რა არის წარმატება?
ამ კითხვაზე რამდენი ადამიანიცაა იმდენივეა განსხვავებული პასუხების რაოდენობაც, ვინაიადან თითოეული ადამიანისთვის წარმატება რაღაც კონრეტულში იმალება, თუმცა ის, რაც თითოეულ პასუხს აერთიანებს წარმატების პოზიტიური ბუნება და მისი მიღწევის ზოგადი ფორმულაა. ფორმულა კი სულ სამი კომპონენტისაგან შედგება: მიზანი, რწმენა და შრომა.
STUDINFO.GE-მ გადაწყვიტა მოგიყვეთ იმ წარმატებულ ადამიანებზე, რომლებმაც იდეალურად შეძლეს ამ სამი კომპონენტის შერწყმა და პრაქტიკაში განხორციელება, რისი მეშვეობითაც ისინი დღეს საუკეთსო მაგალითს აძლევენ ახალ თაობას – არ გაჩერდნენ ცხოვრებისაგან საუკეთესოს მიღების გზაზე. ვფიქრობთ, მიზანსწრაფულობისა და შრომისმოყვარეობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ჯიმ ქერია, რომელზეც დღეს უფრო ვრცლად გესაუბრებით.
ხშირად, ადამიანებს წარმოუდგენლად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ცნობილი და რეალიზებული ადამიანის უკან შესაძლოა ძალიან მძიმე წარსულის მქონე პიროვნება იმალებოდეს, თუმცა ამ მითს უამრავი სელებრითი ამსხვრევს, მათ შორისაა ჯიმ ქერიც.
ჯიმი ბავშვობაში ძალიან ჩუმი, ინტროვერტი მოსწავლე იყო. მეგობრები საერთოდ არ ყავდა, თუმცა ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ადამიანების გაცინებით შეეძლო მეგობრები შეეძინა. მისი წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი მისი დაავადება – დისლექსია გახლდათ, რაც სწავლის შეზღუდულ უნარში გამოიხატებოდა, თუმცა შრომისმოყვარეობითა და მებრძოლი ხასიათით იდეალური მახსოვრობა გამოიმუშავა.
მისთვის კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენდა ის მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რომელშიც ცხოვრებდა და იზრდებოდა. ჯიმი ოჯახთან ერთად საშიშ უბანში ცხოვრობდა და 12 წლის ასაკში სკოლის პარალელურად 8 საათი ჟონგლიორად მუშაობდა, გადაღლილი კი ვეღარ კონცენტრირდებოდა გაკვეთილზე. ჯიმს ეშინოდა მეგობრების გაჩენის, რადგან თვლიდა, რომ მისი სიღარიბე სამარცხვინოს გახდიდა მათ წინაშე. 16 წლის ასაკში ის სკოლას ტოვებს, ვინაიდან თვლის, რომ მცირეოდენი ცოდნა და არანაირი ურთიერთობა წარმატებას არ მოუტანს.
ჯიმი, მისი და-ძმა და მშობლები კანადაში გადავიდნენ, სადაც 8 თვის განმავლობაში ავტოფურგონში ცხოვრობდნენ. თინეიჯერი ჯიმი ინტელექტუალური შესაძლებლობების გარეშე, სიღატაკესა და სირცხვილის გრძნობის ამარა აგრძელებდა კანადაში ცხოვრებას, მანამ, სანამ, ტორონტოს ერთ-ერთ კლუბში სცენის მიღმა მდგარი ჩუმი ბიჭი რეპორტიორმა არ შეამჩნია. რეპორტიორი მოიხიბლა ჯიმის ღრმა, ფილოსოფიური ბუნებით. ამის შემდეგ კი უფრო აქტიურად დაიწყო სხვადსხვა მცირე პროექტებში მონაწილეობა, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ არც ამის შემდეგ მოსულა მყისიერი წარმატება. ერთადერთი, რაც ჯიმის მომავალი წარმატების გარანტიად ესახებოდა სასწაულების რწმენა იყო. ის იხსენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ჰოლივუდში საქმე არაფერი ჰქონდა ჯდებოდა თავის ძველ ტოიოტაში, მიუყვებოდა გზატკეცილს, ქალაქის ზემოთ მოექცეოდა, გადაჰყურებდა მას, გაშლიდა ხელებს და საკუთარ თავს ეუბნებოდა: „ყველას უნდა ჩემთან მუშაობა. მე უამრავი შემოთავაზება მაქვს უდიდეს ფილმებზე სამუშაოდ.“
ამ ფრაზას აფირმაციასავით იმეორებდა ყოველდღე და თავს არწმუნებდა, რომ რამდენიმე ფილმში უკვე მიღებული ჰქონდა მონაწილეობა.
1990 წელს, როდესაც ჯიმ ქერი მხოლოდ ერთი უბრალო ახალგაზრდა კანადელი კომიკოსი იყო, რომელიც წარმატებისკენ გზას იკვალავდა ლოს-ანჯელესში. სწორედ იმ გზატკეცილიდან დაბრუნებისას მსახიობმა საკუთარ თავსს 10 მილიონი დოლარის ღირებულების ჩეკი გამოუწერა, დათარიღებული 1995 წლის მადლიერების დღით, თან დააწერა: „დამსახურებისათვის“, ჩეკი საფულეში ჩაიდო და საბედისწერო დღემდე ატარა.
ჯიმის რწმენისა და ოპტიმიზმის დამსახურებით, 1995 წლისათვის მას რამდენიმე წარმატებული ფილმიდან გაიცნობს საზოგადოება. „ნიღაბი“, „სულელი და უფრო სულელი“, „ეის ვენტურა“ – თითოეულ ფილმში მისი ჰონორარი 20 მილიონ დოლარამდე იზრდებოდა.
1994 წელს, როდესაც ჯიმის მამა გარდაიცვალა, სანამ დაკრძალავდნენ მან 10 მილიონი დოლარის ჩეკი ჩააცურა მამის ჯიბეში, ხარკად და ნიშნად იმ ადამიანის დამსახურებისა, რომელმაც მისი ოცნებები უმძიმესი შრომისა და შეუპოვრობის შედეგად რეალობად აქცია.
ავტორი: ნინო მამაცაშვილი