ცუდ მეხსიერებას ბევრი უჩივის. საყიდლების სია, მეგობრების დაბადების დღეები ან სულაც საგამოცდოდ დასაზეპირებელი სტატისტიკური მაჩვენებლები ზოგჯერ გონებაში, უბრალოდ, არ იბეჭდება. კარგი ამბავი ისაა, რომ სწორი ტექნიკის დახმარებით მეხსიერების გავარჯიშებას მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია.
ნელსონ დელისი აშშ-ის მეხსიერების ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებულია. მისი აზრით, მეხსიერების გაუმჯობესება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუ ამას მოინდომებს. სპეციფიკურ სავარჯიშოებს იგი 5 მარტივ საფეხურად ყოფს.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. დაუკავშირე დასამახსოვრებელი ფაქტი მკვეთრ სურათებს
დავუშვათ, რომ მსოფლიოს 7 საოცრების დამახსოვრება გვსურს. დელისი გვირჩევს, რომ მათ გონებაში ჩადაბეჭდად თითოეული ობიექტი მკვეთრ სურათად უნდა გადავაქციოთ.
“მკვეთრი სურათების გამოყენება ძალიან ეფექტიანი მეთოდია. ამგვარად შენ ცდილობ, დიდი, მულტისენსორული მოგონებები შექმნა”, – აზუსტებს ჯულია შოუ, ფსიქოლოგიის მეცნიერი ლონდონის უნივერსიტეტიდან. ამ სავარჯიშოს მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ისეთი მენტალური სურათი შექმნა, რომელსაც ლამის ყველა გრძნობათა ორგანოთი შეიგრძნობ. აღნიშნულ სავარჯიშოს საინტერესო სამეცნიერო ფაქტი უდევს საფუძვლად.
“სურათები, რომლებიც უცნაური, საზიზღარი ან ემოციურია, გონებაში კარგად გვებეჭდება. ტვინზე დაკვირვებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამიგდალა (ემოციურ რეაქციაზე პასუხისმგებელი უბანი) ტვინის სხვა უბნებს მეხსიერების შენახვისკენ მიუთითებს”, – აღნიშნავს შოუ. შესაბამისად, მძაფრ ემოციასთან დაკავშირებული მოგონება ტვინში ყოველთვის ღრმად იბეჭდება.
2. განათავსე ეს სურათები შენთვის ნაცნობ ადგილებში
შემდეგი ნაბიჯი შექმნილი მენტალური სურათების შენთვის კარგად ნაცნობ ადგილებში “განთავსებაა”. მაგალითად: ნელსონ დელისი მსოფლიოს 7 საოცრებას მისი სახლის განსხვავებულ ადგილებში “განათავებს”. ამ ტექნიკას “მეხსიერების სასახლე” ეწოდება და იგი განსაკუთრებით მოსახერხებელი რაღაც კონკრეტული თანამიმდევრობის დასამახსოვრებლად არის.
“მეხსიერების სასახლის ტექნიკა შენს გონებაში უკვე არსებულ მოგონებას ეფუძნება. ეს ადგილი შენთვის კარგად ნაცნობი სივრცეა – უმეტეს შემთხვევაში სახლი, ან ის სივრცე, რომელსაც კარგად იცნობ”, – განმარტავს შოუ.
როდესაც საქმე 7 ნივთის დამახსოვრებას ეხება, მათ “განსათავსებლად” საჭირო ადგილი საკმაოდ მცირეა, თუმცა ეს საკითხი განსხვავებულად იდგა დელისის შემთხვევაში, როცა მას 10 ათასი ციფრის თანმიმდევრობა ჰქონდა დასამახსოვრებელი. ამისთვის მას მეხსიერების სასახლის მოცულობის გაზრდა ქალაქ მაიამის ზომამდე დასჭირდა. მან 10 ათასი ციფრი 2 ათას ნაწილად დაჰყო და ციფრების შესაბამისი ხუთეულები 10 სხვადასხვა უბანში “განათავსა”.
“თავის ტვინის რადიოლოგიური გამოკვლევით ნათელი ხდება, რომ მეხსიერების სასახლის ტექნიკის გამოყენებისას ტვინის თხემ-კეფის უბანი აქტიურდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მეთოდი აღნიშულ პროცესში თავის ტვინის იმ ნაწილების ჩართვას უწყობს ხელს, რომლებიც სხვა შეგრძნებებზე არიან პასუხისმგებელნი: თხემის წილი – ნავიგაციაზე, ხოლო კეფის წილი – სურათების დანახვაზე”, – განმარტავს შოუ.
3. კარგად კონცენტრირდი
მსოფლიოს 7 საოცრების დამახსოვრება არც ისე რთული უნდა იყოს, მაგრამ როცა 10 ათასი ციფრის თანმიმდევრობა გაქვს დასამახსოვრებელი, უფრო მეტი მოტივაცია გჭირდება.
“მე საკუთარ თავს მანტრასავით ვუმეორებ: “მე მინდა ამის დამახსოვრება! მე მინდა ამის დამახსოვრება!” ეს მარტივი მანტრაა, მაგრამ იგი ყურადღების მოკრებასა და დავალების შესასრულებლად კონცენტრაციაში მეხმარება”, – განმარტავს დელისი.
4. დაანაწევრე დასამახსოვრებელი ობიექტები
ციფრების ან ბანქოს ქაღალდების თანმიმდევრობის დამახსოვრებაში მათი დაყოფა გვეხმარება. დელისი ციფრებს ხუთეულებად ალაგებს.
“სიტყვები უფრო მარტივია – ხედავ სიტყვას და იგი შენს გონებაში რაღაც სურათს ქმნის. თუმცა, როცა საქმე რიცხვებს, ბანქოს ან სახელებს ეხება, ყველაფერი უფრო რთულდება. მათთვის მე შესაბამისი სისტემები შევიმუშავე და როდესაც სახელს, რიცხვს ან ბანქოს ვხედავ, მე მათ წარმოვიდგენ”, – განმარტავს დელისი.
5. დაუღალავად ივარჯიშე
როდესაც მეხსიერების სასახლეში სურათები ლაგდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი იქ დიდი ხნით ჩაიბეჭდოს.
“ბევრი მოგონება ჩვენს ხანგრძლივ მეხსიერებაში არ რჩება. ამიტომაც გამეორება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოკლე მეხსიერებას ხანგრძლივ მეხსიერებად აქცევს”, – აღნიშნავს ჯულია შოუ.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მარტივი გზა აღარ არსებობს. ყველაფერი გამეორებაზე და დაუღალავ შრომაზე დადის.
“მე ყოველდიურად, დაუღალავად ვმუშაობდი, რომ მეხსიერების ჩემპიონი გავმხდარიყავი. უწყვეტი, მძიმე შრომით მივაღწიე იმას, რაც ახლა ჩემთვის უკვე ინსტიქტურია. ეს ყველაფერი მხოლოდ ვარჯიშით მიიღწევა”, – აღნიშნავს დელისი.
წყარო: on.ge