მეტი ტექნოლოგიები და დასწრებული სწავლება – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საახალწლო სურვილები

სტუდZona

ახალი ტექნოლოგიები უნივერსიტეტისგან და პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა – BSU-ის სტუდენტების საახალწლო სურვილები

საახალწლო სურვილების შესახებ STUDINFO.GE-მ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრა. სალომე და ნინი გორგაძეები აჭარის მაღალმთიანეთიდან არიან. ლეილა მახარაძე კი მარნეულიდან. სამივე მათგანს ყველაზე მეტად სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების იდეა ხიბლავს, ამბობენ, რომ ამის საშუალებას სხვადასხვა პროგრამით თავიანთი უნივერსიტეტი სთავაზობს.

ჩვენი კითხვები სტუდენტებისადმი ასე ჟღერდა: რომელი მიზანი უნდა შეასრულოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2022 წელს იმისთვის, რომ თქვათ – მე ამაყი ვარ ჩემი უნივერსიტეტით და ასევე აღგვიწერეთ, როგორია თქვენთვის საუკეთესოდ გატარებული ახალი წელი?

სალომე გორგაძე, ფიზიკური მედიცინის და სამედიცინო რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი:

„სწავლა დისტანციურ რეჟიმში დავიწყე, რის გამოც რთული იყო ნათლად გამერკვია უნივერსიტეტის ვალდებულებები. ფიზიკური დასწრების დაშვების შემდეგ უკვე ვხვდები საჭიროებებს. ჩვენს უნივერსიტეტში არის საშუალება დავესწროთ ტრენინგებს, თუმცა სწავლის გადასახადის გამო ბევრი სტუდენტი განრიგით გათვალისწინებულ ლექციებსაც კი ვერ ესწრება. ძლიან მინდა მეტი შესაძლებლობა, ანუ ყველას მიეცეს სწავლის გაგრძელების საშუალება და ახალგაზრდების ამ სურვილის შემაფერხებელი არასდროს გახდეს სწავლის საფასური. მე უნივერსიტეტისგან ველოდები მეტ გაცვლით პროგრამას და საბოლოოდ ვიქნები ამაყი, თუ სტუდენტებს ჩვენი სურვილების განხორციელების საშუალება მოგვეცემა.

საუკეთესო ახალი წელი კი ჩემთვის, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარ სახლში გატარებული დროა. როგორც ერიხ მარია რემარკმა თქვა: „საკუთარი კერა ოქროზე ძვირფასია!“ მართლაც, ყველაზე სასიამოვნოა როცა ყველას ერთად ყოფნა შეგვიძლია და ერთმანეთს ბედნიერ ამბებს ვუზიარებთ. კიდევ, ჩემთვის ძალზე სასიხარულოა ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი პანდემიის პირობებში, ჩვენს საყვარელ ადამიანებს, გავუფრთხილდებით და მოგვიწევს ქალაქში დავრჩეთ. მთავარი პანდემიის დასრულებაა და საამისოდ ყველამ უნდა გავაკეთოთ რაღაც… გავუფრთხილდეთ ყველას ჯანმრთელობას.

ნინიკო გორგაძე, ფილოსოფიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი:

ჩემმა უნივერსიტეტმა შემასწავლა ფილოსოფიის შესავალი და დასაბამი დაუდო ჩემი საინტერესო ცხოვრების დასაწყისს. ჩემი სურვილები განათლების მიღებასთან დაკავშირებით რეალობად იქცა. შოთა რუსთაველის უნივერსიტეტმა მომცა შთაგონება ვიფიქრო ახალ გამოწვევებზე, მაგალითად გაცვლით პროგრამაზე. გვაქვს პროექტებსა და კონფერენციებში ჩართვის საშუალება. 2022 წლისთვის, მინდა ბათუმის უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ახალი ტექნოლოგია, შეიქმნას პრაქტიკის მიღების საშუალება.


ლეილა მახარაძე
, ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი:

ჩემთვის საუკეთესო ახალი წელი იყო პანდემიამდე პერიოდში, მაშინ, როცა შეუზღუდავად შეგვეძლო ყველა საყვარელ ადამიანთან ყოფნა. მაშინ, როცა მეგობრებთან ერთად ვხვდებოდი ახალ წელს. დღეს კი ყველაფერი ეს ძალიან დაგვაკლდა. ჩემი უნივერსიტეტისგან საუკეთესო საახალწლო საჩუქარი, ყველა სტუდენტისა თუ ლექტორისთვის, საახალწლო არდადეგების შემგომ, რეგულაციების დაცვით, სრულად აღდგენილი სასწავლო პროცესი იქნება. მხოლოდ ეს იქნებოდა საუკეთესო დასაწყისი ახალი წლის, რომელმაც კიდევ მეტი განათლება და გამოცდილება უნდა მოგვცეს.

STUDINFO.GE– ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს უსურვებს საახალწლო ჩანაფიქრების ასრულებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები