„ქართული ხელნაწერები ლიბანში – ექსპედიციის შედეგები“, – ილიაუნიში საჯარო მოხსენებას წაიკითხავენ

ივენთი

21 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში დოქტორები ნანა მირაშვილი და თამარ დემეტრაშვილი წაიკითხავენ საჯარო მოხსენებას „ქართული ხელნაწერები ლიბანში – ექსპედიციის შედეგები“.

აქვე გეტყვით, რომ 2023 წლის 1-10 მარტს ლიბანში, ქალაქ საიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტრის ბიბლიოთეკაში სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყო.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართველ მეცნიერთა ექსპედიციის მუშაობის შედეგად საქართველოს ოთხი ქართული ხელნაწერის ციფრული ვერსია გადმოეცა, რომლებიც მე-18 საუკუნის თარიღდება და ლიტურგიკული ხასიათისაა.

ექსპედიციის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ერთ-ერთი ქართული ხელნაწერი მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველმა სასულიერო პირმა და მეცნიერმა, შალვა ვარდიძემ შეისწავლა, დანარჩენი სამის არსებობა კი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის საერთოდ უცნობი იყო.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია მომხდარს დიდ გამარჯვებად მიიჩნევს, რადგან ქართველ მეცნიერებს ქართული ეროვნული საგანძურის სრულფასოვნად შესწავლის საშუალება მიეცემათ.

ილიაუნიში დაგეგმილ ღონისძიებაზე კი მომხსენებლები ექსპედიციის შედეგებსა და მოპოვებულ ხელნაწერთა მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

დასწრება თავისუფალია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები