გამოცდების „დრამა“ – ზეპირი, წერითი თუ პრეზენტაცია? – თქვენ რას აირჩევდით?

განათლება

გამოცდების კვირა ყველა სტუდენტისთვის სტრესულია. მოემზადო მინიმუმ ექვსი საგნისთვის – ადვილი არაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გამოცდებისთვის ერთი კვირაა განკუთვნილი, ხუთი ან ექვსი დღის განმავლობაში კი სხვადასხვა საგნის კონსპექტი ერთმანეთს ენაცვლება. ამ სიტუაციაში მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ სად აბარებ გამოცდას: საგამოცდო ცენტრში თეორიულ მასალას წერ, უნივერსიტეტში ლექტორს ზეპირად აბარებ თემებს, თუ პრეზენტაციას აკეთებ. რა თქმა უნდა, სამივე დიდ შრომას მოითხოვს. ზოგს წერა ურჩევნია, ზოგს თავისი ცოდნის ვერბალურად გადმოცემა, სტუდენტთა ის ნაწილი კი, რომელსაც კარგი დიზაინერული ხედვა და უნარები აქვს, ორივე ფორმატს პრეზენტაციების აწყობას ამჯობინებს. საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც გამოცდები საგამოცდო ცენტრსა და აუდიტორიებში უტარდებათ.

მარიამ ჩხატარაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. იგი ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ფილოლოგიის მიმართულებით სწავლობს და აღნიშნავს, რომ მის ფაკულტეტზე გამოცდები ძირითადად წერითი ფორმატით ტარდება. „ჩემთვის გამოცდის ეს ფორმატი მისაღებია, რადგან უფრო მეტად მეხმარება ხოლმე, ჩემი ცოდნა და უნარები მაქსიმალურად გამოვავლინო“ , – ამბობს მარიამი STUDINFO.GE-სთან საუბრისას.

ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ხშირად ტარდება ზეპირი გამოცდებიც. ეს ბევრისთვის გამოკითხვის „ძველმოდური“ ხერხია და ხშირად სტუდენტებში უარყოფით რეაქციას იწვევს. ეს უკანასკნელი, ალბათ ყველასთვის წარსულთან ასოცირდება და ასოციაცია ჩნდება, რომ სიტყვა „ზეპირი“ აუცილებლად დაზეპირებული მასალის ცოდნას გულისხმობს, რაც არასწორი გაგებაა. ზოგი საგნის ფორმატი თავად მოითხოვს მსგავსი სახის გამოკითხვას. მარიამის აზრით, ამ ფორმატს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. „დადებითად იმას ვიტყოდი, რომ ზეპირი გამოცდის დროს ლექტორს მეტად აქვს საშუალება გაიგოს სტუდენტის რეალური ცოდნა. რაც შეეხება უარყოფითს, მიმაჩნია, რომ გაბმული საუბრის დროს ნაკლებად ვავლენთ ჩვენს შესაძლებლობებს, ნაკლებად გვაქვს დაფიქრების დრო“, – ამბობს ფილოლოგიის სტუდენტი. მარიამის ზეპირი გამოცდის ფინალური შერეული ფორმატის იყო- ნახევარი ზეპირი, ნახევარი კი წერილობითი.

რაც შეეხება სტუდენტის აზრს გამოცდების პრეზენტაციის სახით ჩაბარების შესახებ, თვლის, რომ ზეპირი გამოცდების პრეზენტაციებით ჩანაცვლება მშვენიერი ალტერნატივაა, რადგან ამ დროს არა მარტო ლექტორს, არამედ სხვა სტუდენტებსაც აქვთ საშუალება გაეცნონ შენს მომზადებულ მასალას.

არის ისეთი ფაკულტეტებიც, რომელთა საგნების გამოცდებიც, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულად გასაკეთებელ გამოცდებს მოიცავენ. ასეთია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი. ფაკულტეტზე ჩვენ მიერ ჩამოთვლილი გამოცდების თითქმის ყველა ფორმატია მიღებული.

მეორე კურსამდე, მომავალი ჟურნალისტები ძირითადად თსუ-ის საგამოცდო ცენტრში წერენ გამოცდებს, მეორე კურსის შემდეგ კი, მათ ძირითადად პრაქტიკული საგნები აქვთ, ამიტომ მათთვის გამოცდებსაც სხვადასხვა სახე აქვს. დიტო ბელქანია ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტია. როგორც თავად გვიყვება, მას წელს პრაქტიკული საგნები აქვს აღებული, შესაბამისად, არც ერთი წერითი გამოცდა არ აქვს ჩასაბარებელი. ძირითადად სიუჟეტებს ამზადებს და სტატიებს წერს. „ეს არანაკლებ რთულია. მე პირადად, ყველა ფორმას წერითი გამოცდები მირჩევნია – ვისწავლო თეორიული მასალა და შემდეგ დავწერო- ეს ადვილია“, – ამბობს STUDINFO.GE-სთან საუბრისას სტუდენტი. მისთვის თეორიული მასალის სწავლა და მისი მაღლივში წერა პრობლემას არ წარმოადგენს, იმის მიუხედავად, რომ თსუ-ის სტუდენტების უკმაყოფილება, ძირითადად, გამოცდების იქ ჩატარებაზეა მიმართული. ჟურნალისტიკის სტუდენტს კიდევ იმის გამო მოსწონს, მაღლივში წერა, რომ ფიქრობს, ეს ფორმატი ლექტორებს უსპობს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, რადგან ტესტები ილუქება. შესაბამისად, ეს მისთვის ყველაზე სამართლიანი საგამოცდო ფორმატია. კითხვაზე, რას შეცვლიდა არსებულ ფორმატში, გვპასუხობს, რომ კარგი იქნება, თუ საგამოცდო ადგილები დაემატება, რათა სტუდენტებმა მხოლოდ მაღლივში არ იარონ შუალედურებისა და ფინალურების საწერად. „მაგალითად მე, რომელიც მეექვსე კორპუსში ვსწავლობ, არ უნდა მიწევდეს თსუ-ის ბიბლიოთეკაში გამოცდის წერა, ძალიან შორია ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ შესაბამისი სივრცე ყველა კორპუსში უნდა შეიქმნას“, – გვეუბნება დიტო.

რაც შეეხება იურიდიულ ფაკულტეტს, იქ გამოცდები ძირითადად კაზუსის ამოხსნასა და თეორიული მასალის დაწერას მოიცავს. „ფორმატით კმაყოფილი ვარ. უფრო კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა მომწონს, ვინაიდან ასე უფრო მარტივად და სწრაფად გადმოვცემ თეორიული მასალის ცოდნას“ , – ამბობს STUDINFO.GE-სთან საუბრისას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, მარიამ მგელაძე.

როგორც ჩვენ მიერ გამოკითხული სტუდენტების პასუხებიდან ვიგებთ, მათთვის გამოცდის ჩაბარების ყველაზე მისაღები ფორმატი – წერითია. როგორც ჩანს, სტუდენტების უმრავლესობა წერის დროს მაქსიმალურად გადმოსცემს თავის ცოდნას. თუმცა, როგორც ვხედავთ, ისინი არც პრეზენტაციებით მათ ჩაბარებაზე არიან წინააღმდეგნი. ისიც შესამჩნევია, რომ ამ ფორმატის გამოცდებს ლექტორები დიდად არ წყალობენ და სტუდენტების ცოდნის შესამოწმებლად ტრადიციულ ხერხებს ირჩევენ.

ავტორი: მარიამ ბარამიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები