ქეთევან ჟორჟოლიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტი Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამით პოლონეთში, ლომჟის გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთი სემესტრის განმავლობაში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სწავლობს.
როგორ მიიღო მან საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილება, რა სირთულეებთან მოუწია გამკლავება და როგორია მისი ცხოვრება პოლონეთში – ქეთევანი თავად გიამბობთ.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი
დგება მომენტი, როდესაც უნდა შეაბიჯო თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე ცხოვრებაში. Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა კი –განსაკუთრებით პანდემიის პირობებში – ვფიქრობ, ამ თავგადასავლების ძიებისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
ილიაუნიში სწავლის დროს მუდმივად ვცდილობდი, ვყოფილიყავი აქტიური სტუდენტი და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტში, ღონისძიებასა თუ მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობით ჩემში აღმომეჩინა და გამომემუშავებინა ის უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევები, რომელთა გარეშე დღეს წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია.
ამ ყველაფერმა საშუალება მომცა, სხვადასხვა მიმართულებით შემეძინა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება და, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დამეხმარა Erasmus+ სტიპენდიის მოპოვებასა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებაში.
ყველაზე რთული გადაწყვეტილება
COVID-19 პანდემიის პირობებში გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ბევრ დაბრკოლებასთან მომიწია გამკლავება როგორც საბუთების შეგროვებისა და გამგზავრების პროცესში, ასევე პოლონეთში ცხოვრებისას. ცხადია, რთულია ცხოვრება უცხო გარემოში სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში, სადაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო სწავლებასთან ერთად ურთიერთობებმაც ონლაინ გადაინაცვლა, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში ჩამოსულ სტუდენტებსაც ვირტუალურად გვიწევდა კომუნიკაცია. ამ ყველაფერმა Erasmus+-ის მთავარი ღირებულებები, – ახალი ურთიერთობები, სხვა ქვეყნების კულტურათა გაცნობა და თავგადასავლების ძიება – თითქოს გააუფასურა.
რა ვისწავლე
მიუხედავად ამისა, აქ ყოფნისას ვისწავლე ის, რაც სახელმძღვანელოებით არ ისწავლება, ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღება, დაბრკოლებებთან ბრძოლა და იმ თუნდაც მცირე პრობლემების მარტო გადალახვა, რომლებთან გამკლავებაშიც აქამდე ოჯახი ან მეგობრები მეხმარებოდნენ. ეს ყველაფერი კი, ვფიქრობ, აქ მიღებულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩემს კარიერულ განვითარებაში.
ილიაუნის როლი
აბიტურიენტობისას უნივერსიტეტის შერჩევის პროცესში ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს სასწავლო გარემო წარმოადგენდა, ურთიერთობები სტუდენტსა და ლექტორებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის. ილიაუნი სწორედ ამით გამოირჩევა, ყოველთვის ვგრძნობ მეგობრულ დამოკიდებულებას სტაფისა და ლექტორების მხრიდან, ვგრძნობ, რომ სტუდენტი მნიშვნელოვანია და უნდა მქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი. Erasmus+-ის ფარგლებში უნივერსიტეტის შერჩევისასაც ამას მივაქციე განსაკუთრებით დიდი ყურადღება და ძალიან მიხარია, რომ მოლოდინი გამიმართლდა და დამხვდა ისეთივე მეგობრული და უშუალო გარემო, როგორიცილიაუნიშია. ლექტორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეგვიქმნან კომფორტული გარემო, დაგვეხმარონ ყველანაირი სირთულის დაძლევასა და განწყობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით ამ პირობებში, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის და საერთაშორისო სტუდენტებისთვის საზღვარგვარეთ ცხოვრებაც კი დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
საქართველოს პოპულარიზაცია
პოლონეთში სწავლისას ბევრ საინტერესო ლექტორთან მქონდა კურსის გავლის შესაძლებლობა, თუმცა შემიძლია გამოვყო ევროკავშირის სამართლის ლექტორი ანა, რომლისგანაც გარდა იმისა, რომ მივიღე დიდი ცოდნა და ბევრი საინტერესო ინფორმაცია, ასევე პირველივე ლექციიდან ვიგრძენი თბილი და მეგობრული დამოკიდებულება. ლექციაზე გათვალისწინებული საკითხების გარდა იგი მუდმივად ცდილობდა გვესაუბრა სხვადასხვა თემაზე, უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი და ყოფილიყო ჩემი მეგობარიც. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემთან შეხვედრამდე მოიძია ბევრი ინფორმაცია საქართველოზე, ჩვენს კულტურასა და ისტორიაზე, რითაც ძალიან მოიხიბლა, საქართველოში მოგზაურობის დიდი სურვილი გამოხატა და ჩვენი ქვეყანა „ნამდვილ სამოთხედ“ მოიხსენია.
რჩევა სტუდენტებს
გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს ვურჩევ, აუცილებლად სცადონ Erasmus+-ში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რამდენი ცდა დასჭირდებათ, არ დანებდნენ და ყოყმანის გარეშე მიიღონ ეს გამოწვევა. ნუ შეეშინდებათ სიახლეების და სირთულეებისა, რადგან ეს მათი განვითარებისა და კარიერული წინსვლისკენ გადადგმული ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯი იქნება.