„იაპონელები ქართველებისგან განსხვავებით შრომისმოყვარეები არიან“ – იაპონელი ჰაიატე სოტომეს საქართველო

ინტერვიუ
ჰაიატე სოტომე ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორანტია, საქართველოს სიყვარული თენგიზ აბულაძის ფილმით დაიწყო, შემდეგ თბილისშიც ისწავლა. წელს მორაგბეთა თარჯიმანი იყო, 2020 წელს კი ოლიმპიადაზე და პარაოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების თარჯიმანი იქნება.

თუკი, Facebook განყოფილებაში “შესაძლოა იცნობდეთ” ამოგიგდებთ იაპონელს, რომელთანაც 25 საერთო ქართველი მეგობარი გყავთ, შეუძლებელია, გულგრილად ჩაუაროთ და მისი იაპონურ-ქართული “თაიმლაინით არ დაინტერესდეთ. ჰაიატე სოტომეს სახელი დღეს ბევრმა ჩვენგანმა იცის. ის საქართველოში მცხოვრები იაპონელია, რომელსაც ძალიან უყვარს ვაჟა-ფშაველა და ქართული ენა. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ჩვენ მიერ დასმული შეკითხვების პასუხად გრამატიკულად ზუსტი წინადადებები მივიღეთ, სტილისტური თუ პუნქტუაციური ხარვეზების გარეშე. საუბრობს მოკლედ და ირიბად მიგვანიშნებს სათქმელზე, რასაც დაკვირვებული მკითხველი studinfo.ge-ს ინტერვიუში მარტივად ამოიკითხავს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

– საქართველოში რამდენი წელია ცხოვრობთ. რატომ დაინტერესდით ამ ქვეყნით?

– პირველ კურსზე ვიყავი, როცა თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“ ვნახე. მომდევნო წელს უნივერსიტეტში ქართული ენის კურსი გავიარე და მესამე კურსზე გადავწვიტე, სწავლა საქართველოში გამეგრძელებინა. მაშინ აქ 1 წელი ვიცხოვრე. 2016-ში კი კვლავ დავბრუნდი.

– რა იყო პირველი განსხვავება, რაც ჩვენსა და თქვენს კულტურებს შორის აღმოაჩინეთ?

– მანქანის ტარების ეტიკეტი, რა თქმა უნდა, კულტურული განსხვავება ძალიან დიდია და ყველაფერს ვერც ჩამოვთვლი.

– ქართველ სტუდენტებზე რას გვეტყვით. რამდენად განსხვავდებიან ისინი იაპონელებისგან ?

– ძალიან დიდი განსხვავება არ არის, ორივე მათგანი გამოცდებისთვის მეცადინეობს.

– ქართულ განათლების სისტემაზე გექნებათ თქვენი აზრი. რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ. როგორი სკოლებია თქვენთან, როგორები არიან სკოლის მოსწავლეები…

– ისე კარგად არ ვიცნობ ქართული განათლების სისტემას, რომ რამეს თქმა შემეძლოს. რაც შეეხება იაპონურ განათლების სისტემას, სკოლა 12-წლიანია, ოღონდ სამ ეტაპადაა გაყოფილი.

– ქართველ გოგონებზე რას გვეტყვით? რამდენად ჰგვანან ისინი იაპონელებს? როგორც ვიცი, შეყვარებულობის პერიოდში იაპონელი ბიჭები ქართველებთან შედარებით უყურადღებოები არიან… თანამედროვე ურთიერთობები რამდენად განსხვავებულია თქვენგან?

– კი, შეიძლება ვთქვათ, რომ უყურადღებოები არიან. რა ვიცი, ზოგადად ქართველები სიყვარულს ღიად და ემოციურად გამოხატავენ, ხოლო იაპონელები ქართველებივით არ შვრებიან და ეს უყურადღებობაში ეთვლებათ.

– ზოგადად ქართველ ხალხზე როგორ შეგეცვალათ წარმოდგენა ამ წლების განმავლობაში თანაცხოვრების პერიოდში?

– იაპონელები ქართველებისგან განსხვავებით შრომისმოყვარეები არიან (ხანდახან ზედმეტად). მაგრამ ქართველები თავისუფალი ხალხია და ეს თავისუფლება იაპონელებს ძალიან აკლიათ.

– რას საქმიანობთ ახლა და რას გეგმავთ სამომავლოდ?

– ახლა სადოქტორო დისერტაციას ვწერ. სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, საქართველოშიც დავრჩე.

– 5 რჩევა ქართველ ახალგაზრდებს იაპონელი მეგობრისგან:

– გამოიჩინეთ: მოთმინება, ყურადღებიანობა, წესრიგიანობა, კანონმორჩილება და თავმდაბლობა.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები