„სტუდენტები ცდილობენ მაქსიმალურად დიდი ცოდნა გამოსტყუონ ლექტორებს“ – სტუდენტი ლატვიიდან

ინტერვიუ

საბა ჯაღმაიძე ლატვიაში მცხოვრები ეკონომიკის მიმართულების სტუდენტია, რომელიც studinfo.ge-ს ქართულ და ლატვიურ განათლების სისტემებს შორის არსებულ განსხვავებებზე ესაუბრა. მან ასევე გაიხსენა უცხო გარემოსთან შეგუების ეტაპები და ქართველ აბიტურიენტებს გამოცდილებაც გაუზიარა.

“არ მგონია არსებობდეს სტუდენტი, რომელსაც არ უოცნებია საზღვარგარეთ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და სწავლაზე. გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა უცხოეთში სწავლის სურვილი, მაგრამ ხმამაღლა არასდროს გამიჟღერებია. მართალია, მიძებნია ინფორმაცია უნივერსიტეტებზე, თუმცა სერიოზულად არასდროს დავფიქრებულვარ უცხოური განათლების მიღებაზე. სინამდვილეში კი, როგორც ამბობენ ხოლმე “სადაურსა სად წაიყვან, სად აღუფხვრი სადით ძირსაო” და აი, უკვე 5 თვეა, რაც სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის რიგის ფილიალის (Stockholm School of Economics in Riga) პირველი კურსის სტუდენტი გახლავართ.”

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

– რა პროცედურები გაიარეთ უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე?

– როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ტესტი, რომელიც SSE Riga-ში მოგახვედრებთ საკმაოდ მარტივია. ერთადერთი,  რაც უნდა გაითვალისწინოთ ისაა, რომ დროშია გათვლილი და ყოველი დაკარგული წამი ძვირად ფასობს. პირველი ეტაპი აპლიკაციის შევსებაა, რომლითაც უნივერსიტეტს აწვდი შენს მონაცემებს, მიღწევებსა და სამოტივაციო წერილს, რომელიც დიდ როლს თამაშობს. მეორე ეტაპზე – ტესტირებაზე გადასვლის შემთხვევაში,  უნივერსიტეტის წარმომადგენელი (როგორც წესი, თქვენი მომავალი ლექტორი) თავად ჩამოდის საქართველოში, აპლიკანტებს აწერინებს ტესტს და უტარებს ინტერვიუს. ტესტი სამი ნაწილისგან შედგება: მათემატიკა, ინგლისური და ლოგიკური აზროვნება, თანაც სრულიად უფასოა. ასე გავიარე ყველა ეტაპი და 23 მაისს მივიღე ჩარიცხვის წერილი. აქედან დაიწყო ჩემი თავსატეხი – გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი და შემედგა თუ არა ფეხი დამოუკიდებელ ცხოვრებაში. ფრენა 14 აგვისტოს მქონდა და ბოლო წუთამდე არ ვიყავი დარწმუნებული ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ერთადერთი, რამ რასაც ახლა ვნანობ სწორედ ის ფიქრებია, რომელიც მაშინ არ მასვენებდა და ცალ ფეხს საქართველოში მიტოვებდა. მაგრამ შეუფასებელია ის მხარდაჭერაც, რომელსაც 2000 კმ-ით მოშორებით, საქართველოდან ვგრძნობ იქ დატოვებული ნათესავებისა და მეგობრებისგან.

– როგორი გარემო დაგხვდათ საქართველოდან ასე შორს? რამდენად მარტივი იყო ცვლილებებთან შეგუება?

– გარემო, რომელიც ჯერ საერთო საცხოვრებელში და შემდეგ უნივერსიტეტში დამხვდა ძალიან მეგობრული და ერთიანია.

რიგა ძალიან მყუდრო ქალაქია, დილაადრიან მანქანის ხმაური აქ ვერ გაგაღვიძებს. ბალტიის ზღვის ცივი სანაპირო საუკეთესო გასართობია ზაფხულობით. უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რომელიც რიგაში ჩამოსული ტურისტისთვის მთავარი სანახაობაა, ამიტომაც არ გაგიკვირდეს, თუ დილაადრიან უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზა ტურისტების ჯგუფმა ჩაგიხერგა და კამერის ობიექტივშიც მოხვდი. მაგრამ ეს სიმშვიდე სადღაც ქრება, როცა პარასკევს, შუაღამისას ძველ ქალაქში მოხვდები. კოპწია სახლების პირველ სართულზე ბარები, კაფეები და კლუბებია ჩამწკრივებული. ამ დროს აქ ათასი ეროვნების ადამიანს შეხვდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან გამოგელაპარაკონ. ყველას აინტერესებს რას შეიძლება აკეთებდეს 18 წლის ქართველი ლატვიაში და ვისაც კი რამე გაუგია SSE Riga-ზე და ეტყვი, რომ იქაური სტუდენტი ხარ, ყველა აღფთოვანებული გელაპარაკება.

– სწავლის ხარისხზეც მოგვიყევი

– ავირჩიე ეკონომიკა. სხვათაშორის ეს პროგრამა აქ სამწლიანია და სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. საქართველოს უნივერსიტეტებისგან პირველი და უმთავრესი სხვაობა კურსის ინტენსივობაა. ლექციები ყოველდღე გვაქვს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროგრამა ძალიან ბევრს ითხოვს სტუდენტისგან. რასაც ქართველი სტუდენტი ერთ სემესტრში გაივლიდა, აქ 1 თვეში ფინალური გამოცდით ვაგვირგვინებთ. ხუთ თვეში ხუთი ფინალური და 2 შუალედური გამოცდა უკვე ვწერე. თუმცა, ამ დიდ გამოწვევებს ხშირი წვეულებები აკომპენსირებს. SSE Riga-ის სტუდენტური ასოციაცია თავდაუზოგავად შრომობს სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებასა და გახალისებაზე. კვირა არ გავა, რომ ასოციაციამ რამე ახალი პროექტი არ შემოგვთავაზოს. ყველა პირველკურსელს შეუძლია გახდეს სტუდენტური ასოციაციის წევრი. ამისთვის მხოლოდ სურვილი და ენთუზიაზმია საჭირო. ასოციაციაში გატარებული 1 წელი, შეძენილი მეგობრები და გამოცდილება უდიდესი წინ გადადგუმლი ნაბიჯია იმ მომავლისკენ, რომლისკენაც ყველა SSE Riga დამთავრებული ისწრაფის.

SSE Riga-ში უამრავ საინტერესო სწავლების მეთოდს შეხვდებით და მინდა ამაზე მოგიყვეთ: სემინარისტები მეორე ან მესამე კურსელი სტუდენტები არიან, რომლებმაც მაქსიმალური შეფასებით დახურეს წინა წელს იგივე კურსი. ასეთი სისტემის ანალოგი ქართულ უნივერსიტეტებში არ მსმენია. ასაკობრივი ბარიერის არარსებობა უფრო უშუალოს ხდის ურთიერთობას. კითხვის გაჩენის შემთხვევაში ხელი თავისუფლად შეგიძლია აიწიო ან სულაც მეილით დაეკონტაქტო სემინარისტს. ისინი მუდამ მზად არიან დახმარების ხელი გამოუწოდონ სტუდენტებს, რადგან კარგად ესმით, რომ ზუსტად ერთი წლის წინ მათაც იგივე კითხვები და პრობლემები აწუხებდათ. კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი სტაჟირებებია, რომელიც ყველა პირველი და მეორე კურსელისთვის სავალდებულოა. ყველა სტუდენტს აქვს დაფინანსების მიღების საშუალება, რომელსაც SSE Riga-ს ალუმნი სტუდენტის აკადემიური მოსწრებით წყვეტს.  რაც მთავარია, პირველივე დღიდან სტუდენტი მიბმულია საკუთარ მრჩეველთან, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უწევს სტუდენტს დახმარებას. პასუხობს მის ნებისმიერ კითხვას და ყოველ შეხვედრაზე აძლევს რჩევებს თუ როგორ გამოიმუშავოს ის უნარები, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას უფრო ეფექტურს გახდის.

SSE Riga-ის წარმატების საიდუმლო ძალიან მარტივია – პროფესიონალი ლექტორები. აქ შეხვდები ლექტორებს საფრანგეთიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან, დანიიდან და რაღა თქმა უნდა, ლატვიიდან. ისინი მუდამ მზად არიან პასუხი გასცენ სტუდენტების ყველაზე უცნაურ შეკითხვას როგორც ლექციის მიმდინარეობისას, ასევე მეილით სამუშაო საათებში. აქ არავინ გთხოვს მხრებში გამართული იჯდე და შეკითხვა მხოლოდ ხელის აწევით დასვა. ლექტორისთვის მთავარია საკითხი შენთვის მაქსიმალურად საინტერესო ფორმით და კომფორტულ გარემოში მოგაწოდოს. ამისთვის არც პრეზენტაციებს გვალკებენ და არც დაფაზე ცარცით წერას ერიდებიან. სტუდენტებთან გახსნილები არიან და ბევრს ძალიან კარგი იუმორის გრძნობაც აქვს. ამაში მარტივად დარწმუნდებით თუკი გეტყვით, რომ სამსაათიან მიკროეკონომიკის ლექცია იმდენად ინტერაქტიული, საინტერესო და იუმორით გაჯერებულია, რომ ვერც კი ვამჩნევ დრო როგორ მიიპარება.

– როგორია შენი ერთი დღე? 

– პირველკურსელის დღე 7 საათზე მაღვიძარის ზუზუნით იწყება. გასამზადებლად ნახევარი საათი მყოფნის. ოქროს წესია, რომ პროდუქტიული სტუდენტი არცერთ წამს არ კარგავს – სამზარეულოში შევირბენ, ვაშლს ავიღებ, ქურთუკს გზაში ვიცვამ და გაჩერებისკენ მივდივარ, სადაც 24 ნომერ ავტობუსს ველოდები, რომელიც არასდროს გამოირჩევა პუნქტუალურობით. ლოდინი განსაკურებით მაშინ იწელება, როდესაც უნივერსიტეტიდან გამოსულს საჭმელზე ფიქრში ნერწყვი მოგდის და ავტობუსი კიდევ არ ჩანს. დილა ლექციით იწყება და მთელი კურსი უნივერსიტეტის ყველაზე დიდ აუდიტორიაში იკრიბება. ლექციების უმეტესობა 2 საათი გრძელდება, შუაში 15-წუთიანი შესვენებით. ყავის აპარატი ყველა სტუდენტის ერთგული მეგობარია, მით უმეტეს თუ ლექცია დილის რვა საათზე იწყება. მაგრამ ხანდახან არც ყავაა საკმარისი და ხშირად შეხვდებით ლექტორის წინ, პირველ რიგში თავჩავარდნილ სტუდენტებს. ან ისეთებს, რომლებიც წამს არ კარგავენ ფუჭად და შესვენებაზე, 45 წუთის სამყოფ სიფხიზლეს 15-წუთიანი ძილით იმარაგებენ. უნივერსიტეტში 400-მდე ბავშვი სწავლობს. სტუდენტების სიმცირე ხელს უწყობს მათ ერთმანეთთან დაახლოებას და შეკრული სოციუმის ჩამოყალიბებას. გამოცდების წინ შეკრება და ერთად მეცადინეობა ხომ სულ არაა უცხო SSE რიგელებისთვის. ერთი სიტყვით, ლატვიაში ჩამოსული სულაც ვერ იტყვი, რომ სრულიად უცხო ქვეყანაში ან უცხო კულტურის ხალხში მოხვდი. ლატვიელებს და ქართველებს საერთო წარსული, თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს, რის გამოც ერთმანეთს პატივს ვცემთ.

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გარემო ძალიან მეგობრულია. ოჯახურ სითბოს მოკლებულებს, ნოსტალგია კიდევ უფრო გვაახლოებს. უფროსკურსელი ქართველი სტუდენტები ხომ ჩვენი ჩამოსვლის დღიდან ყურადღებას არ გვაკლებენ. მე და ჩემმა პარალელურმა კლასელმა – ლუკამ, ერთად გადავწყვიტეთ სწავლის ლატვიაში გაგრძელება, ოთახშიც ერთად ვართ და ძალიან გამიმართლა, რომ მისნაირი მხიარული მეზობელი შემხვდა. ამ ხუთ თვეში კარგად გავიცანით ერთმანეთი. ჩვენთან ერთად კიდევ ორი ქართველი გოგო ჩამოვიდა SSE Riga-ში გაცვლითი პროგრამით და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ 9 ქართველმა პატარა დიასპორა შევქმენით ლატვიაში. ამ დიასპორას გოგონების დამსახურებით არ აკლია ქართული სასმელ-საჭმელი – ლობიოც მოვხარშეთ, ხინკალიც და აჭარული ხაჭაპურიც გამოვაცხვეთ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი დორმელი მეზობლებიც არ გვავიწყდება და ნაციონალური საჭმლით ვაზიარებთ ქართულ ტრადიციებს და სტუმარ-მასპინძლობას.

– სტუდენტების ინტერსი სწავლის მიმართ როგორია? ქულაზე ორიენტირებულნი არიან თუ უფრო სწავლაზე?

– როცა სწავლობ უნივერსიტეტში, რომელიც ევროპის რეიტინგულ სიაში, ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში 25-ე ადგილს იკავებს, უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ საქმეს ძალიან მიზანდასახულ, ბეჯით და ნიჭიერ  ხალხთან იჭერ. მაღალი ქულებით თავის მოწონება ნამდვილად არაა მათი პრიორიტეტი, თუმცა ყველა თავისი ხერხით იბრძვის მაქსიმალური შედეგის დასადებად. სტუდენტები ცდილობენ, რომ იმ 1 ან 2 თვის განმავლობაში როცა კურსს გავდივართ, მაქსიმალურად დიდი ცოდნა “გამოსტყუონ” ლექტორებს.

– რას აპირებ სამომავლოდ? როგორ გგონია, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას შეძლებ? 

– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ისინი აუცილებლად უკავშირდება საქართველოს. დასაწყისისთვის, ვაპირებ, მუშაობით გამოცდილება დავაგროვო, შემდეგ კი შეძენილი პრაქტიკული ცოდნით საკუთარი ბიზნესი წამოვიწყო. ზუსტად არ ვიცი,ც რამდენ ხანში შევძლებ დაბრუნებას, სწავლის დამთავრებისთანავე თუ უფრო გვიან, თუმცა რაც უფრო შორს ვარ, მით უფრო ვაფასებ ჩემ ქვეყანას, მის სილამაზეს და ხალხს. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დავუბრუნდები. ფანტაზიებში არ მინდა გადავვარდე, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩემი ცოდნით ქვეყანას თუ ვერა, რამდენიმე ადამიანს მაინც გამოვადგები და კარგად დავამახსოვრებ თავს.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები