თუ ხარ პირველკურსელი და ემზადები პირველი ლექციისთვის მაშინ ეს სტატია შენთვისაა.
სულ მალე უნივერსიტეტი, რომელშიც ჩაირიცხე, შენთვის მიღებას გამართავს, გაიცნობ კურსელებს, ჯგუფელებს, შემდეგ კი ლექციებიც დაგეწყება.
ალბათ, უფროსი მეგობრები გიყვებიან, რომ უნივერსიტეტი განსხვავდება საშუალო სკოლისგან და არც ლექციები ჰგავს გაკვეთილებს.
ისურვებდი, უფრო მეტი დეტალი გაგეგო ამ თემაზე?!
STUDINFO.GE დაინტერესებული პირველკურსელების ინფორმირების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტს, ლუკა რეხვიაშვილს ესაუბრება.
ლუკას აბიტურიენტების უმრავლესობა კარგად იცნობს, ის აბიტურიენტებს „მძიმე წუთებში“ (საბოლოო შეფასებების გამოცხადების ლოდინში) ფეისბუკის ჯგუფებში გასართობი „გიფებითა“ და პოსტებით ახალისებდა.
ლუკა გამოცდილი სტუდენტია, გეტყვით თუ როგორ ჯობს პირველ ლექციაზე გამოცხადება – ზურგჩანთა წაიღოთ, „პაპკა“ თუ ყურში გაჩრილი კალამი და პატარა ჯიბის ბლოკნოტიც საკმარისია?!“.
– ლუკა, თქვენ როგორ ემზადებოდით პირველი ლექციისთვის, როგორ გააცანით ლექტორსა და აუდიტორიას თქვენი თავი?
– მახსოვს, რომ შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა აკადემიურობით და გამომივიდა არა აკადემიურად. პირველ ლექციაზე 15 წუთით დავაგვიანე, გამიზნულად არა, ავტობუსში ადგილი არ იყო და მეტროდან ჭავჭავაძემდე ფეხით ავედი. ჯერ დავაკაკუნე და შემდეგ შევედი. აუდიტორია საკმაოდ დიდი დამხვდა, ჩემი ახალგაცნობილი მეგობრები უკანა რიგში ისხდნენ. წარმოიდგინეთ დაგვიანებული სტუდენტის სვლა უკანა სკამებისაკენ, როცა ლექტორი და 50 სტუდენტი მას უყურებს. ეს ლექცია ეთმობოდა საგანს „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან VIII საუკუნემდე“. ლექციას კითხულობდა ბატონი თედო დუნდუა. დაგვიანებით რომ შევედი, უკვე მთელი კურსი ადგილზე იყო. ბატონი თედო ღიმილიანი სახით შემეგება და სკოლის მასწავლებლისგან განსხვავებით „სად ხარ აქამდე“ კი არ მითხრა – ოჰ, მოდი, მოდი შვილოო. პირველად მაშინ გავიაზრე, რომ სკოლის მოსწავლე აღარ ვიყავი და ბევრად თავისუფალ გარემოში მოვხვდი. ვინაიდან ცოტათი კურიოზული გამოდგა ჩემი ლექციაზე გამოჩენა, გასაცნობი სიტყვის თქმაც არ დამჭირვებია. მალევე დავუახლოვდი ლექტორსა და სტუდენტების იმ ნაწილსაც, რომელსაც არ ვიცნობდი.
– გაიხსენეთ, რა ხდებოდა პირველ ლექციაზე?
– საგნის ლექტორი ენერგიითა და პოზიტივით გადმოგვცემდა ყველა ინფორმაციას. ჯერ გვიხსნიდა სად მოვხვდით, შემდეგ უშუალოდ გადავიდა თავის საგნის წერასა და ჩვენთვის სხვადასხვა დეტალების გაცნობაზე. მთელი აუდიტორია მოღიმარი იყო და რაც მთავარია, ყურადღებით უსმენდნენ ლექტორს.
– რა განსხვავებაა სკოლის გაკვეთილისა და უნივერსიტეტის ლექციას შორის?
– სკოლის გაკვეთილები მცირე დროს მოიცავს და ამ დროში ხდება თემის ახსნაც და მიცემული დავალებების გამოკითხვაც. რაც შეეხება ლექცია-სემინარებს, მათ ორ-ორი საათი ეთმობა. ლექციებზე, ძირითადად, ლექტორი საუბრობს და სტუდენტებს შეუძლიათ სურვილისამებრ კითხვების დასმა. რაც შეეხება სემინარს, იქ, ძირითადად, სტუდენტები საუბრობენ მოცემული თემის გარშემო და ლექტორიც აქტიურად ერთვება საუბარში. სკოლაში თუ რაღაც არ მოეწონა მასწავლებელს, შენიშვნებს გაძლევს, შენს გამოკითხვას იწყებს და დაბალ ქულას გიწერს, აქ ასე არ ხდება.
– ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას პირველკურსელმა სტუდენტმა პირველ ლექციაზე?
- ჩაიცვით მოხდენილად, მთლად საღამოს კაბებით ნუ გამოცხადდებით. პირველი დღისთვის გოგოები განსაკუთრებით ემზადებიან. საზეიმო მიღება, რომელსაც უნივერსიტეტი მართავს, არ გულისხმობს საბანკეტო წვეულებას. ამიტომ, მთლად საბანკეტო კაბებით ნუ გამოცხადდებით. ჩაიცვით კომფორტულად.
- ზურგჩანთა და სპორტული ფეხსაცმელი კარგი არჩევანია. წყლის ბოთლი, ერთჯერადი ქაღალდი, ხემსი, კალამი, ბლოკნოტი მაინც უნდა გქონდეთ ზურგჩანთაში. გოგოების შემთხვევაში, ჩემი რჩევაა, შეარჩიონ ტევადი ჩანთა. თუ კლასიკურ სტილზე შეაჩერებთ არჩევანს, ჩანთაში მაინც გქონდეთ „სარბენი“ ფეხსაცმელი – კედი ან ბოტასი. გახსოვდეთ, რომ აუდიტორიების შეცვლა ხშირად მოგიწევთ, ყველა ლექცია ერთ აუდიტორიაში არ ტარდება და, შესაძლოა, კორპუსის შეცვლაც მოგიწიოთ, გააჩნია უნივერსიტეტს. ამიტომ, მოემზადეთ სპორტული ცხოვრებისთვის.
- არ დააგვიანოთ ლექციაზე. სტუდენტმა პირველ ლექციაზე მაინც არ უნდა დააგვიანოს და უხერხულ სიტუაციაში არ უნდა ჩავარდეს. ჩემსავით რომ არ გაუმართლოს და ცოტა „კაპასი“ ლექტორი შეხვდეს, არ მგონია სასიამოვნოდ იგრძნოს თავი.
- ნუ დაუძახებთ, ლექტორს „მასწს“, მიმართეთ თქვენობით.
პირველკურსელებში ხშირია და მეც მომსვლია, არ დაუძახოთ ლექტორს „მასწ“, არც შენობით მიმართოთ. გამოიყენეთ სიტყვა პატივცემულო, ბატონო, ქალბატონო. თუ ლექტორი ახალგაზრდაა, მაინც არ მიმართოთ მხოლოდ სახელით. პატივისცემის გამოხატვა მნიშვნელოვანია. - პირველი ლექციის შემდეგ, მოემზადე გელას გასაცნობად (თუ თსუ-ში მოხვდი). გელა ე.წ ქსეროქსებს გვიკეთებს ხოლმე სტუდენტებს. პირველკურსელების გარდა ყველა იცნობს და თქვენც მოგეცემათ მისი გაცნობის შესაძლებლობა. ქსეროქსის რიგი დაიკავეთ!
- მოემზადე სტუდენტად „მონათვლისთვის“. ასე ვეძახით ხოლმე, მხოლოდ სწავლის გამო ხომ არ არის სტუდენტობა ტკბილი. გართობა, ცოტა ქეიფი და მეგობრობაც მნიშვნელოვანია. ოღონდ, ლექციების დროს არა, შემდეგ! პირველ დღის ბოლოს, კურსელებისაგან თუ მოისმინეთ ფრაზა – „მოდით, სადმე წავიდეთ“, ესე იგი კარგ ხალხთან ხართ და უარი არ თქვათ შეთავაზებაზე.
– ლუკა, რა იყო თქვენი ფიქრები, როცა პირველი ლექცია დასრულდა?
– პირადად მე, პირველი ლექციის ბოლოს აღფრთოვანებული ვიყავი, დავიგვიანე და არავინ გამინაწყენდა, ვოხუნჯობდი და ლექტორებიც მყვებოდნენ. მოუთმენლად ველოდი მომდევნო შეხვედრას, როგორც ლექტორებთან, ისე ახალ მეგობრებთან.
– და ბოლოს, მიმართეთ პირველკურსელებს, რომლებიც პირველი ლექციის მოლოდინში არიან და აქვთ ღელვის მიზეზი?
– ღელვის მიზეზი არ არსებობს, პირიქით. მართალია, პირველკურსელები სულ სხვა გარემოში ხვდებიან, რაც სკოლისაგან განსხვავდება, მაგრამ მათ წინ ელოდებათ ძალიან საინტერესო ეტაპი ცხოვრებისა. ახალი გამოცდილებები, ურთიერთობები, მოგონებები და რაც მთავარია, ცოდნა. ვუსურვებ ყველა პირველკურსელს ბევრ წარმატებას, დატკბით სტუდენტური წლებით და ამ ინტერვიუს შემდეგ თუ მიცნობთ, მომესალმეთ!
ასევე იხილეთ:
ახალგაზრდის თვალით დანახული სტუდენტური ცხოვრება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში