ძალიან მალე ზუსტად ათი წელი შესრულდება, რაც საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, ESN ანუ ერასმუსის სტუდენტური გაერთიანება დაარსდა.
სტუდენტური გაერთიანება უკვე წლებია ცდილობს ჩვენს ქვეყანაში წაახალისოს მოხალისეობრივი საქმიანობა, შესაბამისი ცოდნა მიაწოდოს ქართველ და უცხოელ სტუდენტებს და რაც მთავარია, გააუმჯობესოს საერთაშორისო სტუდენტების სოციალური და პრაქტიკული ინტეგრაცია ლოკალურ, ნაციონალურ თუ საერთაშორისო დონეზე. თუ როდის დაარსდა ESN, რა მიმართულებები არსებობს ორგანიზაციაში, რა პროექტებს ანხორციელებს და რა მიზნები აქვს მას, ამასთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად, STUDINFO.GE-ს ესაუბრა სალომე ქეშელაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპათმცოდნეობის მაგისტრი, რომელიც, ამავდროულად, არის საერთაშორისო ESN-ში საქართველოს ნაციონალური წარმომადგენელი.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ESN ანუ ერასმუსის სტუდენტური გაერთიანება (Erasmus Student Network) 1989 წლის 16 ოქტომბერს დაარსდა, დღეს კი ევროპის პირველი სტუდენტური ასოციაციაა, რომელიც აერთიანებს 15 000-ზე მეტ მოხალისეს 42 ქვეყანში, თანამშრომლობს 1000-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელთან და ყოველწლიურად ადვოკატირებას უწევს 350 000-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტს.
,,ESN-ის მისიაა გაამდიდროს საზოგადოება საერთაშორისო სტუდენტების მეშვეობით, მის ერთ-ერთ ძირითად ფასეულობას წარმოადგენს იდეა – სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს“.
როგორც სალომე აღნიშნავს, ESN მაქსიმალურად ცდილობს რელევანტური ინფორმაცია მიაწოდოს სტუდენტებს მობილობის პროგრამებზე, რომ გადადგან ნაბიჯი მეტი გამოწვევებისკენ, სიახლეებისკენ, ცოდნისა და განვითარებისკენ. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე ESN-ში არსებობს ექვსი კონკრეტული თემა, რომელზეც მუშაობენ.
,,იმისთვის,რომ ESN-მა მიაღწიოს დასახულ მიზნებსა და ამოცანებს, ახალი სტრატეგიის მიხედვით, ორგანიზაციამ გადაინაცვლა და გამოყო 6 ძირითადი მიმართულება, რომლის მიხედვითაც ახორციელებეს პროექტებსა თუ კამპანიებს, ესენია – კულტურა, განათლება და ახალგაზრდობა, სოციალური ინკლუზია, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გარემოს მდგრადი განვითარება, უნარები და დასაქმება“.
ESN Tbilisi ადგილობრივი სტუდენტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი და გამოწვევებით აღსავსეა, გარდა ამისა, სტუდენტურ გაერთიანებაში მონაწილეობას იღებენ ერასმუსის პროგრამებიდან დაბრუნებული სტუდენტები, რომლებიც სხვებს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. ,,სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც მოხალისეების მიღებას ვაცხადებთ, ადგილობრივი სტუდენტების აქტივობა საკმაოდ მაღალია, გვაქვს ხოლმე დაახლოებით 200 აპლიკაცია, გასაუბრებებისა და ტრენინგების შემდეგ კი აპლიკანტების ნახევართან ვაგრძელებთ ურთიერთობას. მოხალისეობისა და მისი დანიშნულების აზრი უფრო და უფრო იზრდება, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველოში დაბრუნებული სტუდენტები, რომლებიც ერასმუსის პროგრამით საზღვარგარეთ სწავლობდნენ, გვიკავშირდებიან და ცდილობენ მობილობით მიღებული გამოცდილება გადასცენ ადგილობრივ სტუდენტებს“.
,,ჩემი გზა, რამაც საბოლოოდ ESN Tbilisi-ში მიმიყვანა, დაიწყო მაშინ, როდესაც ბაკალავრის საფეხურზე სწავლისას ვცდილობდი წავსულიყავი გაცვლითი პროგრამით საქართველოს ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც ,სამწუხაროდ, წარუმატებლად და დიდი იმედგაცრუებით დასრულდა, მაგრამ მაშინ ჩემი მოხალისეობრივი უნარები მხოლოდ ორ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ითვლიდა და ასეთი დემოტივაციის ჟამს აღმოვაჩინე ESN. მალევე, მოკლე დროში, გავიგე, რომ ESN ჩვენთანაც ყოფილა 2011 წლიდან, გავეცანი მათ საქმიანობას და მალევე გავხდი აქტიური წევრი, შემდეგ კი სექციის პრეზიდენტი, ახლა კი ნაციონალური წარმომადგენელი ვარ საერთაშორისო ESN დონეზე. ჩემი როლი გულისხმობს ლოკალური სექციის ისე განვითარებას და იმ კონტაქტის შენარჩუნებას, რასაც საერთაშორისო ბორდი და ორგანიზაცია ახორციელებს, მთავარია ამ ხედვის შენარჩუნება ადგილობრივ სექციაში და შესაბამისად განვითარება“.
ერთ-ერთი პრობლემა, რასაც სალომე განსაკუთრებით ებრძვის, ინფორმაციული ვაკუუმია, რომელიც ბევრ სტუდენტს აფერხებს და გარკვეულ პროექტებსა და პროგრამებზე წვდომის შესაძლებლობას უკარგავს.
,,იმ დღიდან, როცა დავუშვი შეცდომები, ვერ მივხვდი რა და როგორ უნდა გამეკეთებინა ან როგორ უნდა მქონოდა წვდომა შესაბამის ინფორმაციებზე, სწორედ ის, რაც თითოეული ნაბიჯის გადადგმის დროს შემეშალა, ასე ვთქვათ გადავიტანე იმ საქმიანობაში, რასაც ESN Tbilisi-ში ვაკეთებ – ინფომაციის გაცემა ეფექტურად და ხარისხიანად ყველა დეტალის დაფარვით, ეს იქნება აპლიკაციის შევსება, რეზიუმეს შექმნა, სამოტივაციო წერილზე მუშაობა და სხვა საჭირო უნარების განვითარება. ახლა , მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ვარ, სიხარულით და უფრო მეტი ენერგიით ვმოხალისეობ ESN-ისთვის, აქტიურად ვუწევ ადვოკატირებას ყველას, სადაც არ უნდა ვიყო. ხშირად, როდესაც უცხო ადამიანები მწერენ დახმარებაზე, მალევე ვთავაზობ, რომ დავურეკო და პირადად ავუხსნა ყველაფერი. ამით იმის თქმა, მინდა, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნაზე მეტად საშიში არაფერია და დღემდე, როდესაც ვხვდები ახალგაზრდებს ტრენინგებისა და ვოქრშოფების დროს, კვლავ ვხედავ ამ ინფორმაციულ უფსკრულს სტუდენტებსა და მათთვის არსებულ შესაძლებლობებს შორის, რაც არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც საკმაოდ ბევრია. სწორედ ამ უფსკრულის დავიწროებას ვცდილობთ ESN Tbilisi-ში“.
დღეს სალომე იტალიაში, ალდო მოროს სახელობის ბარის უნივერსიტეტი სწავლობს მაგისტრატურის მეორე კურსზე და თავის იტალიურ გამოცდილებას გვიზიარებს.
,,ჩემი სამაგისტრო კურსი ეხება საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპათმცოდნეობას, ეს ჩემი მეორე აკადემიური წელია და ფაქტობრივად ,,პანდემიის თაობის“ წარმომადგენელი ვარ გაცვლითი პროგრამის მხრივ. როდესაც COVID-19-მა ევროპაში ჩამოაღწია, მაშინ პირველი აკადემიური წლის მეორე სემესტრს ვიწყებდი და დღემდე ამ „განსაკუთრებულ“ პირობებში მიმდინაროებს ჩემი სასწავლო პროცესი.
თავიდანვე, რა თქმა უნდა, საქართველოსა და იტალიის განათლების სისტემას შორის დიდი განსხვავება შევამჩნიე, მაგალითად ჩემს უნივერისტეტში არ არის შუალედური გამოცდები. ასევე ხშირად კურსს ისე ხურავენ სტუდენტები, რომ სემესტრის ბოლოს მხოლოდ ერთი გამოცდა აქვთ, ოღონდ ზეპირი.
რაც შეეხება სტუდენტურ ცხოვრებას, ის პირდაპირ შეფერხებულია, არაფერი ხდება. აქაური ESN სექცია აქტიურად აორგანიზებდა სხვადასხვა ღონისძიებას, ექსკურსიებს, შეკრებებს და ახლა ყველაფერი გაჩერებულია ან ონლაინ სივრცეშია გადასული, რამდენაც არის შესაძლებელი. ფაქტობრივად მხოლოდ ახლო მეგობრებთან გაქვს შეხება და მათთან ერთად ატარებ თავისუფალ დროს. იმედი მაქვს არსებული მდგომარეობა მალე შეიცვლება“.
ავტორი: მარიამ მერლანი