ახალი წელი ღია ცის ქვეშ და გაცვლითი პროგრამა დიდ ბრიტანეთში – IBSU-ს სტუდენტების წინასაახალწლო სურვილები

სტუდZona

ახალი წელი ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. წლის ერთერთ მნიშვნელოვან დღეს დიდები თუ პატარები მოუთმენლად ელიან და ახალ წელს ახალი მიზნებითა და იმედებით ეგებებიან. ღამის 12:00 საათზე სურვილების ჩაფიქრებაც არ უნდა დაავიწყდეთ. ბავშვობაში ხომ თოვლის ბაბუის არსებობის გვჯერა, ჩვენს მთავარ სურვილებსაც მისთვის მიწერილ წერილში ვამხელთ და მოლოდინი გვაქვს, რომ სასურველ საჩუქარსაც სწორედ ის მოგვიტანს. ასაკის მატებასთან ერთად, თოვლის ბაბუის მითი იმსხვრევა, თუმცა სურვილების ჩაფიქრებას არ ვწყვეტთ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ ასრულებაზეც ძირითადად, თავად უნდა ვიზრუნოთ.

STUDINFO.GE-მ გადაწყვიტა გაერკვია, რა სურთ წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს. რომელი იქნებოდა მთავარი საახალწლო სურვილი, რომელსაც სურვილების ხეზე ჩამოკიდებდნენ და სად ან როგორი წარმოუდგენიათ იდეალური ახალი წელი.

ელიფ ერგუვანი, შავი ზღვის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და მისი მთავარი სურვილიც საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობას უკავშირდება.

„ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ გაცვლითი პროგრამით წავიდე დიდ ბრიტანეთში. იდეალური ახალი წელი კი, იქნება დროის გატარება საყვარელ ადამიანებთან ერთად თოვლიან ადგილას, შვეიცარიაში და ზიპლაინის თავგადასავალები”, – ამბობს ელიფ ერგუვანი.

ახალი წლის შესახვედრად იდეალური ადგილი მარკეტინგის პროგრამის სტუდენტ დავით ვადაქარიასთვის უცხოეთია.

„ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე მორჩეს პანდემიური მდგომარეობა და დავურბუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩემთვის იდეალური ახალი წელი არის მეგობრებთან ერთად, ნიუ-იორკში Time Square-ის მოედანთან, სადაც ენით აღუწერელი გარემოა!”, – გვითხრა დავით ვადაქარიამ.

ლევან ხარაიძეს, რომელიც მარკეტინგის პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტია, სურს სწავლა ისევ პანდემიამდელ რეჟიმშს დაუბრუნდეს, ახალ წელს კი, როგორც გაგვიმხილა, არატრადიციულად გაატარებდა.

„ვისურვებდი, რომ მალე და სრულად დავბრუნებულიყავით უნივერსიტეტში. იდეალური ახალი წელი, ალბათ, იქნებოდა ღია ცის ქვეშ, ხმამაღალი მუსიკით და ბევრი ახალგაზრდით, სადაც საერთო საახალწლო განწყობა იტრიალებდა და ერთად, ლაღად შევხვდებოდით ახალ წელს”, – უთხრა STUDINFO.GE-ს ლევან ხარაიძემ.

STUDINFO.GE– შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს საახალწლო ჩანაფიქრების ასრულებას უსურვებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები