ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი და კიბერლაბორატორია „უნილაბი“ აცხადებენ კონკურს „შექმენი ქართული ტერმინი“.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა დარგში დამკვიდრებული უცხო ტერმინების მარჯვე ქართული ეკვივალენტის მოძებნასა და მის ქართულ ენასა და მეტყველებაში დამკვიდრებას.
თუ დავაკვირდებით თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიას, ვნახავთ, რომ ის ძირითადად უცხო ენიდან ტრანსლიტერაციის გზით შემოსული ტერმინებით ივსება. მაგალითად: პრიკველი, სიკველი, ნეთვორქინგი, მერჩენთი, დესკტოპი, სკროლინგი, პატერნი, ფრონტ-დესკ ოფიცერი, ფასილიტაცია და სხვა. ამის გამო ხშირია შემთხევები, როდესაც ქართულ ენაში უკვე დამკვიდრებული ქართული ტერმინების უგულებელყოფა და უცხო სიტყვებით ჩანაცვლება ხდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე მაღალი კლასების მოსწავლეებს და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის, უნდა ეწვიოთ კონკურსის ვებსაიტის მთავარ გვერდს, სადაც გამოქვეყნებულია ექვსი ტერმინი. მონაწილემ უნდა აირჩიოს ერთ-ერთი და მასზე დაწკაპუნებისას გადავა მოცემული ტერმინის გვერდზე, სადაც ტერმინთან ერთად წარმოდგენილი იქნება მისი განმარტება და საილუსტრაციო მაგალითი, რაც კონკურსის მონაწილეებს ტერმინის აღქმას გაუმარტივებს.
ამავე გვერდზე, კონკურსანტი გადის რეგისტრაციას და სათანადო ველში შეჰყავს აღნიშნული ტერმინის ქართული შესატყვისი.
ქართულ შესატყვისთან ერთად, სათანადო ველში უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომაა მართებული თქვენს მიერთ შემოთავაზებული შესატყვისი.
მონაწილეებს საკონკურსო ტერმინებისთვის შესატყვისების გამოგზავნა 12 აპრილს, 23:59 საათამდე შეუძლიათ.
გამარჯვებულებს გამოავლენს ლექსიკოგრაფებით დაკომპლექტებული ჟიური, ხოლო დაჯილდოება გაიმართება ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
შერჩეული ქართული ტერმინები შევა ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ლექსიკოგრაფიული გუნდის მიერ შექმნილ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებში და ასევე გამოქვეყნდება საიტზე განთავსებული ტერმინების ბაზაში.
ტერმინებთან ერთად გამოქვეყნებული იქნება ავტორის სახელი და გვარი.