“მრცხვენია აუდიტორიაში პირველი შესვლის” – ილიაუნელების საყვარელი ლექტორის უცნობი მხარე

ინტერვიუ

თუ თქვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იკითხავთ – ვინ არის სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლექტორი? – ისინი აუცილებლად კონსტანტინე ლადარიას დაასახელებენ, რომელიც ილიას უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე რელიგიის სოციოლოგიის სფეროში სალექციო კურსებს კითხულობს.

კონსტანტინე ლადარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის“ წევრია, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს აკადემიური და პუბლიცისტური სტატიები რელიგიისა და პოლიტიკის სფეროებში. იგი კითხულობდა მოხსენებებსა და საჯარო ლექციებს ქართულ ინტერ-ეთნიკურ ურთიერთობებსა და რელიგიურ შეუწყნარებლობაზე.

იმისათვის, რომ ყველასთვის საყვარელი ლექტორი არააკადემიურ სივრცეში გაიცნოთ, STUDINFO.GE გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს კონსტანტინე ლადარიასთან.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… კლასიდან გავპარულიყავი.

ფაქტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა… ეგეთი ორი ფაქტი მოხდა ერთს ნოდარი დავარქვი, მეორეს – ალექსანდრა.

ვამაყობ…  საყვარელ ლექტორად რომ დამასახელეს. დღეს ამით ვამაყობ. ხვალ ვნახავ რა იქნება.

მიყვარს… ლექციის ბოლო წუთებში მომზადება. ჩემი გამოცდილებით, ზედმეტი მომზადებით გადამლაშებული ლექციები გამოდის ხოლმე.

მწამს… უახლოეს მომავალში სწავლა სრულად დისტანციურ ფორმაზე გადავა.

მაინტერესებს… მეფუტკრეობა. ოღონდ, სამწუხაროდ, წიგნების მიღმა ეს ინტერესი ვერ მიდის.

მეშინია… იმ ერთი შურისმაძიებელი სტუდენტის, რომელიც ბნელ მოსახვევში დამხვდება და პასუხს მომთხოვს ცოდვებისთვის.

მრცხვენია… აუდიტორიაში პირველი შესვლის. სად გავიქცე და დავიმალო არ ვიცი ხოლმე. თუმცა დისტანციურ სწავლებას ეს პრობლემა არ ახლავს თან.

ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად მახასიათებს… „იდეინი“. ბოდიში ჟარგონისთვის.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს საკუთარ თავში… ფხა. ოღონდ სხვანაირად არ გაიგოთ – ლაყუჩები და ფარფლები არ მაქვს.

ჩემი პირველი წარმატება… პიანინოზე ვუკრავდი კარგად. კონკურსებშიც კი ვიმარჯვებდი. სწორედ ამ სფეროში გავიგე წარმატების გემო პირველად.

სტუდენტობისას ხშირად… ხშირად არ მახსოვს, მაგრამ ერთხელ ბატონი გია ნოდიას ლექციაზე ჩამეძინა. მახსოვს როგორ გამაღვიძეს.

როგორც ლექტორი ვარ… რავიცი, მგონი, არა მიშავს.

მომწონს სტუდენტი, რომელიც… ბევრ კითხვებს სვამს. ეგეთ სტუდენტებს თვითონ შეუძლიათ ლექციის ჩატარება.

ქულის მომატებას, როცა მთხოვენ… თავადაც მიხვდებით. საყვარელ ლექტორად უმიზეზოდ არ დამასახელებდნენ.

ფაქტი, რაც სტუდენტებმა ჩემ შესახებ არ იციან… რაც სახლიდან ვატარებ ლექციებს უკვე ყველაფერი იციან.

სუპერ ძალა რომ მქონდეს… „ლექტორმენი“ მერქმეოდა, უსაზღვრო ძალა მექნებოდა, ოღონდ არ მეცოდინებოდა რა მინდა.

ჩემი საყვარელი პერსონაჟია… არ გექნებათ წაკითხული, მოსაყოლად კი გრძელი ამბავია.

ფილმი, რომლის ყურებაც არ მბეზრდება… ტერმინატორი 2: განკითხვის დღე. ოღონდ მართლა.

სოციოლოგია ჩემთვის არის… ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი. მომიტაცა და მეც დავრჩი…

ჩემი მიმართულების გარდა, საკუთარ თავს ვხედავ… რელიგიის სოციოლოგიის გარდა Addiction ანუ დამოკიდებულების (მაგ. ინტერნეტ დამოკიდებულების) კვლევის ინტერესი გამიჩნდა.

ჩემი სფეროს ერთ-ერთი თემა, რომელზე მუშაობაც არასდროს მომბეზრდება, არის… დანაშაულებრივი სამყაროს კვლევა. ჩემი პირველი ინტერესი სოციოლოგიაში სწორედ ის იყო და დღემდე არ გამნელებია ინტერესი მის მიმართ.

რელიგიის ახალი სოციოლოგიის მარქსისტული თუ ბურჟუაზიული ფორმა?… შინაარსით რელიგიური, ფორმით სეკულარული.

რჩევა, რომელსაც სტუდენტებს ვაძლევ… მოითხოვეთ ბევრი, რომ ცოტა მაინც მიიღოთ.

ავტორი: თეკლა ადამია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები