განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში დასკვნითი გამოცდების შემოდგომისთვის გადადება დაგეგმილი არ არის და ის განსაზღვრულ დროს ჩატარდება.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
„ქვეყანაში covid 19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპის შემდეგ დასკვნითი, საფინალო გამოცდები ჩატარდება ივლისის თვეში. შემოდგომაზე არ განიხილება უნივერსიტეტების ფინალური გამოცდების გადადება”, – ამბობს ნუნუ მიცკევიჩი.
მან ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტებს, რომლებიც ფინალური გამოცდებს საუნივერსიტეტო სივრცეში ჩააბარებენ, უზრუნველყოფილი ექნებათ უსაფრთხოების ყველა ნორმა.
,,შიდა საგამოცდო სივრცეები იქნება გადაწყობილი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით. აქაც გვაქვს დამტკიცებული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს. სტუდენტებს, რომლებიც ფინალური გამოცდებს საუნივერსიტეტო სივრცეში ჩააბარებენ, უზრუნველყოფილი ექნებათ უსაფრთხოების ყველა ნორმა. რაც შეეხება დასკვნითი გამოცდის დისტანციურ ჩაბარებას, რასაკვირველია შეიძლება მოხდეს, ჩვენ გვაქვს უკუკავშირი უნივერსიტეტებთან, ნაწილობრივ ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს კურაციულ სისტემას, ყველა პროგრამა ვერ დაელოდებოდა ივლისის თვეს და სემესტრის დასრულებას. ასე რომ, აქ გვაქვს განსხვავებული სურათი ზოგიერთ პროგრამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ფინალური გამოცდების შემოდგომისთვის გადადება არ იგეგმება და პერიოდი იქნება დაცული“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ავტორი: თამათა ვირსალაძე