“როდესაც სასწავლებლად უცხოეთში მიდიხარ, მაშინ გეხსნება ახალი ჰორიზონტები” – ქართველი სტუდენტი ნიუ-იორკიდან

საინტერესო ფაქტები

თაკო ჯობავა, 24 წლის, კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (Sciences Po) მაგისტრატურის სტუდენტია. საკუთარი სტუდენტური ცხოვრების შესახებ მან სოციალურ პლატფორმა Speech-ზე ისაუბრა. 24 წლის სტუდენტმა იმ გამოწვევებსა და პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მას საზღვარგარეთ სწავლისას დაუგროვდა.

კომფორტის ზონა

როდესაც გამოდიხარ შენი კომფორტის ზონიდან, ანუ ჩვენ შემთხვევაში ტოვებ საქართველოს და მიდიხარ უცხოეთში სასწავლებლად, მაშინ გეხსნება ახალი ჰორიზონტები, ახალი შესაძლებლობები. ეცნობი ისეთ სამყაროს, რომლის არსებობაც შესაძლოა აქამდე არც გცოდნოდა.

არჩევანი

როდესაც ვარჩევდი უნივერსიტეტებს ჯერ კიდევ სკოლაში განვიხილავდი როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ უნივერსიტეტბს. საბოლოო ჯამში არჩევანი შევაჩერე ამერიკულ უნივერსიტეტზე. გამომდინარე იქიდან რომ მათ აქვთ ძალიან უნიკალური საბაკალავრო პროგრამა, რაც იმაში აისახება, რომ სტუდენტებს თავისი პროფესიის ან ფაკულტეტის არჩევამდე შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ სხვადასხვა საგანი. ჩემ შემთხვევაში, მე შესაძლებლობა მომეცა მესწავლა ასტრონომია, რომელიც ჩემს პროფესიასთან პირდაპირ კავშირში არ არის. ასევე ვიმუშავე ნასასთან სხვადსხვა პროექტზე.

სწორი ადგილი სწავლისთვის

ნიუ-იორკში ცხოვრებამ ჩემი ცნობიერება ყველანაირად შეცვალა. გამომდინარე იქიდან რომ ეს არის ერთადერთი ქალაქი მთელ მსოფლიოში, სადაც ყველანაირი წარმომავლობის და ყველანაირი ისტორიული თუ კულტურული წარმოშობის ადამიანს შეხვდები. ჩემთვის ნიუ-იორკის მრავალფეროვნების სიმბოლო მეტრო არის. როცა ჩადიხარ მეტროში შეგიძლია გაიცნო ადამიანი დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან. ნიუ-იორკში ცხოვრებისას ასევე საშუალება მომეცა მემუშავა გაეროში, სადაც პრაქტიკული ცოდნით შევავსე ის თეორიული ცოდნა, რასაც პარალელურად უნივერსიტეტში ვიღებდი.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა უნივერსიტეტის არჩევისას ადგილმდებარეობასაც დიდი ყურადღება მიაქციონ, რადგან ქალაქმა შესაძლოა უფრო მეტი შესაძლებლობა მისცეს სტუდენტს შემდგომ კარიერული განვითარებისთვის.

საქართველო მსოფლიო რუკაზე

როდესაც ვეცნობოდი ხალხს რომ ვარ საქართველოდან ანუ Georgia-დან, ყველას ავტომატურად ეგონა, რომ ვარ აშშ-ის შტატიდან, Georgia-დან, ანუ შტატიდან. რაც ჩემში, როგორც ქართველში, ცოტა არ იყოს, პროტესტის გრძნობას იწვევდა. სურვილი გიჩნდება რომ ყველას გააცნო შენი ქვეყანა და მას იცნობდნენ არა როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანას, არამედ ქვეყანას, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი, უნიკალური კულტურა და ისტორია. მე ჩემს მომავალს ყოველთვის საქართველოს ვუკავშირებდი და მინდა ვურჩიო სხვა სტუდენტებსაც რომ უცხოეთში მიღებული გამოცდილება მოახმარონ საქართველოს განვითარებას, რადგან საქართველომ თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს მსოფლიო რუკაზე.

რჩევები სტუდეტებს

სტუდენტებს, პირველ რიგში, მინდა ვურჩიო, რომ არასდროს ეჭვქვეშ არ დააყენონ მათი ყოფნის საკითხი იმ გარემოში, სადაც არიან. როდესაც ჩადიხარ უნივერსიტეტში, უცხო გარემოში, ეცნობი ძალიან ბევრ სხვადასხვა ადამიანს და შენს გვერდით ლექციაზე შეიძლება იჯდეს გინესის რეკორდსმენი და გიჩნდება კითხვა ნუთუ მე ამ გარემოს ვეკუთვნი, ნუთუ ვიმსახურებ აქ ყოფნას. მინდა, გითხრათ, რომ ნამდვილად იმსახურებთ და ის ადამიანები, რომლებიც გეცნობიან და ისმენენ თქვენს წარმატების ისტორიებს მათაც ანალოგიური კითხვები ებადებათ. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი თავის რწმენით, მიგეღწიოთ ყველა იმ მიზნისთვის, რომელიც ცხოვრებაში გაქვთ დასახული.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები