თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთი “თბილისის უნივერსიტეტი” Online სტატიების ციკლს – “ახალი კორონავირუსი და თსუ” იწყებს. რუბრიკის პირველი სტუმარი კი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი დეა ცომაიაა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სტუდენტური ცხოვრების ჭრილიდან საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„ის, რომ ბედნიერები ვყოფილვართ, თურმე, ამ ახალ კორონავირუსამდე და ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდით, ვერ ვგრძნობდით და ვერ ვაფასებდით – ეს განცდები სოციალურ ქსელში ყველა სახის ადამიანთა ნაწერებიდან ჩანს. მომავალი ფილოსოფოსის ხედვაც ჩვენს ამ შეფასებას ემთხვევა: „საგაზაფხულო სემესტრის დადგომას დიდი ენთუზიაზმით ველოდი, რადგან ყოველი ახალი კურსი ახალი გამოწვევის ანალოგია. თუმცა, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში ახალმა „პარაზიტმა“ შემოანათა – კორონავირუსის სახით. რთულია, როცა გრძნობ და აანალიზებ, თუ რამხელა საშიშროების წინაშე დგას როგორც მსოფლიო, ასევე შენი ქვეყანა. ასევე, რთულია სახლის რუტინასთან შეგუებაც, რადგან სტუდენტური მოძრავი ცხოვრებიდან ფაქტობრივ კოლაფსში, ანუ უძრაობაში აღმოვჩნდით. ამ დროს ჩვენი ფსიქოლოგია მუდმივ ფიქრსა და დილემაშია, რადგან ჩვენ ეკზისტენციალურ „მე“-ს არ შეუძლია მყოფადი პრობლემის მხედველობის ზონიდან გაქრობა, იგნორირება ან გვერდის ავლა. თუმცა, მეორე მხრივ, დატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანები გაცილებით მეტ დროს ატარებენ ოჯახებთან. ასევე, სოციალურ სივრცეებში გაჩნდა იუმორისტული შარჟები და როგორც ჩარლი ჩაპლინი იტყოდა – „თითოეული დღე დაკარგულია იუმორის გარეშე“.
მე საუკუნო უნივერსიტეტში ვსწავლობ, იქ, სადაც მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ: ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ალექსანდრე ერქომაიშვილი, თამაზ გამყრელიძე და სხვა სახელოვანი ადამიანები. ამიტომ, დავსვათ მარტივი კითხვა, რა არის ჩვენთვის უნივერსიტეტი? – ეს არის პატარა სახელმწიფო დიდში, ცოდნის სახლი და ურთიერთობა, სივრცე, სადაც სტუდენტები ლექციაზე ახლის შემეცნების იმედით მიდიან; ასევე, ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, აზრობრივი გარდატეხების სათავე, პოლემიკისა და დებატების წარმოების სივრცე, თანაც ისე, რომ მხარეები სწორ და ადეკვატურ პოზიციას იცავდნენ და ადგილი, სადაც ინდივიდი – პროფესიულად შემდგარ „პიროვნებად“ უნდა გარდაიქმნას.
სიმართლე გითხრათ, ამ დისტანციურ სწავლასაც შევეჩვიე. რაღაც დოზით კარგია, რადგან მუდმივად სადღაც არ გეჩქარება… თუმცა მიჭირს, რადგან ცოცხალ პოლემიკასა და ემოციებს ვარ მოწყურებული. ჩემი ლექტორები მომენატრა ძალიან, მათთან ურთიერთობა ცალკე სიამოვნებაა. ჩვენ ახლა ბევრი დრო გვაქვს იმაზე საფიქრელად, თუ რა იყო მანამ, რა არის ახლა ან რა იქნება შემდგომ, ამიტომ ეპიდემიის ჩავლასთან ერთად, ვფიქრობ, თითოეული სტუდენტი უფრო მეტად დააფასებს უნივერსიტეტს, მის საქმიანობასა და რეალურ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების თანმდევია. დარჩით სახლში იმ „ყოველდღიურობის“ დასაბრუნებლად, რომელიც ყველას ასე გვაკლია!“