რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა გუშინ, 24 თებერვალს დაიწყო. ქვეყანაში საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მეგობარ სახელმწიფოს კი ყველა თავისებურად ცდილობს მხარდაჭერა გამოუცხადოს. მათ შორის არიან ქართული უნივერსიტეტებიც.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება, ცივილიზებული სამყაროსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, უკრაინის გვერდით დგას და გმობს რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას უკრაინაში. რუსეთის ეს ქმედება 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამეორებაა. გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ვლოცულობთ უკრაინაში მშვიდობისთვის, სტუდენტებისა და ჩვენი კოლეგების უსაფრთხოებისთვის!“ – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქ განცხადებაში.
უკრაინის დროშის ფერებში შეცვალეს საკუთარი უნივერსიტეტის ლოგოები სახელმწიფო სამედიცინო, ტექნიკურმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც: „ჩვენო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით თქვენთან ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ საშინელ ომში“.
მხარდაჭერის ნიშნად, გუშინ, კახა ბენდუქიძის კამპუსზე გამოსახული უკრაინის გერბის ჰოლოგრამის ფონზე, უკრაინის ჰიმნი გაისმა.
მეზობელ სახელმწიფოს ლურჯი და ყვითელი ფერებით გამოუცხადა თანადგომა ჯიპამ, საქართველოს (UG) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმაც.
დიდება უკრაინას, დიდება გმირებს! – ამ სიტყვებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.
ევროპის უნივერსიტეტმა კი მხარდაჭერის ნიშნად სასწავლებლის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინა.