საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლეს საგანამანათებლო დაწესებულებებში სწავლა განახლდება აუდიტორიებში, თუმცა სავალდებულო იქნება რეკომენდაციების დაცვა.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჰქონდა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოსთან.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლოს სიტუაციის შენარჩუნება. ამიტომ უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მოხდეს, მათ შორის, ერთმეტრიანი დისტანციის დაცვით, შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარებით და ა. შ.
მინისტრმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.