რონდელის ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მონაწილეთა შერჩევას პროექტში “ახალგაზრდები ცვლილებისთვის”.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ქალაქ გორში ხუთდღიანი, ინტენსიური სასწავლო პროგრამისთვის – “ახალგაზრდები ცვლილებისთვის”.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სასწავლო პროგრამის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდა აქტივისტების ცოდნის გაღრმავება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და მათი განვითარების ხელშეწყობა.
თუ ცხოვრობთ გორში, ხართ აქტიური ახალგაზრდა და წარმოადგენთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა თუ სამოქალაქო მოძრაობას, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ ადგილობრივ მედიასაშუალებას ეს პროგრამა თქვენთვისაა!
პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ სასწავლო კურსს (30 საათი), რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკის ანალიზი, მასმედიის როლი პოლიტიკურ საქმიანობაში, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, რუსეთი და რეგიონული გამოწვევები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი, ეკონომიკა და სხვ.
სასწავლო კურსებს გაუძღვებიან რონდელის ფონდისა და მასთან ასოცირებული ექსპერტები.
სასწავლო პროგრამა დაგეგმილია ამა წლის 9-13 ოქტომბერს, ატენის ხეობაში მდებარე “ნიკა ვაჩეიშვილის მარანში”, მონაწილეთა ყოველდღიურ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს რონდელის ფონდი.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება წლის განმავლობაში ქალაქ გორში სამი დისკუსიის მოწყობა, სადაც ჯგუფის წევრები შეხვდებიან სხვადასხვა სამინისტროსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და იმსჯელებენ აქტუალურ საკითხებზე. ჯგუფიდან რამდენიმე წევრი შეირჩევა თბილისში დაგეგმილ ახალგაზრდულ კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობისთვის.
პროგრამას რონდელის ფონდი ამერიკული ფონდის – National Endowment for Democracy (NED) მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ: სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი, 2020 წელი.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ონლაინ-გასაუბრება.