წიგნის მოყვარულებს ერთ სივრცეში ელიან – თბილისის წიგნის დღეები დაიწყო

ივენთი

თუ წიგნების კითხვა გიყვართ, მათი შეძენა 3 დღის განმავლობაში, ერთ სივრცეში შეგეძლებათ. საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში ქართული ლიტერატურული ფესტივალი – „თბილისის წიგნის დღეები დაიწყო“.

გამოფენაში 30-მდე წიგნის მაღაზია, გამომცემლობა და სტამბა იღებს მონაწილეობას. თბილისის წიგნის დღეები ერთ დიდ სივრცედ არის დაყოფილი, პროგრამა კი ფესტივალის სამ დღის განმავლობაში კონკრეტულ კულტურულ თუ გასართობ ღონისძიებებს გვთავაზობს.

გამოფენის პირველ დღეს, 10 ნოემბერს, გამომცემლობა „წიგნიერის“ წიგნების პრეზენტაცია შედგა, მათ შორის გიორგი ტაბიძის წიგნის, რომელიც ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებაა. ასევე თავიანთი წიგნები წარადგინეს პოეტმა ხათუნა ცომაიამ („ზღვა ელეგია“), ელენე ყორღანაშვილმა („სიყვარულით არავინ“), ქეთი კორძაძემ („ცისფერი სევდა“), ბექა შამათავამ („ხუთი დროის საგრაფო“), თამარ არჩვაძემ („იისფერი სიზმრები“), ასევე გაიმართა ორი უცხოური წიგნის პრეზენტაციაც. დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლოთ დამსხდარიყვნენ და ესმინათ მათთვის ნაცნობი თუ უცნობი ავტორებისთვის.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, რაც, როგორც წესი, წიგნის დღეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ისინი ყველა წარმოდგენილ მაღაზიას აქვს, თუმცა მაღაზიები ძირითადად 20-30%-იან ფასდაკლებებს გვთავაზობენ. სტუდენტებისთვისა და მოსწავლეებისთვის ფასდაკლებები და Cashback აქციები მხოლოდ ცალკეულ წიგნის მაღაზიებში მოქმედებს.

„პირველად ვარ წიგნის დღეებზე და არ ვიცოდი როგორი სიტუაცია დამხვდებოდა. ყველამ ვიცით, რომ წიგნები ზოგადად ძვირია და აქ, ვერ ვიტყვი რომ ყველა სტენდთან, მაგრამ ბევრთან კარგი ფასები დამხვდა, თან დიდი არჩევანია და ამით კმაყოფილი ვარ“, – ამბობს STUDINFO.GE-სთან საუბრისას თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ელენე წულუკიძე.

წიგნის მოყვარულებისთვის გამოფენის კარი 3 დღის განმავლობაში იქნება ღია. „თბილისის წიგნის დღეები“ 12 ნოემბერს დასრულდება.

ავტორი: მარიამ ბარამიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები