი ხანი და ამიტომ, გაჩერებაზე ლოდინი მიწევს. ახმეტელის ან სარაჯიშვილის მეტროდან სადგურამდე მივდივარ და, შემდეგ, საბურთალოს ხაზზე გადავდივარ. მეტროდან მაღლივამდე ფეხით მივდივარ. უნივერსიტეტის წინა ნაწილში ქუჩა გადათხრილია, ამიტომ მე შემოვლითი გზით მივდივარ, თუმცა იქაც არაა კარგი მდგომარეობა. თუ იწვიმა, ტალახია და რთულია გადაადგილება.“
იმისთვის, რომ კონტრასტი უკეთ აღვიქვათ, ავიღოთ რუსთავში მცხოვრები სტუდენტების მაგალითი, რომლებიც თაკოს მსგავსად ჭავჭავაძის გამზირზე სწავლობენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი სხვა ქალაქია, დიდი დიღომი კი თბილისის გარეუბანი, რუსთავიდან ცენტრში მისვლას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება. ლუკა კახიძე რუსთავში ცხოვრობს და ლექციებს “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” პირველ ან მეექვსე კორპუსებში ესწრება. ლუკამ გვითხრა, რომ თუ 11 საათზე აქვს ლექცია, 10 საათზე გამოდის სახლიდან და 10-15 წუთით ადრე უკვე უნივერსიტეტშია. თაკოს და ქრისტინას, იგივე სიტუაციაში, სახლის დატოვება 9 საათზე უწევთ.
ცუდ ამინდებში ავტობუსების დაუსრულებელი ლოდინი, გადაჭედილ ტრანსპორტში ფეხზე დგომა, პირადი სივრცის არ არსებობა და ყველგან დაგვიანების პრობლემა – ეს ჩვენი სტუდენტებისთვის უკვე ყოველდღიურობად იქცა. ახალგაზრდები დღეში რამდენიმე საათს მხოლოდ გადაადგილებაში კარგავენ და, როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს, სწავლაზე მეტად, სწორედ ეს პროცესი ართმევთ ენერგიას.
კითხვაზე პასუხის მისაღებად, თუ რა გამოსავალი აქვთ სტუდენტებს იქამდე, ვიდრე დედაქალაქის მერია უპრობლემო გადაადგილებისთვის შესაბამის პირობებს შექმნის, STUDINFO.GE თბილისის მერიას დაუკავშირდა. უწყებიდან სტუდენტებისთვის სასარგებლო ნებისმიერი რჩევისა თუ გამოსავლის მიღების შემთხვევაში, მერიის პასუხებს დაუყოვნებლივ გაგიზიარებთ.
განახლება:
დედაქალაქის მერიას სტუდენტებისთვის არც რჩევა აქვს და არც გამოსავალი, მათგან მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების განრიგი მივიღეთ: გრაფიკები და მარშრუტები “ქალაქში საცობებია დღის სხვადასხვა მონაკვეთში, როგორ უნდა გირჩიოთ…”, – გვიპასუხეს მერიიდან.
ავტორი: ზანდა გედენიძე