ხატია რევაზიშვილი შვედეთში, სტოკჰოლმის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ მას საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა ერთხელ უკვე ჰქონდა, შვედეთში სწავლის გაგრძელება მისთვის ახალ გამოწვევებთან და სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფერს კი მსოფლიოში გავრცელებული ვირუსი დაემატა.
როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიას სწავლის პროგრესზე გავლენა არ მოუხდენია, მისთვის და სხვა სტუდენტებისთვისაც რთული აღმოჩნდა იმ კავშირის დაკარგვა, რასაც უნივერსიტეტში ყოფნა აძლევდათ.
რა გზის გავლა მოუწია საზღვრებს გარეთ სწავლის გასაგრძელებლად ქართველ სტუდენტს და როგორ მოახერხეს შვედეთში ადგილობრივმა უნივერსიტეტებმა კორონავირუსის პირობებში სწავლის ახალ რეჟიმზე მორგება – თავად ხატია გიამბობთ.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
– როდის და როგორ მოხვდი შვედეთში? რა გზა გაიარე? ამ გზის სირთულეებსა და დადებით მხარეზე რომ გვესაუბრო..
– საზღვარგარეთ სწავლა ჩემი დიდი სურვილი იყო, თუმცა ეს ფინანსებთან იყო დაკავშირებული. რამოდენიმე წლის წინ ერასმუსის გაცვლითი პროგრამით ვიყავი პორტუგალიაში პორტოს უნივერსიტეტში 6 თვით სასწავლებლად, რაც ჩემი პირველი გამოცდილება იყო საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების. თუმცა ყოველთვის ვთვლიდი, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რომ სრული სამაგისტრო პროგრამა ჩემი კარიერული და პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელი იყო.
შვედეთის მთავრობის სტიპენდია საკმაოდ პრესტიჟული და კონკურენტულია, ამიტომ რთულია მისი მიღება. თუმცა წინა წელს გადავწყვიტე „ბედი მეცადა“. პირველ ეტაპზე შვედეთის უნივერსიტეტებში გავაგზავნე სამაგისტრო პროგრამებზე მიღების აპლიკაცია და შემდეგ შვედეთის მთავრობის სტიპენდიაზე შევიტანე განაცხადი. საკმაოდ მარტივი იყო აპლიკაციის შევსების პროცედურა, რადგან საერთო საიტზე ხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და ასევე არ ითხოვენ ბევრ საბუთებს.
სტიპენდიის მიღება ძალიან გამიხარდა, თუმცა თავიდან რთული იყო იმის გააზრება, რომ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა. შვედეთში 2019 წლის აგვისტოში ჩამოვედი და უკვე მეორე სემესტრია, რაც სტოკჰოლმის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ.
– როგორი იყო ადაპტაციის პროცესი?
– საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ადაპტაცია არ ყოფილა ჩემთვის რთული. სტოკჰოლმში ჩასვლიდან ერთ კვირაში დამეწყო სწავლა უნივერსიტეტში და მალევე ჩავერთე სტუდენტურ ცხოვრებაში. უნივერსიტეტში შევიძინე მეგობრები, გავწევრიანდი სტუდენტურ კავშირში და მოხალისედ ჩავეწერე ნობელის პრემიის აღსანიშნავ ღონისძიებაში, სადაც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ერთ თვის განმავლობაში ჩართული ვიყავი ღონისძიების მომზადების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში თითქმის ყველა ინგლისურად საუბრობს და ენის მხრივ ბარიერი არასდროს მქონია, დიდი სურვილი გამიჩნდა შემესწავლა შვედური ენა, რის გამოც დავიწყე შვედური ენის კურსი უნივერსიტეტში.
მიყვარს ახალი კულტურის, ტრადიციებისა და სამზარეულოს გაცნობა. ამისათვის სტოკჰოლმში ბევრი მუზეუმია, ჩემთვის გამორჩეული აბბას მუზეუმის ჩათვლით. ასევე, კულტურული მრავალფეროვნება მრავალი ქვეყნის სამზარეულოს, მათ შორის ქართულის დაგემოვნების საშუალებასაც იძლევა.
ალბათ, ყველაზე რთული საცხოვრებლის პოვნა იყო სტოკჰოლმში. ბინის ფასები ძალიან ძვირია, რაც უფრო ართულებდა ძიებას. ორი ბინა გამოვიცვალე, სანამ სტუდენტურ საცხოვრებელში მივიღებდი ოთახს. ასევე, დაახლოებით 6 თვე დამჭირდა საცხოვრებლად ყველა საჭირო საბუთი რომ შემეგროვებინა.
– პარალელები რომ გავავლოთ ევროპულ და ქართულ განათლების სისტემასა და მიდგომებს შორის, როგორ შეადარებდი?
– მინდა აღვნიშნო, რომ შვედეთში შვედებისთვისა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის განათლების მიღება უფასოა. ამიტომ ბევრი სტუდენტია სხვა ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან. ბაკალავრიატზე ძირითადად სამწლიანი სწავლა აქვთ და მიღება უნივერსიტეტში სკოლის ქულებით ხდება, მაგისტრატურაზე კი ბაკალავრის ქულებით.
ჩემს სამაგისტრო მიმართულებაზე თითო სემესტრში 3-4 საგანს გავდივართ, რაც ერთ კონკრეტული საკითხის საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას გვაძლევს. გვაქვს ლექციები და სემინარები შესაბამისი საკითხავი მასალები და წერითი დავალებები, თუმცა არ გვაქვს ქვიზები და პრეზენტაციები. ერთი საგნის შესწავლის ხანგრძლივობა ერთი თვეა და დასრულების შემდგომ გამოცდას თემის სახით ვწერთ სახლში, რაც საბოლოოდ ფასდება ლექტორის მიერ. თუმცა არის სხვა მიმართულებები, სადაც გამოცდების ჩაბარება ხდება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.
ასევე ერთ საგანზე შესაძლებელია გვყავდეს რამოდენიმე ლექტორი ლექციის თემატიკისა და ლექტორის სპეციალობის შესაბამისად. არსებობს საერთო საიტი სტუდენტებისა და ლექტორებისთვის, სადაც ხდება ძირითადად ერთმანეთთან კომუნიკაცია, საკითხავი მასალებისა და ლექციების პრეზენტაციების განთავსება. საკითხავი მასალები ელექტრონული ფორმითაა, რაც აადვილებს მათ მოძიებას ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში.
ალბათ, ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ აქ სწავლას არ ითხოვენ, არამედ მთლიანი პასუხისმგებლობა სტუდენტზეა, რომ მან თავად უნდა იმუშაოს დამოუკიდებლად საკუთარ თავზე. აქცენტი კეთდება თავისუფალ და ანალიტიკურ აზროვნებაზე, ასევე ერთმანეთში იდეების გაზიარებასა და გაცვლაზე.
სტოკჰოლმის უნივერსიტეტს ყველანაირი კომფორტია შექმნილი იმისათვის, რომ სტუდენტი კონცენტრირდეს სწავლაზე და გადალახოს ის სტრესი, რაც თან ახლავს სწავლის პროცესს. უნივერსიტეტს აქვს სპორტული ცენტრი, ბიბლიოთეკის გარდა არის სხვა სივრცეები სტუდენტებისთვის, სადაც შესაძლებელია ოთახების დაჯავშნა ჯგუფური სამუშაოებისთვის. ასევე უნივერსიტეტი გვთავაზობს აკადემიური წერისა და უცხო ენის ჯგუფებს, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების მომსახურებას. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და ასევე შენობაშიც ბევრი კვების ობიექტებია, რესტორნები, ბარები და მაღაზიები, შესაბამისად ფასები ცვალებადია.
– როგორ მოახერხეს შვედეთში ადგილობრივმა უნივერსიტეტებმა კორონავირუსის პანდემიის პირობებზე მორგება?
– შვედეთის განსხვავებულმა გზამ პანდემიასთან საბრძოლველად მთელი მსოფლიო აალაპარაკა. შვედეთის მთავრობა ძირითადად რეკომენდაციებით შემოიფარგლება, რომ დაიცვან დისტანცია ერთმანეთისგან, თავი აარიდონ შეკრების ადგილებსა და საჯარო ტრანსპორტით გადაადგილებას.
საერთაშორისო კრიტიკა შვედეთის მიმართ გასაგებიცაა, რადგან აქ მაღაზიები, ბანკები, კვების ობიექტები, სავარჯიშო დარბაზები და სხვა დაწესებულებები ისევ ფუნქციონირებს, თუმცა კონტროლდება შემომსვლელთა რაოდენობა (მაქსიმუმ 50 ადამიანი). ასევე საჯარო ტრანსპორტით გადაადგილება ჩვეულებრივ ისევ შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ბევრი თვითიზოლაციას ამჯობინებს და თავს არიდებს ხალხმრავალ ადგილებს. ბევრი სახლიდან მუშაობს, ვისაც ამის შესაძლებლობას აძლევს სამუშაოს სპეციფიკა. ასევე გაუქმდა დიდი ფესტივალები, დღესასწაულები და სკოლის გამოსაშვები ღონისძიებები.
უნივერსიტეტებში სწავლა მარტიდან შეწყდა, თუმცა ამას არ შეუფერხებია სწავლის პროცესი. სწავლების ონლაინ რეჟიმში გადავედით მალევე ზუმის მეშვეობით. ლექციები აუდიო ვერსიები ფაკულტეტის საერთო საიტზე იტვირთება საკითხავ და სხვა მასალებთან ერთად. კვირაში ერთხელ მაინც გვაქვს ონლაინ შეხვედრა ლექტორთან კითხვა პასუხის რეჟიმში. რაც შეეხება, სემინარებს წერითმა დავალებებმა და ჯგუფურმა სამუშაოებმა ჩაანაცვლა, ასევე ზუმის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პროგრესზე გავლენა არ მოუხდენია პანდემიას, ჩემთვის და სხვა სტუდენტებისთვისაც მაინც რთულია დაკარგო ის კავშირი, რასაც უნივერსიტეტში ყოფნა გვაძლევდა. ვთვლი, რომ შვედეთის უნივერსიტეტებმა საკმაოდ სწრაფად მოახდინეს რეაგირება და ეფექტიანად გამკლავება პანდემიის გამოწვევასთან.
– გაგვიზიარე შენი რჩევები და სურვილები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სამომავლოდ საზღვარგარეთ გეგმავენ სწავლის გაგრძელებას…
– ბევრი ქართველი ახალგაზრდის სურვილია იყოს წარმატებული და მიიღოს რაც შეიძლება მეტი ევროპული გამოცდილება, რაც ძალიან სასიხარულოა. ვფიქრობ, საზღვარგარეთ ცხოვრება და სწავლა ყველას დაეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. თუმცა რთულია წახვიდე სასწავლებლად საზღვარგარეთ, როცა არ გაქვს ფინანსური შესაძლებლობები. ერთადერთი გზა დაფინანსების ძიებაა, რაც არ არის მარტივად მოსაპოვებელი, თუმცა მთავარია მონდომება და დიდი ნებისყოფა. შვედეთში სწავლის გაგრძელება ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამსახურის დატოვება მომიწია.
მინდა ყველა სტუდენტს, ვინც სამომავალოდ საზღვარგარეთ გეგმავენ სწავლის გაგრძელებას წარმატება ვუსურვო.