გზა ბევრი მარცხიდან გუგლ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელობამდე – ახალციხელი სტუდენტის წარმატების ისტორია 

სტუდენტური ცხოვრება

თამთა კაპანაძე 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სასწავლო პროგრამის ,,სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” ერთ-ერთი მონაწილე იყო. დღეს ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და უკვე ქუთაისში არსებული გუგლ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელია. მას დიდი გეგმები აქვს, როგორც საქართველოს, ასევე კონკრეტულად მისი რეგიონის, ახალციხის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით. საკუთარი გამოცდილება თამთამ STUDINFO.GE-ს გაუზიარა.

– პირველ რიგში, როგორი იყო თამთა კაპანაძე ბავშვობაში? რა სურვილები ჰქონდა მას, რაზე ოცნებობდა?

ძალიან მავნე, მოუსვენარი და ჯიუტი ბავშვი ვიყავი, როგორც სხვები. ჩემი სოფელი იმდენად პატარაა, რომ ყველა დიდი ოჯახივით ვართ. ყველას იცნობ, ყველას უყვარხარ და შენც ყველა გიყვარს. აქ უფროსები ბავშვებს პატარა მეგობრებად თვლიან, ამიტომ მეც ძალიან მსიამოვნებდა ხალხთან ურთიერთობა. თუმცა ზოგჯერ იმდენად პირდაპირი ვიყავი, რომ დღესაც წინ მხვდება პატარა ჯიუტი თამთას ,,ეკლიანი” ფრაზები, რაც ახლა ძალიან სასაცილოა.

სამწუხაროდ, სოფელში ბაღი არ იყო, ამიტომ სკოლამდელი განათლება სახლში მივიღე. მინდოდა მხატვარი და მასწავლებელი გამოვსულიყავი.

– როგორ ფიქრობ, რა როლს ასრულებს ოჯახის ფაქტორი ბავშვის განვითარებასა და წარმატებაში და რა როლი ითამაშა ოჯახმა პირადად თქვენს ცხოვრებაში?

ჩემი აზრით, ოჯახის როლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საკითხში. ვფიქრობ, მშობლებმა უნდა დაანახონ შვილებს კონკრეტული თემის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ურჩიონ მათ და ასწავლონ, რომ თვითონ ბავშვები არიან პასუხისმგებელნი საკუთარ გადაწყვეტილებებზე, მიღებულ შედეგებსა და მთლიანად ცხოვრებაზე. ჩემი აზრით, ასე უფრო ძლიერი გაიზრდება ბავშვი და ზრდასრულობის ასაკში ნაკლებად იქნება ოჯახზე დამოკიდებული.

ყველაზე მეტად იმაში გამიმართლა, რომ ჩემს მშობლებს ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით და თავიდანვე მასწავლეს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მე ვიყავი პასუხისმგებელი, რომ ჩემი არჩევანი განსაზღვრავდა ჩემს მომავალს. ახლა, შეძლებისდაგვარად, გადაწყვეტილების მიღებამდე, ვაანალიზებ თუ რა ზეგავლენას მოახდენს ესა თუ ის ნაბიჯი ჩემს მომავალზე.

ის, რაც ოჯახისგან ვისწავლე, ყველაზე ღირებული ცოდნაა ჩემთვის. ცოდნა, რომელიც რეალურად მაქცევს ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანად.

– პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს?

რეგიონში ცხოვრებას ბევრი დადებითი მხარე აქვს ბავშვებისთვის, მეტი სივრცე და მეტი ურთიერთობაა, თუმცა, ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. სკოლის პერიოდში დიდ პროექტებში მონაწილეობის მიზნით მივდიოდი თბილისში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ პრობლემებთან ასოცირდებოდა და ყოველთვის ვერ ვახერხებდი წასვლას.

რეგიონში, ქალაქების სკოლებთან შედარებით, სოფლის სკოლებში კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობაა. როდესაც მოსწავლე ვიყავი ასეთ დიდ განსხვავებას ვერ ვხედავდი, თუმცა ახლა კარგად ვიაზრებ, რა დიდი სხვაობაა შესაძლებლობების კუთხით თბილისსა და რეგიონებს, რეგიონის დიდ ცენტრებსა და სოფლებს შორის. ეს ეხება როგორც საგანმანათლებლო პროექტებს, ასევე სპორტულ და ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

– როგორც ვიცით, FLEX-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღების რამოდენიმე მცდელობა გქონდათ, თუმცა უშედეგოდ. როგორ აისახა ეს თქვენს ცხოვრებაზე და რამდენად შესაძლებელია, მარცხი ან უარი ადამიანის ინსპირაციისა და მოტივაციის წყარო გახდეს?

FLEX-პროგრამა საკუთარი თავით ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. ამერიკაში სწავლა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. მაშინ ყველაზე ახლოს ვიყავი ამ ოცნების ახდენასთან, თუმცა ისე არ მოხდა, როგორც ველოდი. დღესაც კი რთულია, როცა ამას ვიხსენებ.

მას შემდეგ ჩემს თავს ყოველ კონკურსში იმას ვაჯერებ, რომ მთავარია ჩემი მაქსიმუმი ვცადო და თუ უარს მივიღებ არაუშავს, შემდეგზე გამოვა. FLEX-ის მერე, თითქოს ყველა კონკურსზე ველი, რომ უარს მივიღებ. უკვე ყველა უარყოფით პასუხს ჩვეულებრივად ვიღებ, ზედმეტი ცუდი ემოციების გარეშე. უბრალოდ მხოლოდ იმას ვუფიქრდები, თუ რატომ არ მიმიღეს და რა შემეშალა, რომ შემდეგში გავითვალისწინო.

ამ დამოკიდებულების გამო დადებითი პასუხის მიღებისას ჩვეულებრივზე მეტად მიხარია და ყველა ამ შესაძლებლობას ვუყურებ, როგორც საშუალებას ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

– თქვენ მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარეთ. რამ განაპირობა ეს და როგორ ფიქრობთ, რა სახის სტერეოტიპული დამოკიდებულებები არსებობს საზოგადოებაში პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით?

მათემატიკის სიყვარული, ალბათ, ოჯახის წევრების დამსახურებაა. დედა მათემატიკოსია, მამაც კარგად ერკვევა ტექნიკურ საგნებში. სახლშიც უმეტესად მათემატიკას ვმეცადინეობდით. ბავშვობიდანვე ჩემს თავს უფრო ტექნიკურ სფეროში ვხედავდი,მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი რა მიმართულებით გავაგრძელებდი მუშაობას და რადგან მათემატიკა ძალიან ბევრი სფეროს წინაპირობაა, გადავწყვიტე ამ სპეციალობაზე ჩაბარება.

თავიდან ბევრს ეგონა, რომ მასწავლებლობას ვაპირებდი, თუმცა ალბათ ძალიან გამიჭირდება საკლასო ოთახში შევიდე და მომავალი თაობები აღვზარდო. ჩემთვის მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან მასწავლებლის ხელშია ძალიან ბევრი ადამიანის და საბოლოოდ ქვეყნის მომავალი.

სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს რაც შეეხება, ძალიან ბევრ გოგოზე მოქმედებს ხოლმე ფრაზები, რომ მათემატიკას ბიჭის ტვინი სჭირდება. ზოგი მიიჩნევს, რომ მსგავს მიდგომას არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ადამიანზე, მაგრამ პირადი გამოცდილებით ვიცი, რამდენად ცუდი შეიძლება აღმოჩნდეს პატარა ბავშვის გასაგონად ან მისი მიმართულებით ამის თქმა.

მე, ჩემი სიჯიუტის გამო, მცირე ასაკიდანვე არ მომწონდა და დიდ ყურადღებას არც ვაქცევდი ამ სტერეოტიპულ მიდგომებს, პირიქით, ზოგჯერ სპეციალურად ჯიბრშიც კი ვუდგებოდი.

– როგორც სტუდენტი, როგორ შეაფასებდით საქართველოს განათლების სისტემას?

არავისთვის არ იქნება სიახლე, თუ ვიტყვი, რომ განათლების სისტემაში ძალიან ბევრი ხარვეზია. ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრ უნივერსიტეტს სილაბუსი ცუდად აქვს შედგენილი. ასევე, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება ნაკლებად გვეძლევა.

მნიშვნელოვანია სწავლის ყველა საფეხური ერთმანეთთან მყარად იყოს დაკავშირებული. სკოლა უნდა გვამზადებდეს კოლეჯისთვის/უნივერსიტეტისთვის, როგორც კონკრეტული თემების ცოდნით, ასევე სხვა საჭირო უნარების განვითარებით, ხოლო უნივერსიტეტები-სამსახურისთვის.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ძალიან რთულია სამსახურის დაწყება და კურსდამთავრებულს უწევს კიდევ დამატებით კურსების და სტაჟირებების გავლა. ცალკე პრობლემას წარმოადგენენ კომპანიები, რომლებიც უხელფასო სტაჟირებებით ბოროტად სარგებლობენ.

– როგორც ცნობილია, ქუთაისში ,,ჯი და ჯი ქუთაისი”- ანუ გუგლ დეველოპერების გუნდი ჩამოაყალიბეთ. პანდემიის ფონზე თუ ახორციელებთ პროექტებს და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

პანდემიის გამო ღონისძიებებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა და ეს კარგი შანსი აღმოჩნდა უფრო დიდი ღონისძიებები ჩაგვეტარებინა და მოგვეწვია ისეთი სპიკერები, რომლებიც ქუთაისში არ ცხოვრობენ.

ასევე გუგლ დეველოპერების სხვა გაერთიანებებთან ერთად თებერვალში ვმასპინძლობთ ონლაინ ბანაკს სკოლის მოსწავლეებისთვის, სადაც გავაერთიანებთ 50 მოსწავლეს მთელი საქართველოს მაშტაბით. სესიების დახმარებით ვგეგმავთ მოსწავლეებს გავაცნოთ ტექნოლოგიების სფერო, მისი უსაზღვრო შესაძლებლობები და დავეხმაროთ მათ მომავალი პროფესიის არჩევაში.

– გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები. უკავშირდება თუ არა ის საქართველოს და კონკრეტულად ახალციხის მუნიციპალიტეტს?

როდესაც შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას დავაგროვებ ვაპირებ ახალციხეში დაბრუნებას. მათემატიკის სიყვარულის გამო ყოველთვის მინდოდა კომაროვის, რაზმაძის და ვეკუას მსგავსი სკოლა გვქონოდა ახალციხეში. ჩემი პირველი გეგმა სწორედ მათემატიკის და პროგრამირების გაძლიერებული სკოლის შექმნაა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ინოვაციური ვერაფერი შევქმნა, ვიცი რას გადმოვიღებ საქართველოს სხვა ქალაქების და სხვა ქვეყნის მაგალითებიდან.

ჩემი დიდი მიზანია, ისეთი რეგიონის შექმნა, საიდანაც ახალგაზრდები სხვაგან არ წავლენ მეტი განვითარებისთვის და აქ, თავიანთ რეგიონებში, შეძლებენ ხარისხიანი განათლების მიღებასა და კარიერის აწყობას.

– რა რჩევას მისცემდით სკოლის მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს?

ძალიან რთულია სხვისთვის რჩევის მიცემა, როდესაც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გაქვს. ერთადერთი, რასაც საკუთარ თავსაც ვუმეორებ ხოლმე არის ის, რომ მარტივი არაფერია და პატარა ნაბიჯებითაც შეიძლება მიზნის მიღწევა, მთავარია არ გაჩერდე.

ავტორი: მარიამ მერლანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები