“უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფულადი დახმარება გამოუყო სტუდენტებს” – ქართველი სტუდენტის იტალიური გამოცდილება კოვიდის ფონზე

ინტერვიუ

2020 წლის მსოფლიო პანდემიის ფონზე, განსაკუთრებით მძიმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა განათლების სისტემა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოუხდა დისტანციური სწავლებაზე გადაწყობა და ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ამ კუთხით საქართველოში არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დისტანციური სწავლების პირობებში მოსწავლეები და სტუდენტები, მათ გარდა არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს უმკლავდებიან.

ანი მიქაბერიძე რადენიმე წელია, რაც ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად საქართველოდან იტალიაში გადავიდა. ქართული სკოლის მოსწავლეს, იტალიური სკოლის გამოცდების ჩაბარებაც მოუხდა და მოგვიანებით უნივერსიტეტის სტუდენტიც გახდა. ის STUDINFO.GE-სთან კოვიდპანდემიის შედეგად შეცვლილ სტუდენტურ ცხოვრებაზე საუბრობს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

– 2020 წელი იყო ყველაზე უჩვეულო მთელი მსოფლიოსთვის, რა ცვლილებები მოიტანა ამ წელმა შენთვის, როგორც სტუდენტისთვის, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება? 

– რა თქმა უნდა, როგორც ყველა, გადავედი ონლაინ სწავლებაზე. თავიდან რთული იყო ნამდვილად, არამარტო ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, არამედ ლექტორებისთვისაც, განსაკუთრებით ასაკოვანი ლექტორებისთვის, მაგრამ როგორც ვიცი, ისინი გადაამზადეს და ეხმარებოდნენ ტექნიკურად, როგორ უნდა ჩაეტარებინათ ინტერნეტ ლექციები. ამ პერიოდში დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით უნივერსიტეტისგან, რომელიც სისტემატიურად ახდენდა ჩვენს საინფორმაციო უზრუნველყოფას კოვიდთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფულადი დახმარება გამოუყო სტუდენტებს, რომლებიც კოვიდპანდემიის შედეგად ფინანსური პრობლემების წინაშე დადგნენ.

– რა გზა გაიარე იმისთვის, რომ იტალიაში გესწავლა და რამდენად საკმარისი აღმოჩნდა ევროპაში საქართველოში მიღებული განათლება? 

– იტალიაში ჩამოვედი 15 წლის ასაკში. რადგან ძალიან მიყვარდა ტექნიკური საგნები, მშობლებთან ერთად გადავწყვიტე, ამერჩია სამეცნიერო ლიცეუმი. გავიარე გასაუბრება დირექტორთან რომელმაც მათემატიკაში ინდივიდუალური გამოცდა ჩამიტარა. მოგიყვებით, ჩემს პირველ შეხებას სკოლასთან, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სკოლაში ჩემს ინტეგრაციაში. სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წინა წლის მასალის გამოსაკითხად ჩაგვიტარეს მათემატიკის საკონტროლო, მახსოვს, ბოლოს რომ მივაწოდე მასწავლებლებს ჩემი ნამუშევარი, როგორ ცინიკურად გამომხედა, ნამდვილად არ ელოდა, რომ კლასში ყველაზე მაღალ ქულას მივიღებდი. ამ მასწავლებელს ყველაზე მკაცრი და ქულების დაწერაში ყველაზე ძუნწი იმიჯი ჰქონდა სკოლაში. ყველა გაოცებული დარჩა და დაინტერესდნენ ჩემით. შემდეგ, რომ დაინახეს ინგლისურიც კარგად ვიცოდი, ცდილობდნენ ინგლისურად გამსაუბრებოდნენ და მეტი გაეგოთ ჩემზე და ზოგადად ჩვენი ქვეყნის შესახებ. მართლა ძალიან გამიმართლა, მასწავლებლები ცდილობდნენ ყველანაირად დამხმარებოდნენ განათლების მიღებაში და ბავშვებთან ინტეგრაციაში. ძალიან კარგი ჯგუფი შემხვდა და ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც ახლაც ვაგრძელებ მეგობრობას.

სიმართლე რომ ვთქვა, საქართველოდან კარგი ცოდნით ჩამოვედი რამაც ხელი შემიწყო აქ ადგილის დამკვიდრებაში. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომლებიც სულ ცდილობდნენ საუკეთესო სკოლები და საუკეთესო მასწავლებლები შეერჩიათ ჩემთვის. მათემატიკაში კიდევ დიდი წვლილი მიუძღვის მამაჩემს, რომელსაც კომაროვის სკოლა აქვს დამთავრებული, და ჩემს ცნობისმოყვარეობას ამ საგანში ყოველთვის მაკმაყოფილებდა ხოლმე. ჩემი ინგლისურის კარგი ცოდნა ყველაზე მეტად პედაგოგ სოფო ხაჭაპურიძის დამსახურებაა. საქართველოში დაწყებითი საფეხურზე ვსწავლობდი თერჯოლის პირველ საჯარო სკოლაში, შემდეგ გადავედი კერძო სკოლა „მზეკაბანში“, მოგვიანებით კი თბილისში, „ქართულ -იტალიურ სკოლაში“ გადავედი და ცხრა კლასი იქ დავასრულე, ძალიან კარგად მახსოვს ყველა და ყველას მოვიკითხავ დიდი სიყვარულით.

– რა განსხვავება დაინახე ქართულ და იტალიურ სკოლას (განათლების სისტემას) შორის? რაიმე მსგავსება თუ არის? 

– იტალიაში სკოლა არის სამ ეტაპად დაყოფილი, პირველი ეტაპი 6-დან 11 წლამდე, მეორე ეტაპი 11-დან 14 წლამდე და შემდეგ მოსწავლეს აქვს საშუალება აირჩიოს ლიცეუმი ან სხვა ტექნიკური ან პროფესიული ინსტიტუტები. სხვა განხრით შედარება არ შემიძლია რადგან არ ვიცი კარგად საქართველოში ცხრა კლასის შემდეგ როგორ ისწავლება ის საგნები, რაც მე აქ ვისწავლე. აქ რადგან არჩეული მქონდა სამეცნიერო ლიცეუმი, ვსწავლობდი გაძლიერებულად ტექნიკურ საგნებს, დიდი ნაწილი ეკავა ლაბორატორიულ მუშაობას ქიმია-ფიზიკაში, რაც ძალიან საინტერესო იყო. 5 წლის შემდეგ ჩავაბარე ეროვნული გამოცდების ტიპის გამოცდები, რის შემდეგაც გადავწყვიტე ისევ, აქ, ფლორენციაში ეკონომიკის ფაკულტეტზე შესვლა. ახლა უკვე მესამე კურსზე ვარ და ვაპირებ გავაგრძელო მაგისტრატურა ან იტალიაში ან იტალიის გარეთ.

საქართველოსგან განსხვავებით, იტალიაში კერძო სკოლებზე მოთხოვნა ნაკლებია და უფრო პრესტიჟულად ითვლება საჯარო სკოლაში სიარული, საქართველოში კიდევ პირიქით არის და მეც განათლების დიდი ნაწილი კერძო სკოლებში მივიღე. იგივე პრინციპი ვრცელდება უნივერსიტეტებზეც.

– კორონავირუსის პანდემიის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხები, ამ კუთხით რა განსაკუთრებული პრივილეგიები აქვთ იტალიაში მოსწავლეებს და სტუდენტებს? 

– აქ საყოველთაო, ჰუმანური ჯანდაცვის სისტემაა, სახელმწიფო ყველაზე თანაბრად ზრუნავს, უსაბუთო ემიგრანტებზეც კი.

– მსოფლიოში ძალიან დიდი დისკუსიაა ონლაინ განათლებასთან დაკავშირებით, ბევრი ფიქრობს, რომ ამ დროს ხარისხი ნაკლებია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ უფრო მეტი რესურსის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, შენ როგორ ფიქრობ? 

– ვთვლი, რომ სკოლების შემთხვევაში ძალიან რთულია სიტუაცია, რადგან სკოლა დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაში. უნივერსიტეტში კიდევ ვფიქრობ ხარისხის შენარჩუნება არ არის რთული, მაგრამ მაინც დიდი იმედი მაქვს რომ ეს სიტუაცია მალე დასრულდება.

– ბევრი ახალგაზრდა ჩივის, რომ პანდემიამ და იზოლაციის პირობებმა მათ ნერვულ სისტემას დაღი დაასვა, როგორ ახერხებთხოლმე მეგობრები კომუნიკაციას და რამდენად სტრესული ეს პერიოდი თქვენთვის? რა შეზღუდვები მოქმედებს ამ ეტაპზე იტალიაში? 

– რთულია, მაგრამ მეც ვცდილობ რომ კრიზისში არ ჩავვარდე, რადგან აუცილებელი ამ ეტაპზე სახლში ყოფნა, რომ დავიცვათ სხვები და საკუთარი თავიც. უნივერსიტეტისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ამ მხრივ, შემოგვთავაზეს პროგრამა, რომელში მეც ჩავერთე, გვაქვს კონტაქტი სხვადასხვა პროფესიის ქოუჩებთან, რომლებიც გვეხმარებიან როგორ დავგეგმოთ დღე, გვასწავლიან სწორ კვებას და ვაწყობთ ონლაინ შეხვედრებს ტრენერთან რომელიც გვავარჯიშებს კვირაში ორჯერ. ესაა ფიზიკური ვარჯიშები, რაც აუცილებელია. მეგობრებს, რა თქმა უნდა, ვეღარ ვნახულობ, მაგრამ თითქმის ყოველ პარასკევს ჩემს დაქალებთან ერთად ონლაინ ვიკრიბებით და ასეც ძალიან ვერთობით.

ამ ეტაპზე იტალია არის დაყოფილი წითელ-ყველაზე სარისკო ზონად, ფორთოხლისფერი და ყვითელ ზონებად, რომლებშიც სხვადასხვა შეზღუდვები არის დაწესებული და ამას რეგიონებში კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე აფასებს სამინისტრო. მე ახლა ტოსკანაში ვიმყოფები და ჩვენი რეგიონი უკვე ფორთოხლისფერი ზონაში გადავიდა, სადაც შეზღუდულია მუნიციპალიტეტიდან გასვლა საპატიო მიზეზის გარეშე. მთელ იტალიში კი მოქმედებს აგრეთვე კომენდანტის საათი 22-დან დილის 5 საათამდე.

– საქართველოში მიმდინარე პროცესებს ალბათ შორიდან ადევნებ თვალს, განიხილავ თუ არა დაბრუნებას შორეულ პერსპექტივაში? 

– ჯერჯერობით ამ თემაზე არ დავფიქრებულვარ. ჯერ კარგი განათლების მიღება მინდა და შემდეგ ვნახოთ, თუმცა გულგრილი ვერ ვრჩები საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

– 2021 წლის დადგომა იქნება ყველაზე უჩვეულო ახალი წელი, როგორ გეგმავ შეხვდე?  

– სახლში რა თქმა უნდა და მეგობრებთან აუცილებლად მექნება ინტერნეტ კომუნიკაცია. რომ არ ყოფილიყო პანდემია ჩამოვიდოდი საქართველოში და ჩემს ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად აღვნიშნავდი ახალ წელს, მაგრამ შექმნილი სიტუაციის გამო გამოფრენა ორჯერ გადავდე. იმედი მაქვს მალე ეს მდგომარეობა შეიცვლება და მსოფლიო ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ავტორი: თამთა ვირსალაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები