დამოუკიდებლობა, ახალი შესაძლებლობები და მსოფლმხედველობა, განსხვავებული ადამიანები, კულტურა, სწავლის მეთოდოლოგია, ენობრივი დაბრკოლებების გადალახვა – ეს მცირედი ჩამონათვალია იმ დადებითი მხარეებისა, რასაც თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განათლების მიღება გპირდებათ, ამიტომაც გთავაზობთ ჩამონათვალს იმ ქვეყნებისა, სადაც სწავლის გადასახადი სრულიად უფასო, ან მინიმალურია.
- გერმანია
მაშინ, როდესაც უფასო განათლების მიღებაზე ვსაუბრობთ, პირველი რაც შეიძლება, რომ გაგვახსენდეს, გერმანიაა, ვინაიდან გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტები სრულიად უფასოა როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის, ისე ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისათვის. გერმანია ცნობილია სხვადასხვა სტიპენდიებითაც და მათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია DAAD-ის სტიპენდია. ვინაიდან აქ განათლების მისაღები ხარჯები სრულიად უფასო, ან მინიმალურია, მცირე რაოდენობის კერძო უნივერსიტეტები ითხოვენ სააპლიკაციო ფორმის შესავსები ხარჯების ანაზღაურებას, რაც დაახლოებით 150-250 დოლარია. ამასთან, აქ უნივერსიტეტში მისაღებად არ დაგჭირდებათ IELTS-ის ან TOEFL-ის ჩაბარება.
- ნორვეგია
ნორვეგიაში ერთგვარი კანონის უზენაესობაა, რომ ნორვეგიელები საერთაშორისო სტუდენტებს სრულიად უსასყიდლოდ სწავლას სთავაზობენ და დაფინანსებასაც გასცემენ, თუმცა მათი წინაპირობა, აღნიშნული შესაძლებლობის განსახორციელებლად, ნორვეგიული ენის ცოდნაა.
- შვედეთი
შვედეთი სრულიად უფასო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრ ქვეყანათა სტუდენტებსა და შვედეთის მოქალაქეებს, ამასთან, აქ ყველასათვის უფასოა დოქტორანტურაზე სწავლა მიუხედავად ეროვნების, თუ წარმომავლობისა.
- ავსტრია
ავსტრია ცნობილია უფასო პროგრამებით ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი ქვეყნებისათვის, თუმცა სხვებისათვის სწავლის სემესტრული ღირებულება 500-700 ევროს უტოლდება.
- ფინეთი
თუკი ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ხარ, კიდევ ერთხელ გაგიმართლა, რადგან ფინეთიც სწავლის ნებისმიერ საფეხურზე უფასოა, თუმცა სხვა სახელმწიფოთა სტუდენტებისთვის ინგლისურენოვანი პროგრამები ფასიანია.
- ჩეხეთის რესპუბლიკა
ჩეხეთში კანონის ძალით, უმაღლესი განათლება ყველასთვის უფასოა, თუმცა მის მისაღებად უნდა ფლობდე ადგილობრივ ენას.
- საბერძნეთი
მითოსური ღმერთების ქვეყანა – საბერძნეთი, საერთაშორისო სტუდენტებს საკმაოდ იაფ ცხოვრებასა და მცირე სწავლის გადასახადს სთავაზობს.
- ბელგია
ბელგიაში სწავლის გადასახადი ან სრულიად უფასო, ან მინიმალურია. გადასახადი წლიურად 400-2000 დოლარამდე მერყეობს, თუმცა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, სტუდენტებს აქ შეუძლიათ, რომ კვირაში 20 საათი იმუშაონ და ამგვარად, დაფარონ სწავლის ღირებულებაც.
- საფრანგეთი
საფრანგეთში უმაღლესი განათლება თითქმის სრულიად უფასოა, თუმცა შეხვდებით ისეთ სახელმწიფო უნივერსიტეტებსაც, სადაც სწავლის საფასურის გადახდა მოგიწევთ.
- ესპანეთი
ესპანეთი ისევე, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებს უფასო სწავლას სთავაზობს, ხოლო სხვებისთვის აქ გადასახადი 2000-2500 დოლარს უტოლდება.
თუკი თქვენი მოწოდება ბევრად მეტია, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში განათლების მიღება და მზად ხართ ახალი თავგადასავლებისთვის, ეს 10 ქვეყანა ნამდვილად საოცარ შესაძლებლობებს გთავაზობთ.
ავტორი: მარიამ წურწუმია.