სტაჟირების გავლა კარიერულ კიბეზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სტუდენტებისთვის ნებისმიერი ტიპის სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება ჯეკპოტის მსგავსია, რადგან ეს ორგანიზებულ გარემოში საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობასა და ახალი უნარების გამომუშავებას ნიშნავს. დასასრულს კი ხელმძღვანელობაზე დატოვებულმა შთაბეჭდილებამ დასაქმების შანსიც შეიძლება მოგცეთ.
რა თქმა უნდა, არსებობს წესები და მეთოდები, რომლებიც სტაჟირების წარმატებულად გავლაში დაგეხმარებათ, მაგრამ პირველი ეტაპი სამოტივაციოს სწორად დაწერაა. ფაქტობრივად, ესაა მთავარი გასაღები, რომლითაც პროგრამაში შეღწევა უნდა შეძლოთ. არასწორად დაწერილმა წერილმა კი შესაძლოა, კონკრეტულ კომპანიაში კარი სამუდამოდ დაგიხუროთ. თუ არ გსურთ, რომ დასაქმების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ, ეს სტატია ძალიან დაკვირვებით უნდა წაიკითხოთ.
☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
ქვემოთ მოცემული 5 რჩევა სტაჟირების პროგრამისთვის სამოტივაციო წერილის დაწერაში დაგეხმარებათ:
1. იყავით კონკრეტული
ერთ კომპანიაში შესაძლოა თავს სხვადასხვა პოზიციაზე ხედავთ, მაგრამ სამოტივაციოს დაწერისას იყავით კონკრეტულები და ზუსტად განაცხადეთ, რა მიმართულებით გსურთ დასაქმება. ეს აჩვენებს, რომ თქვენ მართლა იცით, რა გსურთ და რატომ მიდიხართ იქ.
2. სწორად შეარჩიეთ სიტყვები
თქვენი სამოტივაციო წერილი უნდა ამტკიცებდეს, რომ კონკრეტული თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ, როგორც კვალიფიკაციის, ისე დამატებითი უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, წერილში თქვენი ყველა პლუსი უნდა ჩანდეს. მაგალითისთვის დავუშვათ, რომ სამუშაო მოითხოვს კონკრეტული პროგრამირების ენაზე საუბარს. დამაჯერებლობისთვის, თქვენ ის ტერმინოლოგია უნდა გამოიყენოთ და თქვენს ცოდნას გაუსვათ ხაზი.
3. უნარების ჩამოთვლისას იყავით კონკრეტული
შესაძლოა, თქვენ ძალიან ბევრი კარგი უნარი გაქვთ, თუმცა განა ყველა სჭირდება მოცემულ სამუშაოს? ცხადია, არა. წერილი რომ არ გადატვირთოთ, მხოლოდ იმ უნარებზე ისაუბრეთ, რომლებიც შემდგომი დასაქმების შემთხვევაშ გამოგადგებათ.
4. ისაუბრეთ იმაზე, თუ რას მოგცემთ სტაჟირება
ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაზე საუბარიც არ უნდა დაგავიწყდეთ არის ის, თუ რის გამო გსურთ კონკრეტულ კომპანიაში დასაქმება, რას მიიღებთ ამით. რა თქმა უნდა თქვენ ელით, რომ სტაჟირების დასრულების შემდეგ კომპანია სამსახურს შემოგთავაზებთ (ეს ვის არ უნდა?) , მაგრამ ნუ იქნებით ასე პირდაპირები. აღნიშნეთ, რომ ისეთ სივრცეში მუშაობა, როგორიც ეს კომპანიაა (თქვენ კარგად უნდა შეისწავლოთ კომპანიის მიღწევები, წვლილი, რათა ამაზე საუბარი შეძლოთ), თქვენთვის ახალი უნარების გამომუშავებისა და ცოდნის მიღების საშუალებაა. უნდა ჩანდეს, რომ თქვენთვის პრიორიტეტი სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლებაა.
5. კორექტურა
გახსოვდეთ, რომ რაც უნდა დამაჯერებელი და საინტერესო იყოს ნაწერი, გრამატიკული შეცდომები მკითხველს ავტორზე არასერიოზულ წარმოდგენას უქმნის. ამიტომ დასასრულს წერილი კარგად გადაიკითხეთ და აუცილებლად გაასწორეთ შეცდომები.