,,ბავშვობაში მინდოდა ექიმი ან მასწავლებელი ვყოფილიყავი”- საყვარელი ლექტორის უცნობი მხარე

ინტერვიუ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს თუ ჰკითხავთ ვინ არიან მათი საყვარელი ლექტორები, მათ სიაში ერთ-ერთი აუცილებლად იქნება დალი ოსეფაშვილი, რომელიც ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ლექტორია.

იმისათვის, რომ ყველასთვის საყვარელი ლექტორი არააკადემიურ სივრცეში გაიცნოთ, STUDINFO.GE  გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დალი ოსეფაშვილითან.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… მასწავლებელი ან ექიმი ვყოფილიყავი. ჩემს უფროს დებთან ერთად ხშირად ვთამაშობდი ექიმობანას და მასწავლებლობანას, ხან ისტორიის, ხან კი გერმანული ენის მასწავლებლობა მინდოდა.

სკოლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ… ჟურნალისტიკა არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მიტაცებს, რადგან სიმართლის მიწოდებას და ადამიანებთან ურთიერთობას გულისხმობს.

ოგორც ლექტორი ვარ… მგონია, რომ ვარ სტუდენტებზე ორიენტირებული ლექტორი. ვცდილობ, ინტერაქციული იყოს ლექცია და კრიტიკული აზროვნების წახალისებას შევუწყო ხელი. თუმცა, რამდენად გამომდის ეს, მითუმეტეს დღეს, zoom-ისა და google meet-ის პირობებში, არ ვიცი, გამოწვევაა ნამდვილად.

ჩემი პროფესია ჩემთვის არისყველაფერი. არაერთი გამოწვევის მიუხედავად, არასოდეს მინანია ეს არჩევანი.

ფაქტი, რომელიც სტუდენტებმა ჩემზე არ იციან…. მგონია, რომ ყველაფერი იციან, რადგან სოციალური ქსელების ეპოქაში ვცხოვრობთ.

ის, რაც ყოველთვის მაბედნიერებს… სტუდენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, განსაკუთრებით კი, რეალურ გარემოში, აუდიტორიაში. სტუდენტები არიან ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილები, რომლებიც ძალას და ენერგიას მმატებენ. მათთან თავს, შეიძლება ითქვას, მუდმივად ახალგაზრდად ვგრძნობ.

არ მაქვს და მინდა მქონდეს… ნატვრისთვალი. რას შევთხოვდი? ყველა ბავშვს ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა. ვისურვებდი მშვიდ, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს.

ყველაზე მეტად მაღიზიანებს… „სიცრუე და ორპირობა“

რომ შემეძლოს ვიყო ისტორიული ფიგურა, ვიქნებოდი… რთული კითხვაა, არ მიფიქრია ამაზე არასოდეს. სიამოვნებით ვიქნებოდი ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი ქალი მარი კიური, მიხარია და მეამაყება, მისი სახელობის კვლევითი სტიპენდიის მფლობელი რომ ვარ.

წარსულსა და მომავალში მოგზაურობას შორის ავირჩევდი… მომავალში მოგზაურობას. არ ვიცი „რამდენი G ინტერნეტის“ პირობებში მომუშავე მედიაგარემოში, მაგრამ იქ, სადაც დარწმუნებული ვარ რობოტები აქტიურ როლს ასრულებენ ნიუსრუმებში, თუმცა ადამიანებს მაინც ვერ ანაცვლებენ.

რჩევა, რომელსაც სტუდენტებს ხშირად ვაძლევ… კრიტიკულად, სკეპტიკურად შეხედონ ყველაფერს ინფორმაციის მოძიებისას და უსათუოდ გადაამოწმონ ფაქტები.

ავტორი: მარიამ მერლანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები