თინათინ ქავთარაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველასაგან გამორჩეული და საყვარელი ლექტორია. იგი საბაკალავრო საფეხურზე კითხულობს კურსებს – აკადემიური მუშაობის ტექნიკები და შესავალი თანამედროვე აზროვნებაში.
იმისთვის, რომ სტუდენტებმა თავიანთი საყვარელი ლექტორი არააკადემიურ სივრცეში გაიცნონ, STUDINFO.GE თინათინ ქავთარაძესთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ… ზამთარში, საკლასო ოთახში, ნავთის სუნი არ ყოფილიყო.
სკოლის ასაკში მეგონა, რომ… უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარებდი, რადგან 90-იან წლებში ეს ნეპოტიზმით და კორუფციით ხდებოდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე.
როგორც ლექტორი ვარ… გაფაციცებული, რათა რომელიმე საკითხი სტუდენტებისთვის გაუგებარი არ დარჩეს.
ჩემი პროფესია ჩემთვის არის… ყოველდღიური გამოწვევა, რაც მოტივაციას მაძლევს გავხდე ჩემი საქმის ვირტუოზი.
პირველი ლექციის ჩატარებისას… ვღელავდი იმაზე, რამდენად შევძლებდი სტუდენტებისთვის მესწავლებინა კრიტიკული აზროვნება. ეს უპირველესია, რადგან თანამედროვე სამყაროს გამოწვევები ადამიანისგან აზრის გათავისუფლებას და ყველა პრობლემის გონების სამსჯავროზე გამოტანას ითხოვს.
როცა ვამჩნევ, რომ ვინმე იწერს… ის აუცილებლად შეამჩნევს, რომ მე ეს დავინახე.
როცა ქულის მომატებას მთხოვენ… ვითვალისწინებ სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას: რამდენად მონდომებული იყო ის კურსის განმავლობაში. შეფასებისას მნიშვნელოვანია დააკვირდე სტუდენტის პროგრესს: რა ცოდნა ჰქონდა მას დასაწყისში და როგორ განვითარდა.
ის, რაც სტუდენტებმა ჩემზე არ იციან… ვგიჟდები მაკდონალდსის ჩიზბურგერზე, ერთდროულად სამს ვჭამ.
ყველაზე მეტად, რაც საკუთარ თავში მომწონს… სულ ვსწავლობ. ლექციამდე ბევრს ვმუშაობ, ვემზადები. ვფიქრობ, მეტ აქტივობებზე, რაც მეტ ინტერაქციას გამოიწვევს. სულ ვცდილობ განვვითარდე.
ისტორიული ფიგურა, რომელიც ვიქნებოდი არის… მარტინ ლუთერ კინგი.
წარსულში ან მომავალში მოგზაურობა რომ შემომთავაზონ ავირჩევდი…მეთვრამეტე საუკუნის ინგლისს, იქნებ მომცემოდა შესაძლებლობა გამეცნო ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მერი უოლსტოუნკრაფტი.
წიგნი, რომლმაც შემცვალა არის… ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკის “გზა ბატონყმობისკენ”. გავიაზრე თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად კონკურენტული გარემოს არსებობა.
რჩევა, რომელსაც სტუდენტებს ხშირად ვაძლევ… დააყენეთ ეჭვის ქვეშ ყველაფერი, განსაკუთრებით ავტორიტეტები. არ უნდა არსებობდეს სივრცე, რომელიც დარჩება კრიტიკის მიღმა.
ავტორი: მარიამ მერლანი