აქტიური სტუდენტური ცხოვრება თავისთავად გულისხმობს დატვირთულ გრაფიკს, იქნება ეს ლექცია-სემინარები, არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტები თუ სხვა. ხშირად, სტუდენტებს არ რჩებათ საკმარისი დრო სამსახურისთვის, ისინი დგებიან არჩევანის წინაშე, მიიღონ ხარისხიანი განათლება თუ იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები. ერთის მხრივ, ეს დატვირთული საუნივერსიტეტო გრაფიკის ბრალია, მეორეს მხრივ, კი არასათანადო სამუშაო პირობების.
დღესდღეობით, თანდათან პოპულარული ხდება ფრილანსერობა, რაც შტატგარეშე თანამშრომლობას ნიშნავს და იძლევა საშუალებას სახლიდან გაუსვლელად აკეთო შენთვის სასურველი საქმე. სწორედ, ამგვარი ტიპის სამუშაოები აძლევენ სტუდენტებს საშუალებას, იპოვონ მათთვის სასურველი სამუშაო, სასურველი გრაფიკით.
STUDINFO.GE გთავაზობთ, იმ სამუშაოების ჩამონათვალს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დასაქმდნენ სწავლის პარალელურად.
რეპეტიტორი
თუ თქვენ სკოლაში ან უნივერსიტეტში კარგად სწავლობდით, დიდი ალბათობით, ბევრი ცოდნა და გამოცდილება გექნებათ დაგროვილი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი სკოლაში თუ უნივერსიტეტში სწავლისას, სხვადასხვა სახის დაბრკოლებებს აწყდება, ამიტომაც, ხშირად მიმართავენ რეპეტიტორებს. ასეთ შემთხვევებში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი გამოცდილება და მოამზადოთ მოსწავლეები, აბიტურიენტები ან ნებისმიერი მსურველი ისეთ საგნებში, რომლებშიც კომპეტენტური ხართ. იქნება ეს სასკოლო საგნები თუ უცხოური ენები. ნუ შემოიფარგლებით, მხოლოდ იმ გეოგრაფიული არეალით, სადაც ცხოვრობთ, გამოიყენეთ ყველა ტექნოლოგიური შესაძლებლობა, პირველ რიგში კი ინტერნეტი, რომელიც, დღეს სწავლების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. რაც მთავარია, ამ სფეროში, სამუშაო გრაფიკსა და სწავლების ღირებულებას თავად საზღვრავთ.
მთარგმნელი/თარჯიმანი
თუ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ წერა-კითხვა უცხო ენაზე, იცით მინიმუმ ორი ენა და გესმით პროფესიული თარგმანის საფუძვლები, მაშინ თქვენ, როგორც თარჯიმანმა, შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ძალიან კარგი ფული. თარჯიმნები იღებენ ყველანაირ დოკუმენტს ( დაწყებული სცენარებიდან, დამთავრებული სხვადასხვა სახელმძღვანელოებით) და თარგმნიან სხვადასხვა ენაზე. რაც შეეხება ანაზღაურებას, ეს დამოკიდებულია ტექსტის სირთულეზე, სათარგმნი მასალის გვერდების ოდენობაზე, ასევე პერიოდზე, რა დროშიც ნათარგმნი მასალა უნდა ჩაბარდეს.
ინტერვიუერი
ალბათ ხშირად გსმენიათ სხვადასხვა სახის სოციოლოგიური კვლევების შესახებ, რომლებიც ფართო მასების დამოკიდებულებას სწავლობს ამა თუ იმ საკითხის, კომპანიისა და პროდუქტის მიმართ. ინტერვიუერი, ეს არის კვლევითი ჯგუფის წევრი, რომელიც უშუალოდ ესაუბრება რესპონდენტებს, მიმართავს მას წინასწარ შედგენილი კითხვარის კითხვებით და ინიშნავს მიღებულ პასუხებს. იგი მონაწილეობს სატელეფონო ან ქუჩის გამოკითხვებში, კარდაკარ და სხვა. რაიმე წინასწარი ცოდნა ინტერვიუერობისთვის საჭირო არაა, ძირითადად, კვლევის წინ კვლევითი კომპანია თავად ატრენინგებს ინტერვიუერს, რაც შეეხება ხელფასს, თითოეული კვლევა სხვადასხვა ღირებულებისაა და მისი წარმატებით შესრულება დამოკიდებულია ინტერვიუერის მზაობაზე, რამდენადაც თქვენ გეძლევათ კონკრეტული ვადა კვლევის ჩასატარებლად, ხოლო, თუ როგორ გაანაწილებთ დროს ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
სოციალური მედიის მენეჯერი
ყოველდღიურად ჩვენ დიდ დროს ვატარებთ სოციალურ ქსელებში, იქნება ეს Facebook, Instagram, Twitter, TikTok, თუ სხვა. თუ თქვენ სოციალურ ქსელში გაქვთ ბევრი მოწონება და კომენტარი, ან გეხერხებათ, რომ პოსტების საშუალებით ხალხს მისცეთ მოტივაცია, თქვენ შეგიძლიათ ეს უნარი პროფესიად აქციოთ.
დღესდღეობით, სოციალური მედია, ბიზნესის განვითარების ძლიერი იარაღი და კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. ალბათ, წარმოუდგენელია კომპანიას არ ჰქონდეს Facebook ან Instagram გვერდები, სადაც სასურველი აუდიტორიის შემოკრება და კომპანის პოპულარიზაცია მიმდინარეობს.
სოციალური მედიის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური მედიის მენეჯერებს ძირითადად ევალებათ, კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და შესრულება, მომხმარებელთან კომუნიკაცია, კომენტარებისა და შეტყობინებების მოდერირება, კომპანიის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება, ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობადობის გაზრდისთვის და სხვა. რაც მთავარია, სამუშაო ხშირად დისტანციურია, გრაფიკი კი სავსებით შეთავსებადი სწავლასთან.
ფრილანსერი მწერალი
თუ სოციალური მედიის მენეჯერი ქმნის სტრატეგიას, რომელიც აფართოებს აუდიტორიას და ხელს უწყობს კომპანიის პოპულარიზაციას. ფრილანსერი მწერლები უშუალოდ შინაარსობრივ კონტენტს ქმნიან. დღეს სულ უფრო მეტ კომპანიას სურს, გრძელვადიანი ურთიერთობა დაამყაროს თავისი სამიზნე აუდიტორიასთან, რასაც უმაღლესი ხარისხის კონტენტის შეთავაზებით ახერხებენ.
ფრილანსერები ეცნობიან მარკეტინგულ ტენდენციებს, კვლევებს და ხვდებიან რა შინაარსის ტექსტები მუშაობს საუკეთესოდ. ფრილანსერ მწერლობა საკმაოდ მრავალფეროვანია, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ სტატიები,თუნდაც ერთი სტატია მცირე ბლოგისთვის ან რომელიმე ონლაინგამოცემისთვის, ასევე სცენარები ვიდეორგოლებისთვის ან თუნდაც ვებ-გვერდებისთვის. თითოეულ სტატიაში თუ ტექსტში თქვენ მიიღებთ შესაბამის გასამრჯელოს, რომელსაც წინასწარ შეუთანხმებთ დამსაქმებელს, მასალის ჩაბარების თარიღთან ერთად.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სფეროში არ არის მკაცრად განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი, თქვენ გაქვთ პროექტი და კონკრეტული ვადა, როდესაც აღებული სამუშაო უნდა ჩააბაროთ. შესაბამისად, ნებისმიერი სტუდენტი დატვირთული გრაფიკითა და ძლიერი მოტივაციით მარტივად შეძლებს თანხის გამომუშავებას სწავლის პარალელურად.
რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება მოვიძიოთ მსგავსი სამუშაოები. პირველ რიგში, ეწვიეთ ვებ-გვერდებს, სადაც სხვადასხვა სახის ვაკანსიებია განთავსებული, მაგალითად: Jobs.ge, HR.ge და სხვა, ასევე Facebook ჯგუფებს, მაგალითად: ფრილანსერი, იპოვე მასწავლებელი, თარჯიმნები და სხვა.
ავტორი: თეკლა ადამია