პრაქტიკული რჩევები Erasmus Mundus-ის შესახებ და არა მარტო…

განათლება

იოსებ ძამუკაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია. ბაკალავრიატის განმავლობაში იგი ჯერ პრაღაში ჩარლზის უნივერსიტეტში ხოლო მოგვიანებით, ბრატისლავაში კომენიუსის უნივერსიტეტში სწავლობდა. 2020 წელს, ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ამჟამად კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობს, სადაც სხვადასხვა ტიპის კვლევაში აქტიურადაა ჩართული. იოსები, საკუთარ გამოცდილებას STUDINFO.GE-ს მკითხველს უზიარებს.

– იოსებ, მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ ერასმუს მუნდუსის პროგრამამდე და რამდენად გამოგადგათ საქართველოში მიღებული განათლება?

– 11 წლისამ უკვე ვიცოდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მინდოდა.  2012 წელს კი  გადავწყვიტე, ჩამებარებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც კი ჩავაბარე, მეორე კურსზე შევიტანე საბუთები, ჯერ ბილატერალური გაცვლითი პროგრამით ნახევარი წელი პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, შემდეგ, კი ერასმუსის პროგრამით ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტში, იმდენად მომეწონა იქ მიღებული გამოცდილება, რომ გადავწყვიტე სამაგისტრო პროგრამაც ევროპაში ან ამერიკაში გამეგრძელებინა.

რაც შეეხება, საქართველოს, ჩემი აზრით, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე აქ. არამარტო საუნივერსიტეტო საკითხებში, არამედ დამატებით აქტივობებშიც ვცდილობდი მონაწილეობას. აქტიურად ვიყავი ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის საქმიანობაში. ვმუშაობდი სტაჟიორად  საქართველოში აშშ-ს საელჩოში, ასევე მედიის განვითარების ფონდში, სადაც კვლევებში ვიყავი ჩართული. ასევე ვმუშაობდი საქარველოს პარლამენტში – ევროინტეგრაციის კომიტეტში.

რაც შეეხება სწავლას, ვისურვებდი, რა თქმა უნდა, უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ, არც ეს იყო ცუდი გამოცდილება. ორ რამეს გამოვყოფდი: ერთი, ის რომ ჩემი ცოდნა, რაც მომაწოდეს ჩემმა ლექტორებმა დამეხმარა, რომ კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავი ამ პროგრამებში და მეორე, რაც შეეხება ტექნიკურ, ორგანიზაციულ დეტალებს – ძალიან მოქნილი გამხადა, არ ვიცი რა ბიუროკრატიული პრობლემა თუ დაბრკოლება უნდა ყოფილიყო, რომ მე რაღაც გამკვირვებოდა.

– გაგვიზიარეთ რამდენიმე რჩევა, რაც Erasmus-ის პროგრამების შესახებ უნდა ვიცოდეთ.

– ძალიან მნიშვნელოვანია კარგი აკადემიური მოსწრება, არა მხოლოდ Erasmus+ -ზე, არამედ, სამაგისტრო პროგრამაზეც – ორივეგან საკმაოდ მაღალია კონკურენცია, ამასთან, კვოტები საქართველოსთვის არც ისე დიდია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სამოტივაციო წერილიც, რომელშიც ასახული უნდა იყოს სტუდენტის მიზნები და ძალიან კარგი იქნება პატარა ისტორიაც. სტუდენტმა უნდა დაასაბუთოს, რატომ სჭირდება ამა თუ იმ უნივერსიტეტში სწავლა და რას მისცემს ეს მას. ყველა თითქმის მსგავს სამოტივაციო წერილს გზავნის და იმისათვის, რომ ჩვენი აპლიკაცია გამოირჩეოდეს, საჭიროა შთაბეჭდილება დატოვო მკითხველზე, მასზე ვინც აფასებს ამ ყველაფერს. მიზანშეწონილია არგუმენტირებული წერა,  არ უნდა იყოს ეს მხატვრული ნაწარმოები, სადაც ვევედრებით ვიღაცას, რომ დაგვაფინანსოს, იმისთვის რომ ვიმოგზაუროთ ჩეხეთში და ა.შ. რა თქმა უნდა, ბოლოში არაფორმალური რაღაცების დამატებაც შეიძლება. მე მსგავსად ვწერდი ხოლმე, თუმცა ვერ გეტყვით რომ რაიმე დადგენილი წესი არსებობს ამისთვის.

რაც შეეხება გასაუბრებას, ვფიქრობ, რომ ეს არის სამოტივაციო წერილის შემოწმება. რომ შევაჯამოთ სამი ეტაპია ფაქტობრივად, უნდა ვიცოდეთ რას მივაღწიეთ, რას გვინდა რომ მივაღწიოთ, რა გვიშლის ხელს ამაში და რითი დაგვეხმარება ამ დანაკლისის გამოსწორებაში, ეს უნივერსიტეტი ან აკადემიური სიტუაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სამოტივაციო წერილი, სარეკომენდაციო წერილი და CV  საერთო ტონს ქმნიდნენ. ჩემი მიზანიც, თავიდანვე ეს იყო, რომ არ ყოფილიყო ყველაფერი გაფანტული.

– რა მსგავსება და განსხვავება დაინახეთ ქართულ და უცხოურ განათლების სისტემას შორის?

მგონია, საქართველოში ის პრობლემაა, რომ ანალიტიკური და კვლევითი ცოდნა ისეთ მაღალ დონეზე არაა, როგორც ევროპაში. გლაზგოს უნივერსიტეტში უფრო მეტად, კვლევით და ანალიტიკურ საკითხებს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ფაქტების ცოდნას. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ უნივერსიტეტებში ძირითადად, შეფასება მოდიოდა ანალიტიკურ ნაშრომებზე, ესეებსა და “Policy Paper-ებზე“.

– რა სახის სტიპენდია გქონდათ ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში?

სტიპენდია არის 1000 ევრო ყოველ თვე, ამას დამატებული გზის ფული 4000-იდან 6000 ევრომდე და 2000 ევრო, რომელიც „მოსამზადებელი სტიპენდიაა“ და რა თქმა უნდა, უფასო განათლება. მთლიანობაში რომ დავითვალოთ 100 000 ევრომდე ადის. ამასთანავე ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს უნივერსიტეტს – გამოვყოფდი გლაზგოს უნივერსიტეტს, რომელმაც პირადად ჩემთვის და კიდევ ზოგიერთი ჩემი მეგობრისთვის გამოყო ფულადი დახმარება კორონავირუსის პერიოდში, გარდა ამისა, პანდემიიდან გამომდინარე ჰუმანური მიდგომა იყო შეფასებასთან დაკავშირებით, ყველამ მიიღო მხედველობაში ის პრობლემები, რაც წარმოშვა პანდემიამ, ბევრმა ინტერვიუები ვერ ჩაატარა, ბევრი სტრესში იყო და ა.შ. გარდა ამისა, არა მარტო კორონავირუსის დროს, არამედ თავიდანვე გაგვაცნეს, რომ უნივერსიტეტში არის ორგანო, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს სტუდენტებს, თუ არ ვცდები 24/7-ზე იყო ასეთი დახმარება.

– რა სახის აქტივობები იყო უნივერსიტეტში?

ძალიან ბევრი ასოციაცია იყო უნივერსიტეტში, სადაც შეიძლებოდა გაწევრიანება, მაგალითად: დედოფალ ელისაბედის ასოციაცია, ასევე,  მუსლიმან სტუდენტთა გაერთიანება. ეს ასოციაციები ძალიან ვიწრო თემებზე მუშაობდნენ და მაინცდამაინც გართობაზე არ იყო ორიენტირებული. გვქონდა, როგორც საცურაო აუზი, ასევე ყველანაირი სახის სპორტული დარბაზი თუ კორტი, ყველაფერი ეს უნივერსიტეტის კამპუსებში იყო მოწყობილი, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ დაწესებულებებით სარგებლობა. უნივერსიტეტში სავარჯიშო დარბაზიც იყო, სადაც მიზერულ თანხად შეგეძლო აბონემენტის ყიდვა. გარდა ამისა, იყო უამრავი კაფე, სადაც სტუდენტები ფასდაკლებით იღებდნენ საკვებს, დაახლოებით ორ ფუნტად, როდესაც სხვა კაფეში მსგავსი მენიუ 15 ფუნტი ღირდა.

– რჩევა, რომელიც სტუდენტებისთვის გექნებათ…

პირველ რიგში, იყავით მოტივირებულები, არასდროს არ უნდა ვთქვათ, რომ რაიმეს ვერ შეძლებთ და არ უნდა სცადოთ. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. თავიდან რომ დავიწყე საბუთების გაგზავნა, ვთვლიდი, რომ შეიძლება არცერთი დაფინანსება არ მომეპოვებინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ საქმე უნდა მიმეფუჩეჩებინა. პირიქით, ვფიქრობდი, იმისთვის, რომ მიმიღონ, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯო. სხვადასხვა შეხვედრებზე დავდიოდი, სულ ვკითხულობდი უნივერსიტეტებზე. საჭიროა მაქსიმალური მონდომება და დროის გამონახვა იმისთვის, რომ სისტემატურად იმუშაო – ძალიან კარგად დაწერო სამოტივაციო წერილი – გადააკითხო მეგობრებს, ვისაც ამგვარი გამოცდილება აქვს და შეასწორებინო რაღაცები. მეც მიკითხავს ჩემი უფროსი გამოცდილი მეგობრებისთვის. ხანდახან ადამიანები ჩვენ თავს ვერ ვაფასებთ და სხვა უფრო კარგად გვაფასებს. ჩემ მეგობრებს ვეკითხებოდი რაში ხედავდნენ ჩემს წარმატებას, რა შეიძლებოდა რომ დამეწერა ამ პროგრამისთვის. ისინიც მიზიარებდნენ თავიანთ ნეიტრალურ აზრს, რაც ძალიან მეხმარებოდა და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, თუ რა გვინდა. შეიძლება არ ვიცოდეთ რა გვაინტერესებს, მაგრამ  შევადგინოთ “mind map”, დავუკავშიროთ ერთმანეთს ჩვენი სამომავლო ინტერესები, აკადემიური ინტერესები და გამოვიტანოთ დასკვნა სად შეიძლება რომ ვისწავლოთ და სად გვაქვს მეტი შანსი. მაგალითად, მე რომ ვგრძნობდი სამუშაო გამოცდილების დანაკლისს, 1 წელი გამოვყავი იმისათვის, რომ მეტი გამოცდილება მიმეღო.

მესამე, ესაა ინფორმირებულობა – არ დაელოდოთ, რომ ვიღაცა რაღაცას გამოგიგზავნით. მე სულ ვეძებდი ინფორმაციას, თავად ვნახულობდი და ვკითხულობდი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი დეტალურად გიხსნის ყველაფერს, მაგრამ, ჯერ თავად ვეძებდი და თუ ვერ ვპოულობდი ვუკავშირდებოდი იმ ადამიანებს, ვინც ამ პროგრამით სარგებლობდა. გარდა ამისა, დედლაინის წინ არ ვიწყებდი მომზადებას, ზაფხულიდან ვკითხულობდი რაღაცებს და ვინიშნავდი სად მინდოდა წასვლა, იქ რა დაფინანსება იყო, რა შანსები მქონდა, რა მოთხოვნები იყო საჭირო აქ მოსახვედრად და რისი გაკეთება შემეძლო.

ავტორი: თეკლა ადამია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები