სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო სტუდენტი, რომელმაც ფეისბუკის დახურულ ჯგუფში თავის ლექტორს აგინა. მსჯავრდებული, თსუ-ის სტუდენტი ბუბა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და გამოხატვის თავისუფლებას. ამავეს ფიქრობენ უფლებადამცველები, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“ეს არის ადამიანებისთვის პირის აკვრა და გაფილტვრა მათი ლექსიკონის”, – ამბობს იურისტი ედო მარიკაშვილი და აგრძელებს: “ამ პრეცედენტმა თავისუფლად შეიძლება გამოიწვიოს სალანძღავი სიტყვების დაწერის გამო ნებისმიერი ადამიანის გასამართლება”.
ლექტორი სტუდენტის წინააღმდეგ
ბუბა ნაჭყებიამ, თსუ-ის სტუდენტების 3000-წევრიან დახურულ ჯგუფში, გიორგი გორაშვილის შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა 2019 წლის ივნისში. გინების ტექსტის სქრინი კი გაუგზავნეს ლექტორს, რომელიც ჯგუფის წევრი არ იყო.გორაშვილმა პოლიციას მიმართა და სტუდენტის დასჯა მოითხოვა. საქმე წარიმართა 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რომლის თანახმად: “წვრილმანი ხულიგნობა არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს”.
დანაშაული ისჯება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღემდე პატიმრობით.
საჯარო სივრცე და ცენზურის საფრთხე
“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტი ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ ფეისბუკი საჯარო სივრცეა. მისი თქმით, ეს არ არის საკამათო, რადგან საკითხი დადგენილი აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იგივე იკითხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებშიც.”როდესაც პირი დახურულ ფბ ჯგუფში გამოხატავს აზრს, რა თქმა უნდა არის მოლოდინი, რომ ეს ჯგუფიდან შეიძლება გავიდეს”, – ამბობს მარიკაშვილი.
იურისტების თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შეზღუდულია მხოლოდ პირისპირ შეურაცხყოფა: როდესაც ადამიანები ფიზიკურად ახლოს არიან ერთმანეთთან, შეურაცხყოფამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი. ფეისუბკში კი ასეთი საფრთხე არ არსებობს.”წარმოუდგენელი სისულელეა”, – ამბობს ილიაუნის პროფესორი და გიორგი მელაძე და აგრძელებს: “ყოველთვის მეგონა, რომ ამ მუხლს ქუჩაში ჩხუბის გამო იყენებდნენ. უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ფეისბუკ ჯგუფში მიმდინარე დისკუსიას შეიძლება მოჰყვეს ამ მუხლის გამოყენება”.
მელაძე ფიქრობს, რომ სასამართლომ კიდევ ერთი მექანიზმი შექმნა დამწყები აქტივისტების დასაშინებლად. მისივე თქმით, ახლა გამოიყენებენ ფინანსურ ჯარიმებს, რომ ადამიანების ფეისბუკ აქტივობა შეზღუდონ.
ბუბა ნაჭყებია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლთან დაკავშირებით, შესაძლოა, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოსაც და მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვონ.