რატომ არის მნიშვნელოვანი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სასწავლო კურსის გავლა

კულტურა

თბილისში პირველ საბალეტო სტუდიას საფუძველი ჩაუყარა იტალიელმა მოცეკვავემ მ.პერინიმ. ეს იყო საწყისი ეტაპი, რამაც შემდგომში განავითარა საბალეტო ხელოვნების სასწავლო პრაქტიკა. 1951 წელს ქორეოგრაფიულ სასწავლებელს სათავეში ჩაუდგა მოცეკვავე, პედაგოგი ვ. ჭაბუკიანი, რომელიც სასწავლებლის წამყვანი პედაგოგი და ამავე დროს, სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო.

ამ პერიოდში, სასწავლებელში სწავლების სისტემა მოსკოვის პროგრამით მიმდინარეობდა, სადაც ისწავლებოდა: თეატრისა და ბალეტის ისტორია, მარქსისტულ-ლენინური თეორია, ასევე კლასიკური, ხალხური, საბალეტო ცეკვები და მსახიობის ხელოვნება. პედაგოგების მიზანი იყო გამოემჟღავნებინათ თითოეული მოსწავლის შემოქმედებითი შესაძლებლობები და ესწავლებინათ განცდის თეორია, რომელიც გულისხმობს, სპექტაკლში მოქმედი გმირის სახის ამოცნობას, თითოეული გმირის კვლევის და შესწავლის საფუძველზე. ვ.ჭაბუკიანის მიერ დადგმული სპექტაკლები: „მთების გული“, „ლაურენსია“ „სინათლე“, „გორდა“, „ოტელო“, „ჰამლეტი“ და ა.შ. გამოირჩეოდა ინდივიდუალური შესრულების ტექნიკით. ნიშანდობლივია ის, რომ ქორეოგრაფიული ხელოვნებისთვის უმთავრესია ახალი პლასტიკური ფორმების მიმართულებით ძიების პროცესი და ქორეოგრაფიული ტრადიციების ახლებურად დანახვა.

მ. პერინის მიერ დაარსებული ქორეოგრაფიული სასწავლებლის არსებობის დღიდან მოსწავლეები, ყოველდღიური მუშაობის შედეგად, საცეკვაო ტექნიკის დახვეწის პროცესს გადიან. 2004 წლიდან მოყოლებული, მაშინ, როდესაც საბალეტო სკოლას სათავეში ჩაუდგა ნინო ანანიაშვილი, მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას ისეთ დადგმებში როგორიცა: პეტრე ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“, ადანის „ჟიზელი“ , ვერდის „აიდა“, მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და სხვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სასწავლო კურსის გავლა?

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვ. ჭაბუკიანის მოღვაწეობის პერიოდში სკოლაში დაინერგა სწავლების მეთოდი, რომელიც გულისხმობს ერთ შენობაში კლასიკური ცეკვისა და ზოგად საგანმანათლებლო საგნების (მათემატიკა, ქართული, რუსული და ა.შ) შესწავლას, რაც თავისთავად მოიაზრებს იმას, რომ მოსწავლეს ორ სხვადასხვა სკოლაში სიარულში არ ეკარგება დრო.

მეორე, მოსწავლეს სწავლების საწყის ეტაპზე ნებისყოფა უმუშავდება, რომელიც ფიზიკური და შემოქმედებითი ენერგიის შედეგად მიიღება. მოსამზადებელ ჯგუფში მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს: კლასიკურ, ქართულ, ისტორიულ-ყოფით ცეკვებს, რითმიკისა და გაწელვის გაკვეთილებს. მოსამზადებელი ჯგუფის შემდეგ მოსწავლეს უმუშავდება უნარ-ჩვევები, როგორიცაა: ფიზიკური შრომა, ნებისყოფა, საცეკვაო ტექნიკის დახვეწა, კორდინაციის უნარი და სხვა. კონკრეტულ სპექტაკლზე მუშაობისას პედაგოგები ასწავლიან მოსწავლეებს გმირის ხასიათის ამოცნობას, პუანტების ფლობის ტექნიკას და სხვა.

ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, გარდა საბალეტო ხელოვნების დაუფლებისა, მოსწავლეს, დამატებითად სამსახიობო ოსტატობის კურსის არჩევა შეუძლია. სადაც შეისწავლის: მსახიობის ოსტატობას, მეტყველებას, ვოკალს, სცენოგრაფიას, მუსიკისა და ბალეტის ისტორიას. წელიწადში ორჯერ მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ საბალეტო დადგმებში, ასევე კურს დამთავრებულები მოღვაწეობენ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრების სცენაზე. ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლის მთავარი მიზანი უნდა იყოს საკუთარი სხეულის ენის პოვნა , რომელიც იქნება გააზრებულ კვლევაზე დამყარებული და ამაში მოსწავლეს უნდა დაეხმაროს ქორეოგრაფიული სასწავლებელი.

გიზიარებთ დოკუმენტურ ფილმს, „ბალეტი საქართველოში“, რომელიც რეალურ და უცნობ ფაქტებს ასახავს. ფილმის ავტორები მაყურებელს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ამოგზაურებენ და აჩვენებენ ქართული ბალეტის შექმნის ისტორიულ ფრაგმენტებს.

ავტორი: სოფია ნადიბაიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები